Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მარი ბექაური’

რა უნდა ქნა, თუ დედა ქრისტიანი გყავს, მამა – ებრაელი, შენ კი სკოლის დამთავრებას ელოდები, რომ რელიგია თავად აირჩიო? გვარიანი თავსატეხია, მე თუ მკითხავ. ჰო, კიდევ ისიც შეგიძლია, სულ არ აირჩიო და ეს ცოტა ამარტივებს საქმეს; მაგრამ ნიუ-იორკიდან ნიუ-ჯერსიში გადაბარგება რომ მოგიწევს, ახალ სკოლასთან შეგუება და საყვარელ ბებიასთან განშორება, ამას რა ვუყოთ? და თუ ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ სულ თორმეტიოდე წლის გაკნაჭული გოგო ხარ, მკერდი არაფრისდიდებით არ გეზრდება და ეს ოხერი მენსტრუაციაც არ ჩქარობს გამოჩენას, საერთოდ გაუსაძლისია ცხოვრება. რაღა დაგრჩენია ამდენი სადარდებელის გადამკიდეს, გარდა იმისა, რომ ღამღამობით, ოთახში ჩაკეტილი ღმერთს ელაპარაკო და ისეთი საჭირბოროტო საკითხი მაინც შეახსენო, მენსტრუაცია რომ არის. აბა, ნენსის და გრეჩენს უკვე დაეწყოთ და… გრეჩენს საერთოდაც ნული ზომის ლიფი აცვია, შეიძლება ითქვას, შესაშური მკერდის პატრონია.

ჰოდა, მარგარეტმაც რა ქნას – ელაპარაკება ღმერთს და დახმარებას სთხოვს ხოლმე; ხანდახან შეიძლება, საყვედურიც კი შეაპაროს: “მე შენ გეძებდი, ღმერთო. სინაგოგაშიც, ეკლესიაშიც და დღესაც, – აღსარების სათქმელად გეძებდი, მაგრამ შენ იქ არ იყავი. მითხარი, მაშინ რატომ არ მოდიხარ, როცა თავს მარტოდ ვგრძნობ ხოლმე?“

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს

ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს. (с) მარი ბექაური. რადიო “შოკოლადი”

“დიოგენეს” კოპწია მაღაზიაში ერთხელ მაინც თუ შეგივლიათ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ ერთი ძალიან კარგი გოგო – იქაურობის გულღია და დაუზარელი მასპინძელი.

თუ არ იცნობთ, შესაძლოა ვერც მიხვდეთ, რომ თავადაც მწერალია – მარი ბექაური.

კარგად მახსოვს, “ელექტროთაობით” გავიცანი – წიგნის ერთ-ერთ ფესტივალზე ვიყიდე. სხვადასხვა ტონალობაში დაწერილი მოთხრობებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მომეწონა და ავტორიც მოვინიშნე. მერე იყო “ბებია, რეი და ამერიკა” – სრულიად არაჩვეულებრივი, გადასარევი წიგნი, პირდაპირ გამომცემლობიდან რომ წამოვიღე შინ და პოსტიც უმალ გამოვაცხვე. თაროზე  “მეორე მხარეც” მეგულება და ამაზეც აუცილებლად დავწერ.

ოღონდ დღეს სულ სხვა ამბავს მოგიყვებით.

წიგნებზე კატასტროფულად ცოტას რომ ვლაპარაკობთ, სამწუხარო ფაქტია; რადიო “შოკოლადი” ამის გამოსწორებას თავგამოდებით ცდილობს და ყველა გაგებით ძვირფას საეთერო დროს ბიბლიოფილებს უთმობს. ლევან ბერძენიშვილის “წიგნებს”, დარწმუნებული ვარ, ყველა უსმენთ, სამიოდე კვირის წინ კი ახალი საავტორო პროექტი დაიქოქა “შოკოლადზე” – “ქალი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს”. სათაური, დამეთანხმეთ, მიმზიდველი და დამაინტრიგებელია, ავტორი და წამყვანი კი მარია.

(more…)

Read Full Post »

"ჩემი წიგნი"

“ჩემი წიგნი” (c) პირველი არხი, ეროვნული ბიბლიოთეკა, რატი ამაღლობელი, BBC

კვირას ძალიან მაგარ გადაცემას ვუყურე.

საღამოს ცხრაზე, გაგანია პრაიმტაიმში, არც კინო გამხსენებია, არც ფეხბურთი, არც ჩემი საყვარელი მულტფილმები; ვიჯექი და პირველ არხს თვალს ვერ ვაცილებდი.

არ გეგონოთ, პულტს ვაწვალებდი და მოულოდნელად გადავაწყდი რამე საინტერესოს –  წინასწარ მქონდა დაგეგმილი; ყველა სხვა გასართობი გადავდე და კარიც საიმედოდ მოვიხურე – ხელი არავინ შემიშალოთ-მეთქი.

ჩემი წიგნის” პირველი ნაწილი იყო და აბა, როგორ გამოვტოვებდი.

უჩემოდაც მშვენივრად გეცოდინებათ, მაგრამ ვაითუ გამორჩა ვინმეს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ – BBC-ს ტელეპროექტია – ყველა ქვეყანა თითო წიგნს ირჩევს და საქართველომაც თავისი ფავორიტი უნდა წარადგინოს.

ეს არაჩვეულებრივი ბიბლიოაურზაური 2 მარტს დაიწყო პრეზენტაციით და პირველი ეტაპი ოთხ თვეს გაგრძელდება; ფორმულა მარტივზე მარტივია – სრულიად საქართველო სამოც ყველაზე საყვარელ წიგნს შეარჩევს, მერე ამ სამოციდან თხუთმეტი დარჩება და სწორედ ისინი იბრძოლებენ  რჩეულთა შორის რჩეულის ტიტულისთვის.

(more…)

Read Full Post »

მოლის ორი დღე წიგნის ფესტივალზე

თბილისის წიგნის XV საერთაშორისო ფესტივალი, 23-26 მაისი, 2013

შენ ორი ხელფასი უნდა გქონდეს – ერთი წიგნებისთვის :)

რუსა

ღმერთმა წიგნის ფესტივალი ოთხდღიანი შექმნა – არსად იჩქაროო, სტენდებს შორის გულარხეინად ისეირნეო, ყველაფერი მშვიდად დაათვალიერეო, თუ რამე გამოგრჩა, სახვალიოდ მოინიშნეო.

ერთი ეგ არის, ჩემს სამსახურს ამაზე სულ სხვა აზრი აქვს და, ორ სადაგ დღეს ვინ ჩივის, შაბათსაც კი მხოლოდ ოთხი საათისთვის მოვახერხე “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ცხვირის შერგვა.

მეთხუთმეტე საიუბილეო ბიბლიოფორუმი სასიამოვნო სიურპრიზით დაიწყო – აკას “შენს თავგადასავალზე” დაწერილი საკონკურსო პოსტი გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა, ოფიციალურ კატალოგშიც მოხვდა და ასი ლარითაც დამიმძიმა საფულე. დამეთანხმეთ, ორგანიზატორებმა საფესტივალოდ დარაზმული ადამიანისთვის ზედგამოჭრილი პრიზი შეარჩიეს.

ჰოდა, იმას გეუბნებოდით, ნეტარი ბოდიალისთვის დრო ცოტა მქონდა-მეთქი და პირდაპირ საქმეზე გადავედი.

(more…)

Read Full Post »

მარი ბექაური. "ბებია, რეი და ამერიკა". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ლიტერატურული პოსტებისთვის ავტორებს არასოდეს ვარჩევ საგანგებოდ. ზოგჯერ სიახლეებზე ვწერ, ზოგჯერ კარგა ხნის წინ წაკითხული წიგნი მომხვდება ხელში, ან რაიმე ასოციაციის წყალობით გამახსენდება და ჩემეული იმპრესიების მკითხველისთვის გაზიარება მომინდება.

მარი ბექაურის “ბებია, რეი და ამერიკა“ “სულაკაურში” მორიგი სტუმრობისას ვიყიდე და მეორე თუ მესამე დღეს, სამსახურისკენ მიმავალმა, ჩანთაში ჩავაგდე. ვიფიქრე, თვალს გადავავლებ–მეთქი.

თვალის გადავლების რა მოგახსენოთ და კოხტა, ჭრელყდიანი პოკეტბუქი ორიოდე საათში შემომეკითხა. პირველი, რაც გამახსენდა, გრიბოედოვის ცნობილი, ლამის ანდაზად ქცეული გამოთქმა იყო: “Хорошо там, где нас нет”. ჰოდა, თუ მარი ბექაურს უნდოდა, ამ ფრაზის ჭეშმარიტებაში დავერწმუნებინეთ, ეს ძალიან ლაზათიანად გამოუვიდა.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: