Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘მაგნიტური სუვენირები’

weekend

ამქვეყნად ყველაზე მეტად ჩემი ბიბლიოთეკა, ჟოლოს ნაყინი და შაბათ-კვირა მიყვარს.

ბიბლიოთეკა და ნაყინი გასაგებია, მაგრამ შაბათ-კვირა აქ რა მოსატანიაო, მხარს აიჩეჩს, ალბათ, ვინმე.

თუმცა, შესაძლოა, არც არავის გაუკვირდეს, მით უმეტეს, მათ, ვისაც ჩემსავით აუტანელი რეჟიმი აქვს.

დილიდან გვიან ღამემდე რომ მუშაობ, ოციოდე გვერდის წაკითხვას მხოლოდ სამარშრუტოში ახერხებ და შინ დაბრუნებული, ტელევიზორს მხოლოდ იმისთვის რთავ, საფეხბურთო მატჩის ფონზე მკვდარივით რომ ჩაგეძინოს, რა გასაკვირია, თუ უიქენდს ციურ მანანასავით ელოდები.

მეც რა გული მომითმენს, ამ ბედნიერ დღეებზე ერთი პოსტი მაინც არ დავწერო და სტუმრებს მოლის ნეტარი უსაქმურობის ამბები არ გავუზიარო.

კართაგენელი ბლოგერების ძველთაძველი ანდაზაა – შაბათ-კვირისთვის მზადება პარასკევს უნდა დაიწყოო და, სულო ცოდვილო, მართალიც კია. ოღონდ, ამ ოხერი სამსახურის  გამო, პარასკეობით იმდენი საქმეა ხოლმე, მოსალოდნელი განცხრომით წინასწარ ტკბობას ვინ ჩივის, სახლისკენ ძლივს მოვლასლასებ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Affiche Cannes 1939

მოლი ბლუმის ბლოგის ერთგულ მკითხველს, ალბათ, ახსოვს ჩემი მაგნიტური კოლექცია. რვა დაფაზე განაწილებულ ლითონის, ხის და პლასტიკის ფიგურებს შორის ზოგი უბრალოდ ლამაზია, ზოგი – განსაკუთრებული ადამიანის საჩუქარია, ზოგი კი ისეთ ისტორიას ჰყვება, იოტისოდენადაც არ შეგრცხვება, პოსტად აქციო და გამოაქვეყნო.

ჩემმა მეგობარმა ნინომ წლევანდელი საზაფხულო შვებულების ნაწილი საფრანგეთში გაატარა. ცხადია, ვოიაჟს ლაჟვარდოვანი სანაპიროს გარეშე არ ჩაუვლია – კანსაც ესტუმრა და ხელს, საგანგებოდ ჩემთვის, სახელგანთქმული კინოფესტივალის აფიშით დამშვენებული მაგნიტიც გამოაყოლა. საჩუქარი, თავისთავად, მშვენიერი იყო – ძველი კინოპოსტერები ჩემი სისუსტეა. მიუხედავად ამისა, ალბათ, ძალიან კარგ, მაგრამ მაინც რიგით ექსპონატად ჩავთვლიდი, ერთი მცირე დეტალი რომ არა.

აფიშა კანის 1939 წლის ფესტივალისაა – იმ ფესტივალის, რომელიც არ ჩატარებულა.

(more…)

Read Full Post »

“მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ” – ამ კლასიკურ ფორმულას უამრავი ვარიაცია გააჩნია, მე კი ახალ, მოლი ბლუმისეულ ვერსიას შემოგთავაზებთ და ვიტყვი, რომ ადამიანს ყველაზე უკეთ მისი კოლექციები ახასიათებს.

ბავშვობაში შემგროვებლობისადმი არანაირ ინტერესს არ ვიჩენდი და ოცდაათ წელს ისე მივუკაკუნე, მონეტების, მარკების, ასანთის კოლოფების ან ღია ბარათების კოლექციაზე არც მიფიქრია. ალბათ, ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა ჩემი მეგობარი, რომელმაც 2008 წლის 8 სექტემბერს (ზუსტად მახსოვს) გერმანიიდან ერთი შეხედვით უპრეტენზიო და უწყინარი საჩუქარი -“Hofbräu”-ს გასახსნელის ფორმის მაგნიტი ჩამომიტანა. (უცნაური ის არის, რომ იმ დროს არც ლუდს ვეტანებოდი და ე.წ. “Fridge magnets” -ზეც ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა).

ვერ გეტყვით, ასეთი რა ხიბლი ახლდა გერმანულ სუვენირს, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღიდან დავკარგე თავიც და მოსვენებაც და ახლა, მაგნიტების ჩემსავით თავგადადებული კოლექციონერი მარტო თბილისში კი არა (გავკადნიერდები და ვიტყვი) მსოფლიოშიც ძნელად მოიძებნება.

(more…)

Read Full Post »

1961 წლის 15 აგვისტო. ბერლინი. საგანგებოდ მობილიზებული ძალები, მეორე დღეა, საბჭოთა საოკუპაციო ზონას ლითონის მავთულხლართს ავლებენ. გადაწყვეტილება მიღებულია –  ქალაქს შუაზე ყრუ კედელი გაჰყოფს.

19 წლის აღმოსავლეთგერმანელი პოლიციელი ჰანს კონრად შუმანი საბჭოთა და ფრანგული საოკუპაციო სექტორების საზღვარზე  მოწყობილ გამშვებ პუნქტთან მორიგეობს. ბერლინში ხმები დადის, რომ რუსები კედელს აგებენ და სექტორებს შორის გადაადგილება სულ მალე უკიდურესად გართულდება. ეს შუმანმაც იცის. საზღვარს იქით შეკრებილი ხალხი პოლიციელს ხელს უქნევს და აქეთ წამოდიო, ეძახის. შუმანი  გადაწყვეტილებას იღებს, მხრიდან ავტომატს იგდებს და მავთულხლართს ახტება.

იმ მომენტისათვის რაპინერშტრასეს და ბერნაუერშტრასეს კუთხეში რამდენიმე ფოტორეპორტიორი იდგა, მაგრამ კონრად შუმანის მოძრაობაზე რეაგირება მხოლოდ ჰამბურგული ფოტოსააგენტო “კონტი-პრესის” სტაჟიორმა პეტერ ლაიბინგმა მოასწრო. ახალბედა ჟურნალისტს გაუმართლა – სურათი მეორე დღესვე მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა,  Overseas Press Club -ის ვერსიით 1961 წლის საუკეთესო ფოტოდ აღიარეს, შემდგომ კი “ცივი ომის” ერთერთ სიმბოლოდ იქცა.

პეტერ ლაიბინგი “კონტი-პრესის” შტატში მიიღეს და ნეგატივის გაყიდვებიდან პროცენტებიც გადაუხადეს, მაგრამ ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ასეთი მნიშვნელოვანი სხვა არაფერი გადაუღია. კონრად შუმანს, წარმატებული გაქცევის შემდეგ, ბავარიაში დასახლების ნება დართეს, თუმცა დალხინებული ცხოვრება არც იქ ჰქონია. ექს-პოლიციელი სამშობლოში მოღალატედ და იმპერიალიზმის აგენტად შერაცხეს, დასავლურმა პრესამ პროპაგანდისტულ სათამაშოდ აქცია და მის თითოეულ ნაბიჯს გამადიდებელი შუშით აკვირდებოდა. შუმანი  დაქორწინდა, სამსახურიც იშოვა, მაგრამ ბოლოს დეპრესიის შემოტევას ვეღარ გაუძლო და 1998 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

P.S. ჩემს მაგნიტების კოლექციას ორი გერმანული მარგალიტი ამშვენებს. ერთი – გერმანიის სტილიზებული რუქაა, ბერლინის კედლის პაწაწინა ნამსხვრევით  და  შუმანის სილუეტით. მეორე – ამ ცნობილი ფოტოს მაგნიტური ასლი.

Read Full Post »

%d bloggers like this: