Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლუკა პოლარე’

luka polare Frozen yogurt

“ლუკა პოლარეს” პოლარული იოგურტი

ოდინდელი ადათია, ახალი ბლოგერული სეზონის პირველ დღეს მე და ჩემი ერთგული მკითხველები ვერანდაზე ან ზამთრის ბაღში ვიკრიბებით, მორიგ დელიკატესს ვაგემოვნებთ და ამბებს ვყვებით.

დღეს ამ ტრადიციას ოდნავ გადავუხვევ და სანაყინეებზე გიამბობთ. მოლის სანაყინეებზე. თუმცა გადახვევა არც ეთქმის – სასუსნავი და სანაყინე რამ გაყო. ზაფხული ისეთი ცხელი და გრძელი გამოდგა, სულ ცივ-ცივ რაღაცებზე გეფიქრება კაცს.

ვერ დამარწმუნებთ, რომ ბავშვობაში სანაყინე თქვენი უსაყვარლესი ადგილი არ ყოფილა ) არ ვიცი, იქნებ სადმე არიან კიდეც პატარები, რომლებიც ამ ყოველმხრივ გადასარევ დაწესებულებას გულგრილად ჩაუვლიან, მაგრამ მე არ შემხვედრია ) ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სანაყინე განსაკუთრებული დანიშნულების სტრატეგიული ობიექტი გახლდათ და სათამაშოების მაღაზიაში, თოჯინების თეატრსა და კინო “პიონერში” არ გამომერჩეოდა.

ჩემი პირველი სანაყინე ბათუმში, ბარათაშვილის და სტალინის კუთხეში იდგა – ყვითელ-ცისფერი შენობა კინო “თბილისის” წინ. შესასვლელ-გასასვლელი ცალ-ცალკე ჰქონდა და ამაზე ბევრს ვხალისობდი. მომცემდა დედა პარკს, ჩამიკუჭავდა ჯიბეში მანეთიანს და მივცუხცუხებდი სავაჭროდ. მანეთად ხუთი ცალი ოცკაპიკიანი პლომბირი მერგებოდა და იმ პლომბირზე გემრიელი არაფერი მეგულებოდა ამქვეყნად.

(more…)

Read Full Post »

ჯეიმს ჯოისის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კარგად მოეხსენებათ, რომ ყოველ წელს, 16 ივნისს, დუბლინში, ათასობით მადლიერი მკითხველი იყრის თავს და “ულისეში” ზედმიწევნითი სიზუსტით აღწერილ ლეოპოლდ ბლუმის გზას იმეორებს.

ბლოგის სტუმრებმა კი ასევე მშვენივრად იციან, რომ მათი მასპინძელი დიდი გურმანია, თუმცა მოლი ბლუმის გასტრონომიული ტურის შესახებ ბევრი არაფერი სმენიათ. მართალია, ეს მარშრუტი, ჯერჯერობით, არც ისე ცნობილია, სამაგიეროდ, უდაოდ გემრიელია და რაც მთავარია, შორეული ირლანდიის დედაქალაქში  კი არა, აქვე, ჩვენი მშობლიური თბილისის ქუჩებზე გადის.

სასუსნავებზე უარის თქმა ძალიან რომ მიჭირს, კარგა ხანია, არავისთვის აღარ არის საიდუმლო და მეც, ფავორიტ კაფე-რესტორნებში, თვიდან თვემდე, რაბლეს გმირებისათვის შესაფერი გულმოდგინებით დავსუსნსულებ.

მოლი ბლუმის კულინარიული მარშრუტი ნუცუბიძის ფერდობზე, პანატერიით იწყება. ამ მყუდრო და სტუმართმოყვარე დაწესებულების წყალობით, წლებია, პიცა სხვაგან არ გამისინჯავს. თუ შემთხვევით იმ მხარეს მოხვდებით და ჩემს გემოვნებას ენდობით, აუცილებლად შეუკვეთეთ “ცეზარი” ქათმის ხორცით და ლორით, ახლად გამომცხვარი, ცხელ-ცხელი საფირმო “როტონდა” დააყოლეთ და, რაც მთავარია, დესერტად უგემრიელესი ნამცხვრებიც არ დაგავიწყდეთ.

(more…)

Read Full Post »

 

პირველი სიგარეტი და  ნაღებიანი ყავის პირველი ჭიქა მიყვარს.

აჭარული ხაჭაპური მიყვარს.

დილის ძილი მიყვარს.

კუბოკრული სამოსი მიყვარს.

თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება მიყვარს.

და მერე თბილისში დაბრუნება მიყვარს.

კინო მიყვარს. სეანსის დაწყებამდე “ამირანის” ლიტკაფეში ყავის დალევა მიყვარს.

ლიტკაფეს “ჩუბიკა” და ნიგვზის ტორტიც მიყვარს.

შაბათ-კვირა მიყვარს.

ტრანსპორტში კითხვა მიყვარს.

ჩემი ახალი სათვალეც მიყვარს.

ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება მიყვარს.

უცნაური ფორმის ქუდები მიყვარს.

უცხო ქალაქში უმისამართოდ ხეტიალი მიყვარს.

ბათუმი მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: