Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლორდ ვეიდერი’

Tiramisù poster

მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?

მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.

(more…)

Read Full Post »

ა.ა. მილნი. "ვინი ფუუჰი". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2014მოლის საბავშვო ბიბლიოთეკის შესახებ თუ გსმენიათ რამე და ისიც იცით, რა გაფაციცებით ვადევნებ თვალს საგამომცემლო სიახლეებს,  არ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ერთი სული მქონდა, როდის იხილავდა დღის სინათლეს ალან ალექსანდრ მილნის “ვინი ფუუჰის” დიდი ხნის წინ შეპირებულ თარგმანი.

კვასკვასა ყვითელ სუპერში გამოპრანჭული ცინცხალი “ფუუჰი” ლამის გამოსვლის დღესვე წამოვაცუხცუხე შინ და პირველი, ერთობ ნოსტალგიური იმპრესიებიც მაშინვე გაგიზიარეთ – რა მომათმენინებდა… ჰოდა, ახლა შეგვიძლია ემოციები გვერდზე გადავდოთ და დეტალებს ჩავუღრმავდეთ – მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურის შედევრი უდავოდ იმსახურებს მეორე პოსტს.

ალბათ, იმით უნდა დავიწყო, რომ გადმოქართულებულ “ფუუჰს” საკმაოზე მეტხანს და მოთმინებით ველოდი, თუმცა ასეთი ლოდინი არც მღლის და არც მაღიზიანებს – მირჩევნია, ცოტა მოვითმინო და ხარისხიანი პროდუქტი ვიგდო ხელთ; ეს ჩვენი “ფუუჰი” კი მართლა ჩინებული რამ არის  – დარწმუნებული ვარ, ამაში ყველაზე წუნია მკითხველიც კი ვერ შემომედავება.

ჯერ მარტო ილუსტრაციებია ისეთი, თვალიერებით ვერ გაძღები. ბლოგოსფეროს პირველმა ფუუჰოლოგმა, ლორდმა ვეიდერმა, სურათით იცნო – ერნესტ შეპარდის ნახატებიაო. არა, ქართველ ილუსტრატორებზე ძვირს რა მათქმევინებს, მაგრამ ორიგინალი მაინც მირჩევნია და რა ვქნა…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: