Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლოგოს პრესი’

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე – 23 აპრილი –  ხუთშაბათს უწევს, სამუშაო დღეს.

მაინცდამაინც ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. წიგნის დღეებს, ფესტივალებს, კინოპრემიერებს და ამგვარ სიამოვნებებს, მოგეხსენებათ, აჩქარება და გადარბენები არ უხდება. ჯერ კარგად უნდა გამოიძინო, ნება-ნება აიზლაზნო, მშვიდად ისაუზმო, კომფორტულად გამოეწყო, განუყრელი ზურგჩანთა საგულდაგულოდ დააცარიელო და პავილიონებს მიაშურო…  იქაც მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ათვალიერო. ერთი წრე, მეორე, მესამე… ისიც უნდა გაითვალისწინო, რამდენი ნაცნობი შეგხვდება და ისე როგორ ჩაუვლი გვერდს, შენაძენი არ შეუთვალიერო :) მერე სადმე წახემსებაც უნდა მოასწრო – ახალნაყიდ წიგნებს ცხელი პიცა აკვდება ზედ. მოკლედ, წამდაუწუმ საათზე საყურებლად არ უნდა გქონდეს საქმე.

საათზე ყურებას და პიცა-ბრეიკს ვინ ჩივის, ხუთშაბათს დილიდან ღრმა საღამომდე ვმუშაობ, თან ისეთი მძიმე კვირა მაქვს, პრეზენტაციებისთვის კი არა, მგონი, ყავის მოსახარშად არ მეცლება.

არა უშავს. აქ მოვიოხებ გულს და წიგნის საერთაშორისო დღეს ბლოგზე მაინც აღვნიშნავ. თან თქვენც იხეირებთ – მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ, სხვა თუ არაფერი, წინასწარი სიის შედგენასა და მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაში მაინც წაგეშველებით. ჰო, არ დამავიწყდეს: წიგნის დღე წელს ვაკის პარკში ტარდება. სტენდებს და კარვებს სუფთა ჰაერზე გაშლიან, პრეზენტაციებს კი ვაკის მედიათეკა უმასპინძლებს.

(more…)

Read Full Post »

10801624_886407858058316_5753091907683268857_n

თბილისის წიგნის დღეები აგერ, ახლახან ჩავათავეთ,  ახალი წიგნები ბევრს თაროებზეც არ ექნებოდა შელაგებული, რომ უკვე მორიგი ბიბლიოორგია მოგვადგა კარს – წიგნის საახალწლო ფესტივალი “თბილისი მოლში”. გადასარევი ამბავია, სხვათა შორის – რაც მეტი, მით უკეთესი.

ბოლო ბიბლიოაურზაური, თავადაც შეამჩნევდით, უფრო ფასთაცვენაზე, ფასდაკლებებზე, მსუყე დისქაუნთზე იყო ორიენტირებული. საახალწლო ფესტივალზე, როგორც ჭეშმარიტ ზეიმს შეეფერება, ბევრი სიახლეა.  ჰოდა, ერთი გზამკვლევი, ვფიქრობ, არ გვაწყენს – პრიორიტეტებსაც თავიდანვე განვსაზღვრავთ და ბიუჯეტსაც უკეთ გავანაწილებთ.

სრული და ყოვლისმომცველი კატალოგი ვარო, ეს პოსტი ვერ დაიჩემებს – არც ადგილი მეყოფა საამისოდ და მაინცდამაინც საჭიროებასაც ვერ ვხედავ. მარტო ის მინდა, მოლისთვის საინტერესო წიგნებზე გიამბოთ; დანარჩენს თავადაც მშვენივრად მიხედავთ – აქ ისეთი გამოცდილი მკითხველი იყრის თავს, გამომცემლობების პრაისლისტებში ბარე ორ კონსულტანტზე უკეთ რომ ერკვევა.

მოკლედ, ვახსენოთ ღმერთი და მივყვეთ მოლის საახალწლო სიას.

(more…)

Read Full Post »

50 საბავშვო ლექსი "ლოგოს-პრესი"

50 საბავშვო ლექსი
“ლოგოს-პრესი

პროზა პოეზიას რომ მირჩევნია, მგონი, ათასჯერ მითქვამს და ბლოგსაც ეტყობა. სქელ-სქელ რომანებში, ზღაპრებსა და ბიბლიოსერიებში ათასში ერთხელ თუ გამოერევა “პოეტური” ბლოგპოსტი. ოღონდ, რაზეც ვწერ, ყველა ერთიმეორეზე უკეთესია.

არადა, ბავშვობაში ასე არ იყო. ლექსები, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიანაც მიყვარდა.

მაყვალა მრევლიშვილის ყდაშემოცვეთილი, კითხვისგან გაცრეცილი კრებული მქონდა, მურმან ლებანიძის საყვარლად მოხატული “ლიხს იქით და ლიხს აქეთ”, გივი ჭიჭინაძის საბავშვო პიესები, შოთა ამირანაშვილის გალექსილი გამოცანები და შარადები. “დილას” ერთგული მკითხველიც გახლდით და ნომერი ისე როგორ გამოვიდოდა, კოხტად დასურათებული რამდენიმე ძველი და ახალი საბავშვო ლექსი არ დაბეჭდილიყო…

მოკლედ, მოლის იმდროინდელი ბიბლიოთეკა საბავშვო პოეზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა და, ალბათ, ძველი სიყვარულის ბრალია, თანამედროვე კრებულებს გულგრილად რომ ვერ ვუვლი გვერდს.

ამას წინათ “ბიბლუსიდან” “ლოგოს პრესის” ცინცხალი გამოცემა წამოვაყოლე ხელს. ყველაზე პატარებისთვის არისო, კონსულტანტმა გამაფრთხილა. სწორედ ეს მჭირდება-მეთქი, გავუღიმე. ისე გამომხედა, აშკარად ეგონა, რომ სამი თუ არა, ერთი ონავარი მაინც მელოდებოდა შინ :)

(more…)

Read Full Post »

Tbilisi Book days 2014

Tbilisi Book days 2014

მაისში, წიგნის ფესტივალზე, გემახსოვრებათ, ხმა გავრცელდა: რაღაც ამდაგვარი წლის ბოლოსაც ჩატარდებაო, ოღონდ კონკრეტული არავის არაფერი დასცდენია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თბილისის წიგნის დღეები ბიბლიოფილებს ღრმად სასიამოვნო სიურპრიზად დაატყდა თავს.

ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო და შემოდგომის  ბოლო უიქენდის გეგმების გადაწყობაც ფორს-მაჟორულ რეჟიმში მომიხდა.

წიგნის ფესტივალი ღმერთმა ოთხდღიანი შექმნა – არ იჩქარო, ოთხივე გამოიყენეო. ჩემს სამსახურს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რატომღაც, განსხვავებული მოსაზრება აქვს და ხუთშაბათ-პარასკევს “ექსპოს” სტუმართმოყვარე პავილიონებში ატეხილ თუხთუხს და რიარიას შორიდან ვადევნებდი თვალს, გაავებული და გაბოროტებული. არა, წიგნები კი მომიცუხცუხეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვა რომ გაგეგზავნება ერთია და შენ რომ დაბოდიალობ სტელაჟებს შორის – მეორე…

(more…)

Read Full Post »

gombrich books

კაცი არ მეგულება, ბავშვობაში დაბრუნება არ უნდოდეს. მეც ასე ვარ – დროდადრო მომეძალება ხოლმე ამის სურვილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისეთ წიგნს წავაწყდები, ერნსტ გომბრიხის “მსოფლიოს მოკლე ისტორია მოზარდებისთვის” რომ არის.

არა, მოზრდილებმაც რომ წაიკითხონ, განა რამე დაშავდება, მაგრამ სულ იმას ვფიქრობ, ოციოდე წლით ადრე რომ ჩამვარდნოდა ხელში ასეთი სასუსნავი, რა ბედნიერი ვიქნებოდი.

აი, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ – კარგი წიგნები, მითუმეტეს – ამდენი საინტერესო და საჭირო ინფორმაციით გაძეძგილი, სანთლით კი არა, ჩირაღდნით რომ იყო საძებარი და საათობით რომ ვიქექებოდი ხან ბიბლიოთეკების მტვრიან საცავებში, ხან ნათესავ-მეზობლების თაროებზე და სადმე რამე მსგავსი დამხვედროდა, სადაც ყველაფერი, რის შესახებაც ნაწყვეტ–ნაწყვეტ ან ყურმოკვრით ვიცოდი, დალაგებულ–დავარცხნილი და კოხტად ჩამოწიკწიკებული იქნებოდა: ნეანდერტალელი ადამიანი გინდა თუ იულიუს კეისარი, სოლომონ ბრძენი თუ კლეოპატრა, ნაპოლეონი თუ ფრიდრიხ ბარბაროსა, პირამიდები თუ ბაბილონის გოდოლი, რაინდები თუ მეკობრეები, სპარტელები თუ ტროელები… რაზეც გნებავთ, იმაზე დაგენაძლევებით, რომ ჩემზე განათლებული და დელფოს ორაკულივით ყოვლისმცოდნე ბავშვი მეორე არ იქნებოდა იმ არემარეზე. სხვათა შორის, არც ჩემზე კმაყოფილი და ცოტა გაბღენძილიც :)

(more…)

Read Full Post »

თბილისის წიგნის ფესტივალი – ის, რაც არ უნდა გამოგვრჩეს

pragis sasaflao cover

ასეთ პოსტებს, დამეთანხმებით, გემრიელი შესავალი უხდება, მაგრამ დღეს იმდენი მაქვს საწერი (თქვენ კი – წასაკითხი), რომ სიტყვაკაზმულობით თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ საქმეზე გადავალ. ხელების ფშვნეტის და პირის ჩატკბარუნების დრო არ არის.

* * *

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალი რომ დაიწყო და ოთხი დღე გაგრძელდება, ცხადია, გეცოდინებათ. ამ ოთხი დღიდან ორი რომ სადაგია, ესეც. ასე რომ, ოფისებში გამოკეტილი ბიბლიოფილები კინკილა შაბათ-კვირის იმედად დავრჩით, რაც “ექსპო-ჯორჯიას” წიგნებით დახუნძლული მეთერთმეტე პავილიონის მოსარბენად კატასტროფულად ცოტაა. ჰოდა, ამ თითქმის შეუსრულებელი მისიის შესასრულებლად საგულდაგულოდ გაწერილი საფესტივალო გეგმაა საჭირო – რა გვინდა და სად ვეძებოთ. თორემ ერთიც იქნება, ნიუსებში მოხვდები – აჩვენებენ, როგორ დარბის ზურგჩანთააკიდებული ბლოგერი სტენდებს შორის და როგორ ჩურთავს წიგნებს ზედ დაუხედავად.

ერთი თვეა, გამომცემლობების წინასაფესტივალო მზადებას ვადევნებ თვალს და, მინდა გითხრათ, ასეთი მრავალფეროვნება არც შარშან ყოფილა და არც შარშანწინ. იმდენი სიახლეა, მარტო ჩამოთვლა დაგღლის. ჰოდა, ბარემ მეც შევიმსუბუქებ საფესტივალო ტვირთს და თქვენც გამოგადგებით – იმ წიგნებზე მოგიყვებით, რომელთა გამოტოვებაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, არ ღირს.

(more…)

Read Full Post »

წიგნები, რომლებსაც აპრილში ველოდებით

firm coverმოლის ბლოგზე, ამ ბოლო დროს, ერთი სასიამოვნო და სასარგებლო ტრადიცია დამკვიდრდა – თქვენი მასპინძელი დროდადრო გამომცემლობებს ეხმიანება და მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო სიახლეების გრძელზე გრძელი სია მოაქვს.

დღეს იმ წიგნებზე ვაპირებ მოყოლას, აპრილის თვეში რომ გამოჩნდება მაღაზიებში და, ბიბლიოფილებო ამა ქვეყნისა, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგრჩეთ.

პალიტრა L“-ს გონკურის პრემიის ახალი მფლობელის – მიშელ როსტენის “შვილი” გადმოუქართულებია; 21 წლის გარდაცვლილი ბიჭის ამბავი, თავად რომ ყვება სიკვდილის შემდეგ, ამო საკითხავი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინ თქვა, რომ წიგნები მხოლოდ გასართობად იწერება? თემაა ისეთი, გულგრილად გვერდს ვერ აუვლი; ავტორსაც უვარგია – საუკეთესო დებიუტისთვის გონკურს ასე ჰაიჰარად არავის აძლევენ; ჰოდა, ვნახოთ და განვსაჯოთ.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: