Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლიტერატურული პრემია “საბა”’

 

20140921_213706

ჩემი “საბა”

არ მგონია, ვინმეს დავიწყებოდა, მაგრამ მაინც იმით დავიწყებ, რომ ხვალ “საბაა“, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, რუსთაველის თეატრში და “რუსთავი-2”-ის ღია ეთერში, ოცდაორში ოცდაორზე.

საერთო აზრი “საბაზე” კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს – წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, “საბაზე” მაინც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ყველაზე დაწვრილებით განიხილავენ, შორთლისთში მოხვედრა ყველაზე მეტად უხარიათ და გამარჯვებითაც ყველაზე მეტად ამაყობენ.

ჰოდა, მოლი ამ ამბავს როგორ გამოტოვებდა. მით უფრო, ჩანთაში კუწკუწა მოსაწვევი უდევს და ორშაბათს ნომინანტებზე ნაკლებად არ ელოდება :). სანამ წლევანდელი ტრიუმფატორების ვინაობა გაგვიგია, მოდი, ერთად გადავხედოთ ნომინანტთა სიას – რა გვაქვს და რას ველით.

შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ და ძალიან მოკლედ – ფორმატზე: ჯერ ლონგლისტი ივსება მთელი წლის ლიტერატურული მონაგარით, მერე მკაცრად გასაიდუმლოებული ჟიური არჩევს რჩეულთა შორის რჩეულებს – შორთლისტს და ბოლოს უკვე – ლაურეატებს.

ვიდრე საქმეზე გადავალ, რამდენიმე აუცილებელი განმარტება უნდა გავაკეთო. რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო :)

შორთლისტში ჩემი მეგობრებიც არიან, ადამიანები, რომელთა წარმატებაც გულით მახარებს და ყოველთვის და ყველგან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ახლა ზედმიწევნით ობიექტური ვარ – წიგნებზე ვყვები და სხვანაირად არ გამოვა, ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს, პირადი გრძნობები გვერდზე უნდა გადავდო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Anika Meqanikuri-ს ფოტო

Anika Meqanikuri-ს ფოტო

რა უნდა მიაყოლო ჩაის?

გემრიელი კექსი, ტკბილზე ტკბილი ბაქლავა, შეფიცხებული, ყველით გაძეძგილი ხაჭაპურის ნაჭერი… თონის პურიც არ არის ურიგო, სქლად გადასმული სოფლის კარაქით და ზემოდან შემოსკუპებული სულუგუნით…

წიგნის მიყოლება თუ გიცდიათ?

აი, რომ ზიხარ შენთვის, არსად გეჩქარება, ნეტარი უსაქმურობით ტკბები, ჟოლოსმურაბიან ჩაის სვამ ნება-ნება და გემრიელ წიგნს აყოლებ. დამიჯერეთ, არაფრით არის ტორტის ნაჭერზე ნაკლები )

ჰოდა, ერთ ასეთ წიგნზე უნდა მოგიყვეთ, პირის ჩასატკბარუნებელსა და ყელის ჩასაკოკლოზინებელზე.

თავიდანვე გეტყვით: სადებიუტო კრებულია და ერთიორად საინტერესოც – საუკუნეა, ახალი მწერალი არ შემხვედრია და ასე არ მომწონებია.

რუსუდან რუხაძე ბოლო “წეროზე” გავიცანი. მე ჩემი ფავორიტი მყავდა, რუსოს გადასარევი “Make My Demons Run“, მაგრამ  კონკურსანტები მაინც გულდასმით გადავათვალიერე და ჩამონათვალში “ადა და ევას” მოვკარი თვალი.

(more…)

Read Full Post »

აკა მორჩილაძე. "შენი თავგადასავალი". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2003

თქვა ამ კაცმა, მწერლობას არ ვაპირებ, წერაში მიშლის ხელსო, მაგრამ რად გინდა – მაინც არ ვეშვებით, თანამედროვეობის ერთერთ ყველაზე პოპულარულ ავტორად მოვიხსენიებთ, ხან დაფნის გვირგვინებს და პალმის რტოებს ვაჩეჩებთ, ხან ქვებსაც ვესვრით (დათა თუთაშხიასი არ იყოს, არ შეგვიძლია უმაგამბავოდ და რა ვქნათ); ერთი ეგ არის, სერიოზული ეჭვი მაქვს, თავად აკა მორჩილაძეს არც პირველი ენაღვლება და არც – მეორე. მოკალათებულა თავისთვის, მყუდროდ და აწკაპუნებს კლავიატურას. ისე, სულ მგონია, რომ სადღაც, ძველთაძველ, ბუხრიან-ხალიჩებიან სახლში წერს, სადაც კედლებზე თოფ-იარაღი და წინაპრების ფოტოები ჰკიდია.

ოღონდ, გაბრაზებული წერს ნამდვილად. იმიტომ, რომ “შენი თავგადასავალი“ ძალიან გულმოსული წიგნია, პირთამდეა გაძეძგილი ოთხმოცდაათიანების აგრესიით, ტკივილით, შიშითა და ბოღმით; ნარკოტიკით გაბრუებული გონების წარმოსახვა ისეთ ასოციაციურ და ლიტერატურულ კოქტეილს ქმნის, ცალი თვალით გეტირება, ცალით – გეცინება…

(more…)

Read Full Post »

გიო მგელაძე. SMS გამომცემლობა "საუნჯე". თბილისი, 2013

ათიოდე დღის წინ, “ფეისბუქზე” მოსაწვევი მომივიდა – გიო მგელაძის მოთხრობების კრებულის პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.

ჩვენი ავტორებისა და გამომცემლობების წყალობით, ახალ-ახალი სასუსნავის დასაგემოვნებლად კვირაში ერთხელ მაინც იშლება სუფრა, მაგრამ ყველგან მისვლას ვერ ვახერხებ – ოხერი სამსახურის ამბები თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

ოღონდ, აქ წაუსვლელობა არაფრით იქნებოდა. თავგადადებული სინემანიაკი ნამდვილად არ გახლავართ, მაგრამ “არა, მეგობაროს” შესახებ ჩემნაირ უვიცსაც კი სმენია და ცნობილი რეჟისორის ლიტერატურული დებიუტის გამოტოვება არც მიფიქრია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოწვევა დიდი მადლობებით მივიღე და ივენთ-ლენტს დავუყევი. აბა, რა ხდება, ხალხი რას ამბობს-მეთქი…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: