Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ლიკა ჩაფიძე’

დარწმუნებული ვიყავი, რომ ასტრიდ ლინდგრენზე ახალს ვეღარაფერს  დავწერდი – ათასჯერ მითქვამს და მომიყოლია მის პერსონაჟებზე, სიკეთით, სინათლითა და სითბოთი სავსე სამყაროზე, ბედნიერებაზე, რომელსაც გვჩუქნიდა თავისი ჯადოსნური წიგნები ყოველი ფურცლიდან… ასე ვფიქრობდი და თურმე შევცდი – უცებ აღმოვაჩინე, რომ თითქმის არაფერი მითქვამს თავად ფრუ ასტრიდზე – ადამიანზე და არა მწერალზე.

ვითომ ახლა ეგ რამ გაგახსენაო, მკითხავთ ალბათ. რამ და – რამდენიმე დღის წინ “ინტელექტის“ გამოცემული წიგნი დამხვდა შინ – “შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“. ეპისტოლარულ ჟანრს ეჭვის თვალით თუ უყურებთ, სკეპტიციზმი, ცოტა ხნით, გვერდზე გადადეთ – სულ ტყუილად იწუნებთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ამ წიგნის ასაკობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, იმ მოზარდებმა წაიკითხონ, დილაობით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლის წინ, ბებიები ცალი ხელით კვერცხს რომ უთქვეფენ შებრაწული ომლეტისათვის, მეორე ხელით კი ფორთოხალს უფცქვნიან; ამასობაში დედები გაუთოვებულ ტანსაცმელს ულაგებენ საწოლზე, მამები კი გზისა და ლანჩისთვის განკუთვნილ ფულს უჩურთავენ ჯიბეში; ნამძინარევი თვალების ფშვნეტით რომ მიიზლაზნებიან სასწავლებლებისაკენ და გულში ფიქრობენ, რა უსამართლოა ცხოვრება, რომელიც გაიძულებს, საუკეთესო წლები მერხზე ჯდომასა და პედაგოგების ჩიჩინის მოსმენაში გაატარო.

არ გეგონოთ, ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე – თავის დროზე მოსწავლეც გახლდით, სტუდენტიც, სათვალიანი ბებიაც ფუსფუსებდა სამზარეულოში, მზრუნველი მშობლები კი, ღვთის წყალობით, ახლაც მყავს. ჰოდა, ხშირად ზუსტად სხვებივით მეზარებოდა თბილი ლოგინის დატოვება; ან რა დროს მენდელეევის ტაბულა და გეომეტრია იყო, როცა მეზობლის კარადაში რამდენიმე წაუკითხავი წიგნი მეგულებოდა.

ისლამურ ქვეყნებში ქალების ყოფისა და სწავლა-განათლების შესახებ მაშინაც მსმენოდა, ახლა, თავისთავად, მეტი ვიცი, მაგრამ იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ალბათ, მაინცდამაინც არ დავფიქრდებოდი, “მე ვარ მალალა“ რომ არა.

არ მინდა, აჟიტირებული და პათეტიკური ვეჩვენო ვინმეს, ზედმეტ პათოსს ყოველთვის სიყალბის იერი დაჰკრავს ხოლმე, მაგრამ ისიც არ ვიცი, სხვანაირად, ნაკლებ ემოციურად როგორ დავწერო ამ პატარა გოგოზე, რომელმაც სწავლის წყურვილის გამო სიკვდილს ჩახედა თვალებში და მაინც არ შეეშინდა; არა, ალბათ, შეეშინდა კიდეც, აბა, რა იქნებოდა, პისტოლეტმომარჯვებულმა კაცმა რომ იკითხა, მალალა რომელიაო.

(more…)

Read Full Post »

რუდოლფ რასპე. ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი. თამარ ბაქრაძის ილუსტრაცია. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2012

პოლიტიკური ორომტრიალის მიუხედავად, ბიბლიოფილებს ნამდვილად არ გამოგრჩებოდათ, რომ კვირას პრემია “გალას” საზეიმო დაჯილდოვებაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი ნომინანტებს და სტუმრებს წელს მეექვსედ უმასპინძლებს.

ცერემონიას ალბათ ვერ დავესწრები – ჩემი ნეტარი უიქენდი უკვე დაგეგმილი მაქვს. თუმცა, ხელს არავინ გვიშლის, ორიოდე კვირის წინ გამოქვეყნებულ შორტლისტს თვალი გადავავლოთ და ერთმანეთს მოლოდინები გავუზიაროთ. ჩამონათვალში ისეთი გემრიელი წიგნებია მოხვედრილი, დარწმუნებული ვარ, სათქმელი ყველას მოგვეძევება.

“გალას”, მოგეხსენებათ, ხუთკაციანი ჟიური ჰყავს, ლიტერატურული გემოვნება კი იმდენად ინდივიდუალური რამ გახლავთ, ლაურეატთა გამოცნობას არც ვეცდები. უბრალოდ, იმით ვისარგებლებ, რომ ნომინანტ გამოცემათა უმრავლესობა ბიბლიოთეკაში მიდევს და მხოლოდ საკუთარ იმპრესიებს გაგიზიარებთ.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, ზედმეტიც კი იქნება იმის ახსნა, როგორ მოუთმენლად ველოდი წლევანდელ წიგნის ფესტივალს. მართალია, ჭირვეული კალენდრის წყალობით, პირველი ორი დღე სამუშაო გამოდგა, მაგრამ ამას ჩემთვის ხელი ოდნავადაც არ შეუშლია. სამსახურში ადრიანად მივქანდი, გადაუდებელი საქმეები მოვაგვარე, მერე უმანკო სახით გამივიკეტე კარი, ფეხაკრეფით ჩავუარე ქაღალდებში თავჩარგულ თანამშრომლებს და ორი საათისთვის უკვე “ექსპო ჯორჯიას” ხეივანში მივსუნსულებდი კისერწაგრძელებული.

ბიბლიოფილების ფორუმს წელს ერთდროულად ორი პავილიონი მასპინძლობს – მეექვსეში ‘პალიტრა L”-ია დაბანაკებული და შესასვლელთან იმხელა რიგი დგას, თვალის ერთი შევლებითაც მიხვდებით, რომ “მაკულიტერატურამ” გაამართლა. თუ ამ კრეატივის შესახებ არაფერი გსმენიათ, ახლავე მოგახსენებთ – სწორედ ის დროა, ხელები დაიკაპიწოთ, დატრიალდეთ და კარადებიდან თუ თაროებიდან კარგა ხნის მივიწყებული და გამოუსადეგარი წიგნები გადმოალაგოთ. თუ ამგვარი მაკულატურა ხუთ კილომდე მაინც მოგიგროვდათ, ჩათვალეთ, რომ უკვე ერთი ახალი წიგნის ბედნიერი მფლობელი ბრძანდებით.

ფესტივალის ეპიცენტრი მაინც მეთერთმეტე პავილიონში მეგულებოდა და მეც იქ შევრგე თავი. ღონისძიება ოფიციალურად უკვე გახსნილი იყო და ფერად-ფერადი სტელაჟების ირგვლივ მკითხველი ფუტკარივით ზუზუნებდა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: