ცოტა უცნაური კია, ფავორიტი მწერლის გაცნობას ფილმით რომ იწყებ, მაგრამ ასე იყო და რა ვქნა, ტყუილს ხომ არ ვიტყვი.
დიდი ხნის წინ, სოფელში ვნახე, ადამისდროინდელ შავ–თეთრ ტელევიზორში. შონ კონერი, გულის ამაჩუყებლად ნორჩი კრისტიან სლეიტერი და ერთი გადასარევი გოგო, რომლის ვინაობა დღესაც არ ვიცი. ფილმს “ვარდის სახელი” ერქვა და, როგორც მერე გავარკვიე, უმბერტო ეკოს რომანის მიხედვით იყო გადაღებული.
იმ დროს რომანები კი არა, სახელმძღვანელოები ჭირდა და “ვარდის სახელს” სად ვიპოვიდი; ისევ საჯაროს საცავებში გულმოდგინე ქექვის შემდეგ მივაგენი ძველ რუსულ თარგმანს წითელი ყდითა და ურიცხვი კომენტარით; აკადემიური გამოცემა იყო, ეგრე კი ნუ უყურებთ.
მერე ბიბლიოფილმა მეგობარმა A4 ფორმატის ფურცლებზე მიკროსკოპული შრიფტით ამობეჭდილი “ფუკოს ქანქარა” მათხოვა და, მგონი, იმ “ქანქარას” გადაყვა კიდეც ჩემი მხედველობა, მაგრამ არ ვნანობ, დედას გეფიცებით – აშკარად ღირდა.
სამაგიეროდ, ახლა ეკოს წიგნები “ქინდლშიც” მაქვს და ყველაზე საპატიო თაროზეც მიწყვია.