Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კულინარია’

ამბობენ, დრო მიფრინავსო და ძნელია, არ დაეთანხმო, რაც ხედავ, რომ ბლოგის მორიგი სეზონი თვალსა და ხელს შუა დასასრულს უახლოვდება. ცოტაც და ერთმანეთს შემოდგომამდე დავემშვიდობებით, ჰოდა, მასპინძელი რისი მასპინძელია, გამოსათხოვარ თავისდაკვრამდე ვერანდაზე ერთი ჟრიამული არ მოაწყოს.

სიმართლე გითხრათ, ზაფხულივით ცხელი მაისის შემხედვარე, რამე ჩაციებული კერძის მომზადებაზე ვფიქრობდი, მაგრამ დილანდელმა წვიმამ და სიცივემ გეგმები თავდაყირა დამიყენა. სახელდახელოდ მომიწია პროდუქტებზე სირბილმაც და ამიტომაა, გამზადებული კერძის ნაცვლად დაკაპიწებული მკლავებით რომ გეგებებით, თანაც ტრადიციისამებრ ვერანდაზე კი არა, სამზარეულოში გეპატიჟებით.

ახლა, ფუმფულა პლედებს, ბალიშებსა და მოხერხებულ სავარძლებს აქ ვერ შემოგთავაზებთ, სამაგიეროდ, კოხტა დივანი და ხის საზურგიანი სკამები თქვენ განკარგულებაშია. როგორც გესიამოვნებათ, ისე მოკალათდით, მე კი ქურასთან ტრიალს გავაგრძელებ, თან სანამ გაგიმასპინძლდებოდეთ, ამ თითებჩასაკვნეტი კერძის ისტორიას გიამბობთ ორიოდე სიტყვით.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ვის არ გამოგვიცდია შიმშილი – კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი მტერი, გამოგვიცდია და თანაც როგორ – ადრინდელ პოსტში ვწერდი, გაგანია დიეტის დროს როგორ აღმოვაჩინე საკუთარი თავი სამსახურის სასადილოსაკენ ბურატინოსავით გრძელი ნაბიჯებით მიმავალი, კბილებში საფულით. დაუმარცხებელი ვინმეა, რომ ვერ მოერევი, ისეთი, თუმცა ერთ გოგოს ვიცნობ, რომელმაც კუდით ქვა ასროლინა:

„ბოლოს მე მოვკალი შიმშილი,

მაინც წავაცალე ის თავი

– მშიერთა ტირილით გალეშილს.

ნისლ-სარჩულ, მთვარე ღილ-ღამეში

მოვდივარ

შიმშილთან მებრძოლი რაინდი –

ახალი გილგამეში.“

დიანა ანფიმიადი ჰქვია ამ გოგოს. ერთი პატარა წიგნი დაწერა, “წინასწარმეტყველება მურაბით“ დარქვა და პიონერთა სასახლის კიბეებზე ნაჭამი თაფლაკვერით რომ დაიწყო, მოაყოლა და მოაყოლა ერთმანეთს კერძების თავბრუდამხვევ სურნელში გახვეული მოგონებები თუ პატარ-პატარა ამბები.

(more…)

Read Full Post »

classic-lasagna

უნამუსოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის შედევრზეც გიამბეთ და ორიოდე წიგნზეც, მაგრამ გულს მაინც რაღაც აკლდა, რაღაც არ მასვენებდა და როგორც იქნა, მივხვდი – სტუმრების აურზაური მომნატრებია, ბუხართან. ჰოდა, წვეულების მოწყობას რაღა უნდოდა – ერთი შეძახილი და… უკვე მესმის ვერანდაზე ფეხების ბაკუნი. მობრძანდით, გეთაყვა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, შეგიძლიათ, ისიც დაივიწყოთ, რომ სტუმრად ხართ და შეშის შემოზიდვაში მომეხმაროთ – დღეს განსაკუთრებით აგვიცივდა. თუმცა, როდის იყო, მოლის სტუმრებს ქარი და ყინვა აშინებდათ – სამზარეულოში ჩაიდანი უკვე თუხთუხებს, ბარში კი გაცილებით მაგარი სასმელებიც მომეძებნება.

იმაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, როგორ მიხარია თქვენი ნახვა – თავს არ შეგაწყენთ, თანაც, როგორც კი დაინახავთ, რა რთულად მოსამზადებელ კერძს შევეჭიდე თქვენი ხათრით, ამას ისედაც მიხვდებით. აი, უკვე გამოვიღე კიდეც ღუმლიდან, ახლა კოხტად დავჭრი, თეფშებზე ჩამოვარიგებ და შეგვიძლია, სუფრასაც მივუსხდეთ.

ოჰო, ისეთი აღტაცებული შეძახილები გამოიწვია ჩემმა კულინარიულმა შედევრმა, რომ აშკარაა, ეს კერძი მარტო მე და კატა გარფილდს არ გვყვარებია – თქვენც ლაზანიის თაყვანისმცემელთა რიგებში ბრძანებულხართ.

(more…)

Read Full Post »

ჟურნალები როგორ მიყვარს, ხომ იცით. ახალ ჟურნალს, “ჰიდრომელიორატორის მაცნეც” რომ იყოს, აუცილებლად ჩავხედავ. მერე რა, რომ ჰიდრომელიორაციისა არაფერი გამეგება – ან კროსვორდი იქნება ბოლო გვერდზე, ან იუმორის კუთხე, ან კარგად გადაღებული სურათი, ან “ჰიდრომელიორაცია დამწყებთათვის”… მოკლედ, საინტერესოს მაინც ვიპოვი.

ახლა წარმოიდგინეთ ჩემი ინტერესი, როცა საქმე კულინარიულ გამოცემას ეხება )

რამდენი ხანია, საჩემო კულინარიულ ჟურნალს ვეძებ. აი, ისეთს, ერთხელ რომ აედევნები და ახალი ნომრის ჩასუსვნას სასიამოვნო და ურღვევ ტრადიციად აქცევ. თემაა ისეთი, აქტუალური და საყოველთაო, გამოცემების სიმცირეს არ ვუჩივით, მაგრამ ზოგისა შინაარსი არ მომეწონა, ზოგისა – ხარისხი, ზოგი ყველაფრით კარგი იყო, მაგრამ პირველი ნომრების მერე ისე უკვალოდ გაქრა, მე კი არა, იქაურმა ჟურნალისტებმაც ვერაფერი გაუგეს.

ჰოდა, ათიოდე დღის წინ ფეისბუქზე ერთ მშვენიერ გვერდს გადავაწყდი. მშვენიერ გვერდს და მშვენიერ ჟურნალს. დავათვალიერე, რაც ჰქონდათ გამოფენილი და მეორე დღეს ჩემს ჯიხურს მივადექი – გეთაყვა, ეს წითელყდიანი “კულინART”-ი მომეცით-მეთქი.

ჩავაგდე ჩანთაში (მე შენ გეტყვი, არ ჩამეტეოდა – ერთი ციცქნაა), წავიკითხე და ძველ ნომრებს დავუწყე ძებნა – ნაკლული არქივი არ მიყვარს. ან რა საყვარელია, თაროზე რაღაცები რომ გაკლია.

მოკლედ, “კულინარტი“.

(more…)

Read Full Post »

at night

ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.

გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.

ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.

ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.

დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება,  ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…

(more…)

Read Full Post »

კარლსონი და მურაბა

კვირაში ხუთი დღე, დილიდან გვიან საღამომდე, სულის ამოუთქმელად რომ მუშაობ, შესვენება მიუტევებელ ფუფუნებად მიგაჩნია და საყვარელი “ქინდლის” გადასაფურცლავად ვერც  კი იცლი, რა გასაკვირია, ნანატრ უიქენდს განსაკუთრებული სასოებით ელოდე.

შაბათსაც თუ უთენია არ წამოგახტუნა აბეზარმა ტელეფონმა, საქმე თუ არ გაქვს და ნეტარი უსაქმურობით ტკბობას აპირებ, გასტრონომიული აკომპანემენტიც შესაბამისი უნდა მოიფიქრო, თორემ, ჩათვალე, ნახევარ სიამოვნებას კარგავ…

ბოლო თვე უსინდისოდ მძიმე რომ გამოდგა სამსახურში და ორშაბათიდან (დღეიდან, ანუ) უმკაცრესი დიეტის დაწყებას რომ ვგეგმავდი, ამიტომაც გადავწყვიტე, განსაკუთრებული უიქენდი მომეწყო და შ დღეც დიდი მონდომებით, მთელი ჩემი სიმსუნაგისა და კრეატიული შესაძლებლობების გამოყენებით დავგეგმე :)

მოიცა, მოიცა, დასვენება, უსაქმურობა და კულინარიული ორგია გასაგებია, მაგრამ შ დღე რაღა უბედურებააო, იკითხავს ვინმე.

(more…)

Read Full Post »

დიანა ანფიმიადი. "პირადი კულინარია". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

პოეზიას პროზა რომ მირჩევნია, ათასჯერ მითქვამს, ბლოგსაც ეტყობა და, მგონი, ჩემმა ყველა სტუმარმაც იცის.

ერთი ეგ არის – არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე და დიანა ანფიმიადის ლექსებს, ჩემი ღრმად პროზაულობის მიუხედავად, მაინც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

“კონსპექტური მითოლოგიაც” მაქვს შინ და ცინცხალ “ახლოხედვის ტრაექტორიაზეც” მსმენია, სულ ახლახანს რომ გამოსცა “საუნჯემ”, თაროებზე კი “ცხელი შოკოლადის” ფერად-ფერადი ნომრებიც მომეძებნება.

“ცხელი შოკოლადი” ამ პოსტთან რა შუაშიაო, არა მგონია, ვინმემ მკითხოს, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ზუსტად იქ დაიწყეს, ერთ მშვენიერ დღეს, დიანას კულინარიული დღიურების ბეჭდვა.

მე კიდევ სასუსნავზე დაწერილი ტექსტებზე ჰიჩკოკური დიეტის დროსაც ვერ ვამბობ უარს.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: