Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კუზიანი კვიცი’

რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.

სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

20151110_231855

მოლის სტუმრებს თავისი ცნობისმოყვარე მასპინძლის ამბავი კარგად მოეხსენებათ – მარტო საკუთარი კი არა, სხვისი წიგნებიც ძალიან მაინტერესებს. საკმარისია, ტრანსპორტში ვინმე საკითხავში ცხვირჩარგული დავინახო, რომ, ჩემი სპორტული მონაცემების კვალობაზე, არნახულ ილეთებს ვატარებ ყდის შესათვალიერებლად ან ტექსტში ჩასაჭყეტად. წიგნს კიდევ რა უშავს, თქვენ უნდა ნახოთ, ვინმე ტელეფონში რომ კითხულობს რამეს და კისერწაგრძელებული რომ ჩავცქერი – რა მომათმენინებს, სათაური არ გავიგო. ვინ იცის, რას ფიქრობენ ამ დროს გარშემომყოფნი ჩემზე და ჩემს ზრდილობაზე – სერიოზული ეჭვი მაქვს, კარგს არაფერს.

ეს მავნე ჩვევა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნაადრევი ბავშვობიდან მომყვება – სხვისი თაროების თვალიერება მაშინაც მიყვარდა. ბიბლიოთეკა მშობლებსაც არ დაეწუნებოდათ და ახლა კიდევ უკეთესი მაქვს – სათითაოდ შერჩეული წიგნები მაქვს ჩაწიკწიკებული. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ნოსტალგია შორეული წარსულისკენ მახედებს და ის პატარა მოლი მახსენდება, სოფელში, ნათესავებთან სტუმრობის წინ მთელი ღამე რომ არ ეძინა სიხარულისგან, ოღონდ არ გეგონოთ, იქაურები მიყვარდა ასე ძალიან. არა, სანათესაოს რას ვერჩი, მაგრამ ჩემი ბედნიერების მთავარი მიზეზი მეორე სართულზე, დიდ ოთახში მეგულებოდა – უზარმაზარი ბიბლიოთეკა ძლივს ეტეოდა სამ კედელზე. მისალმების, ხვევნა-კოცნის, “უი, რამხელა გაზრდილა“-ს ცერემონიალს რომ ჩავათავებდი, ხელში მიჩეჩებული ჩურჩხელებით ავრბოდი კიბეზე, მივადგებოდი წიგნებით გაძეძგილ თაროებს და სათითაოდ გადმოლაგებას რომ დავიწყებდი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო ამქვეყნად. აღარც ჭამა მახსოვდა, აღარც სმა, გაფაციცებით ვარჩევდი საჩემო წიგნებს შინ წასაღებად და განზე ვაწყობდი.

ახლა რომ ვიხსენებ, სულ სხვა ხიბლი ჰქონდა იქაურობას, ძველი წიგნების, მტვრის, სიძველეშეპარული ხის სუნს, გაცრეცილ ფურცლებს, გულუბრყვილო წარწერებს სატიტულო გვერდზე… ჭრაჭუნა ფიცრულ იატაკზე გაფენილ ორნამენტებიან ხალიჩას, ხონთქარივით ფეხმორთხმული რომ ვიჯექი ხოლმე, ზვინად წამოდგმული წიგნების გვერდით.

(more…)

Read Full Post »

bookshelf

წიგნის ქურდი ქურდი არ არისო, ყველას გაგონილი გექნებათ.

მე თუ მკითხავთ, საეჭვო აქსიომაა, იმ მედალს უფრო ჰგავს, ორი მხარე აქვსო, რომ ამბობენ. ახლავე მოგახსენებთ, რატომაც.

ერთი მხრივ, გადაუშლელი წიგნებით გაძეძგილ თაროებს რომ ნახავ ვინმესთან, ალალი და უსაყვედურო იქნება, ორიოდე ცალი ხელს გამოაყოლო. რა ვქნა, გულს მიკლავს ეს ხელუხლებელი, ალაგ-ალაგ გაუჭრელი ფურცლები. მე შენ გეტყვი, გამომრჩება – ვისთანაც არ უნდა მივიდე სტუმრად, პირველ რიგში, ბიბლიოთეკას მივადგები ხოლმე. ჰოდა, თუ შევამჩნიე, რომ მხოლოდ დეკორაციის დასამშვენებლად იყენებენ, ძალიან ვბრაზობ, აი, მართლა ძალიან. მით უმეტეს, როცა გამახსენდება, რამდენი ადამიანია, ვინც ახალი ლიტერატურული ნუგბარის შეძენის ფუფუნებას თავს იშვიათად აძლევს. გულწრფელად ვამბობ, კაცი რომ წიგნებს მარტო სამშვენისის ფუნქციას ანიჭებს, ახია, რამდენიმე ცალი აწაპნო. მაინცდამაინც ცარიელ ადგილს ნუ დაუტოვებ ამოღებული კბილივით და, მე შენ გეტყვი, შეამჩნევს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე თვითონ მოვქცეულვარ ასე და ნამდვილად ვერ დავიწყებ ნიანგის ცრემლების ღვრას – არიქა, თავზე ნაცარს ვიყრი და ვინანიებ-მეთქი.

აი, ჩემნაირ ადამიანს რომ წიგნს მოპარავს ვინმე, ერთი სიმღერისა არ იყოს, “ერია თუ ბერია, ყველა დასაჭერია”. იმიტომ კი არა, რომ რაღაცით გამორჩეული ვარ და ჩემი საკუთრების ხელყოფა განსაკუთრებულად უნდა ისჯებოდეს. უბრალოდ, კითხვა მართლა ძალიან მიყვარს, დიზაინის დასამშვენებლად არასდროს არაფერი მიყიდია და ჩემი ბიბლიოთეკის თითოეული ტომი დიდი სიფაქიზით, სიყვარულით და დაკვირვებით მაქვს შერჩეული. რაც მთავარია, მცირე ნაწილის გარდა, წაკითხულიც და გადაკითხულიც.

ჰოდა, ახლა მითხარით, ის კაცი რომ მაპოვნინა სადმე, ბავშვობისდროინდელი, გაცრეცილი “შერლოკ ჰოლმსი” რომ ამაცალა სახლიდან, რისი ღირსია? კონან დოილის სამყაროში სწორედ იმ გახუნებული ფურცლების წყალობით მოვხვდი და მასთან დაკავშირებული ემოციები დღემდე განსაკუთრებულად მახსენდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: