Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘კოზიმო როსელი’

როგორ არ უნდა გაუმართლოს ფერმწერს, ლეონარდოსა და მიქელანჯელოს ეპოქაში რომ დაიბადოს… ორჯერ ორივით ცხადია, რომ მისი ცხოვრებაც და შემოქმედებაც ბუმბერაზების ჩრდილქვეშ იქნება მოქცეული. თუმცა, მაინც შეიძლება, დროდადრო სინათლის პატარა სხივი მის რომელიმე ტილოსაც დაეცეს და დავიწყებას გადაარჩინოს.

ცხოვრობდა ფლორენციაში კაცი, სახელად პიერო დი კოზიმო და რისი ფლორენციელი იქნებოდა, ფუნჯისთვის ხელი რომ არ მოეკიდა?! მართალია, მედიჩების კართან დაახლოებული პირი არასოდეს ყოფილა და არც არანაირი პრივილეგიებით უსარგებლია,  სამაგიეროდ, ბედმა კოზიმო როსელის მოწაფეობა არგუნა წილად და სიქსტის კაპელის მოხატვაშიც კი მოიშველია თურმე სახელგანთქმულმა მასწავლებელმა. სხვა დროს კი თავს კერძო შეკვეთებით ირჩენდა – ხელოვნება ხელოვნებად და ლუკმაპურის ფული არც ხელოვან ხალხს სჭირდება უბრალო მოკვდავებზე ნაკლებად.

თურმე ნუ იტყვით და ფლორენციაში ქორწილს ქორწილი არ ერქვა, თუ პატარძალი მზითევში საგანგებოდ მოხატულ, მოგრძო ფორმის სკივრს – კასონეს არ წაიღებდა. დადგამდა მერე საძინებელში და ჩაალაგებდა შიგნით მშობლებისა თუ ქმრის ნაჩუქარ ტანისამოსსა და სამკაულებს. ფლორენციელი ქალები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თურმე – ვინ უფრო ლამაზად გაფორმებული კასონეთი მოიწონებდა თავს.

(more…)

Read Full Post »

Christ with the Four Evangelists

შუა საუკუნეების ფერწერულ ტილოებს შორის ბევრია ისეთი, რომლებზეც მაცხოვრის აღდგომაა გამოსახული…

ბიბლიურ სიუჟეტებს ყველა მხატვარი წერდა… წერდნენ თავისებურად, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი მანერით, ფერთა პალიტრა და შუქ-ჩრდილებიც ნებისმიერ ტილოზე თავისთავადი და განუმეორებელია…

შემოქმედთა შორის ფრიად ხმამაღალი, ყველასთვის ცნობილი სახელებია – მიქელანჯელო, ლეონარდო, რაფაელი, ტინტორეტო, ტიციანი, “ვატიკანის საყვარელი მხატვარი” რაფაელი… მაგრამ ფლორენციულმა სკოლამ მსოფლიოს აჩუქა ფერმწერი, რომელსაც თითქმის არავინ იცნობს…

ფრა ბართოლომეო – ერისკაცობაში ბაჩიო დელა პორტა, კოზიმო როსელის მოსწავლე და ჯიროლამო სავონაროლას თავგადაკლული მიმდევარი, სწორედ იმ სავონაროლასი, რომელიც დომინიკანელი ბერის ანაფორით ავიდა მედიჩების ტახტზე და ოთხი წლის მანძილზე რკინის ხელით მართავდა ფლორენციას.

სავონაროლას მსოფლმხედველობამ, იდეებმა და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის ურყევმა რწმენამ ისეთი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა დელა პორტაზე, რომ მას შემდეგ, როცა რესპუბლიკელმა დიქტატორმა, თეოლოგმა, ფილოსოფოსმა და წინასწარმეტყველმა ჯიროლამომ საზარელი  აღსასრული ჰპოვა, დომინიკანელთა ორდენის წევრი გახდა და სან-მარკოს მონასტერში ბერად აღიკვეცა.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: