Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘კლასიკური დეტექტივი’

გ. კ. ჩესტერტონი. "მოთხრობები მამა ბრაუნზე". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ლიტერატურული კერძო მაძებრების ჩამოთვლა არასოდეს გიცდიათ?

პირველად, ალბათ, შერლოკ ჰოლმსი მოგაგონდებათ – Икона жанра; მერე – ერკიულ პუარო და მის მარპლი; ნირო ვულფი განუყრელ არჩი გუდვინთან ერთად;  ჯონ დიქსონ კარის სქელ-სქელი გიდეონ ფელი; თანამედროვე რუსულ დეტექტივს თუ ადევნებთ თვალს, ერასტ ფანდორინს გაიხსენებთ, საბავშვო წიგნების სიყვარული ჩემსავით თუ არ გაგნელებიათ – კალე ბლუმკვისტს…

თითქმის დარწმუნებული ვარ, მამა ბრაუნი ამ სიის ბოლოში მოხვდება. ისიც – თუ მოხვდა საერთოდ.

არც მიკვირს – ყოვლად არაორდინალური კათოლიკე პატერის ამბები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქართულად აქამდე, მგონი, არც უთარგმნიათ. მე არ მახსენდება და სადმე, რომელიმე ბიბლიოთეკის მტვრიან საცავში, იქნებ ელოდოს კიდეც მკითხველს…

სამაგიეროდ, ცინცხალი კრებული მიდევს მაგიდაზე და, თავადაც მიხვდებოდით, დღეს სწორედ ამაზე ვაპირებ თქვენთან საუბარს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Dame agatha christie

მოლი ბლუმი, პირველ რიგში, სტუმრების კომფორტზე რომ ზრუნავს, ახალი ამბავი არ უნდა იყოს და, რა გასაკვირია, რომ ბიბლიო-პოსტებში ენას, ხშირად, კბილს ვაჭერ ხოლმე – ზედმეტი არაფერი წამომცდეს-მეთქი. ჰოდა, ჩემო კარგებო, დღეს წინასწარ გაგაფრთხილებთ – თუ სათაური არაფერს გეუბნებათ, მაინცდამაინც ჩაკირკიტებით ნუ წაიკითხავთ, თვალი გადაავლეთ და პირდაპირ კომენტარებზე გადადით :) ამ წიგნის მთელი ხიბლი სწორედ აბსოლუტურად ორიგინალურ და მოულოდნელ კვანძის გახსნაშია, არ მინდა, ვინმეს მთელი სიამოვნება ჩავაშხამო; ოღონდ, თქვენი ანაბეჭდის დატოვებას მაინც ნუ დაიზარებთ :)

თავი კი დავიზღვიე და გაგაფრთხილეთ, მაგრამ ნამდვილად არ მეგულება დეტექტივების მოყვარული, “როჯერ ეკროიდის მკვლელობაზე” არაფერი სმენოდეს.

***

აგატა კრისტის ათეულობით დეტექტივიდან, ადრეც მითქვამს, სამი განსაკუთრებით მიყვარს და ნებისმიერი რანგის ტოპ-სიაში უყოყმანოდ მივუჩენდი ადგილს. პირველი “ათი პატარა ზანგია”, არაპოლიტკორექტული სათაურით და გამაოგნებელი ფინალით. ერთგულ და ვეტერან მკითხველებს ემახსოვრებათ, ამაზე რომ ვწერდი; მეორე – “აღმოსავლეთის ექსპრესი”,  ყველა გაგებით, კლასიკური შედევრი, ფილიგრანულად ჩახვეული ინტრიგით და მკვლელის გამოცნობის მინინალური შანსით. აი, რაც შეეხება მესამეს, სწორედ დღეს ვაპირებ, მასზე გიამბოთ.

(more…)

Read Full Post »

Agatha Christie

არ ვიცი, ვინმეს თუ მოსვლია აზრად, ამ მიმართულებით საფუძვლიანი კვლევა ჩაეტარებინა, მაგრამ თუ საქმეს მოჰკიდეს ხელი, რატომღაც, დარწმუნებული ვარ –  დღემდე ცნობილ ლიტერატურულ ჟანრებს შორის ყველაზე პოპულარული დეტექტივი აღმოჩნდება.

ძნელი სათქმელია, რისი ბრალია ეს. იქნებ, ადამიანის ბუნების – ჩვენ ხომ ყველაფერი ამოუცნობი და დანაშაულებრივი ანდამატივით გვიზიდავს. ან, იქნებ, რამე სხვა საცდური და სატყუარაა… ერთი ცხადია – იმ ჩინელი მოსამართლის ამბებიდან, ლიტერატორები კაცობრიობის ისტორიაში პირველ დეტექტივებად რომ მოიხსენიებენ, ედგარ ალან პოს “ოქროს ხოჭომდე”, ჟანრის კლასიკოსებიდან  ეკოს, ფამუქის, რევერტეს პოსტმოდერნისტულ რომანებამდე, უამრავი crime fiction-ია დაწერილი. ზოგი დახვეწილი და ფილიგრანული, ზოგიც – მდარე და უხარისხო…

თუმცა, ამ უკიდეგანო ზღვაშიც მოიძებნება წიგნები და ავტორები, რომელთა ლიტერატურულ ღირსებებში ეჭვის შეტანა დღემდე არავის უფიქრია, ბიბლიოგურმანები კი მათ აუგად ხსენებას ლამის მკრეხელობად ჩაგითვლიან.

აგათა კრისტის ათეულობით რომანიდან რამდენიმე მართლაც ისეთია, უხერხულად რომ აგაჩეჩინებს მხრებს – ამ პატიოსან ქალს ეს რამ დააწერინაო, მაგრამ “ათი პატარა ზანგი”, “აღმოსავლეთის ექსპრესთან” და “როჯერ ეკროიდის მკვლელობასთან” ერთად, ის წიგნია, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო დეტექტივთა სამეულში უყოყმანოდ რომ შეიტან და ერთი წამითაც არ დაფიქრდები – იქნებ, შევცდიო.

(more…)

Read Full Post »

ვფიქრობ, ბიბლიოფილები დამეთანხმებიან, თუ ვიტყვი, რომ ქართველ მწერლებს დეტექტივების წერა მაინცდამაინც არ უყვართ. მიზეზების კვლევა–ძიება შორს წაგვიყვანს, ფაქტი კი ჯიუტია – სამამულო პარნასი ლიტერატურის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას არ სწყალობს. ორიგინალ თხზულებებს ვინ ჩივის – ხეირიანი თარგმანიც სანატრელია.

სწორედ ამიტომ ველოდებოდი განსაკუთრებული ინტერესით “პალიტრა L”-ის მასშტაბურ საგამომცემლო პროექტს – მსოფლიოს საუკეთესო დეტექტივების მრავალტომეულს. მშვენიერი ჩანაფიქრი მაცდუნებლად იყო დაანონსებული და წესით, ჟანრის თაყვანისმცემლებს ჩინებული საჩუქარი უნდა მიეღოთ.

პირველმა ტომმა მართლაც მასიამოვნა – ჯეიმს ჰედლი ჩეიზის ” დათარსული კაცი” ორიოდე საათში შემომეკითხა. თარგმანი შესანიშნავად იყო ქართულ თარგზე მორგებული, კრეატიულად გაფორმებული გარეკანიც სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა…

სამწუხაროდ, ეს აღტაცება, ყოველი მომდევნო წიგნის გამოსვლასთან ერთად, დილის ნისლივით იფანტებოდა –  სერია, რომელიც შორიდან ასე მიმზიდველად გამოიყურებოდა, არაფრით გამორჩეული, მდარე და უხარისხო ნაწარმოებების კრებული აღმოჩნდა.

(more…)

Read Full Post »

იმედი მაქვს, ჩემს მკითხველს არ დავიწყებია, რომ მოლი ბლუმი დეტექტივების დიდი მოყვარული გახლავთ. ჰოდა, არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” ადრეულ ასაკშივე ლამის ზეპირად ვისწავლე. არადა, მთავარი გმირის ბავშვობაზე ფიქრი ერთხელაც არ მომსვლია თავში. მგონი, გულწრფელად მჯეროდა, რომ განთქმული მაძებარი თავზე უჯრულა კეპით, ხელში ლუპით, პირში ჩიბუხით და, რაც მთავარია, დედუქციის უბადლო ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა.

როგორ ჩანს, ბრიტანელი მწერალი ენდრიუ ლეინი მიხვდა, რომ არტურ კონან დოილს მრავლად მოეძებნებოდა ჩემსავით გულუბრყვილო მკითხველი და გადაწყვიტა, ჩვენთვის ილუზიები გაეფანტა. ასე მოევლინა ლიტერატურულ სამყაროს სერია “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი”, რომლის პირველი წიგნი – “სიკვდილის ღრუბელი” სულ რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა ხელში.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: