Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ინგლისი’

classic-lasagna

უნამუსოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების მერე ბლოგიც გავხსენი, წიგნის დღეებსაც დავესწარი, კლიმტის შედევრზეც გიამბეთ და ორიოდე წიგნზეც, მაგრამ გულს მაინც რაღაც აკლდა, რაღაც არ მასვენებდა და როგორც იქნა, მივხვდი – სტუმრების აურზაური მომნატრებია, ბუხართან. ჰოდა, წვეულების მოწყობას რაღა უნდოდა – ერთი შეძახილი და… უკვე მესმის ვერანდაზე ფეხების ბაკუნი. მობრძანდით, გეთაყვა, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში, შეგიძლიათ, ისიც დაივიწყოთ, რომ სტუმრად ხართ და შეშის შემოზიდვაში მომეხმაროთ – დღეს განსაკუთრებით აგვიცივდა. თუმცა, როდის იყო, მოლის სტუმრებს ქარი და ყინვა აშინებდათ – სამზარეულოში ჩაიდანი უკვე თუხთუხებს, ბარში კი გაცილებით მაგარი სასმელებიც მომეძებნება.

იმაზე ლაპარაკს აღარ მოვყვები, როგორ მიხარია თქვენი ნახვა – თავს არ შეგაწყენთ, თანაც, როგორც კი დაინახავთ, რა რთულად მოსამზადებელ კერძს შევეჭიდე თქვენი ხათრით, ამას ისედაც მიხვდებით. აი, უკვე გამოვიღე კიდეც ღუმლიდან, ახლა კოხტად დავჭრი, თეფშებზე ჩამოვარიგებ და შეგვიძლია, სუფრასაც მივუსხდეთ.

ოჰო, ისეთი აღტაცებული შეძახილები გამოიწვია ჩემმა კულინარიულმა შედევრმა, რომ აშკარაა, ეს კერძი მარტო მე და კატა გარფილდს არ გვყვარებია – თქვენც ლაზანიის თაყვანისმცემელთა რიგებში ბრძანებულხართ.

(more…)

Read Full Post »

სალი გრინი. "ნახევრად ცუდი". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სალი გრინი. “ნახევრად ცუდი”.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

წიგნის დასაწყისი ისეთი მძიმე მეჩვენა, დავხურე და ყდას დავხედე, ხომ არ შემეშალა-მეთქი. ნამდვილად ის იყო – სალი გრინის “ნახევრად ცუდი“.

არა, საბავშვო ზღაპარს ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ… გალიაში ჩამწყვდეული ბიჭი იმდენად ეული და საბრალო მომეჩვენა, გული შემეკუმშა. სიმართლე რომ გითხრათ, ბოლო ფურცელიც ზუსტად ასე გულშეკუმშულმა ჩავათავე.

ჯადოსნურ სამყაროზე იმდენი წიგნი დაწერილა, რამე სიახლეს თუ წავაწყდებოდი, ნამდვილად არ მეგონა – ტოლკინის და როულინგის მერე, სხვა რომ არაფერი ვთქვა, მაგრამ თბილისის წიგნის დღეებზე მაინც დავავლე ხელი ბრიტანელი დიასახლისის სადებიუტო რომანს; ჯერ მარტო იმან დამაინტერესა, სტამბაში მოხვედრამდე გამოცემის უფლება ოცდათექვსმეტმა ქვეყანამ რატომ იყიდა.

ჰოდა, კითხვა რომ დავასრულე, მივხვდი, რატომაც. ისიც აღარ გამკვირვებია, “ნახევრად ცუდს“ რატომ შეარქვეს “1984 კუდიანებზე“ – ეს წიგნი მარტო ფენტეზი როდია, ანტიუტოპიური ელემენტებიც მრავლად მოიძებნება და, პირველ რიგში, ამითაა გამორჩეული.

(more…)

Read Full Post »

The Code of the Woosters coverვისაც ჩემი შარშანდელი პოსტი “დაიკიდეთ ჯივზსა და ვუსტერთან ერთად!“ ახსოვს, არ გაუკვირდება, რომ როგორც კი “დიოგენეში“ პელემ გრენვილ ვუდჰაუსის “ვუსტერთა გვარის ღირსება“ აღმოვაჩინე, მაშინვე ჩანთაში ვუკარი თავი.

მე თქვენ გეტყვით და წასაკითხად ვერ მოვიცლიდი – გამწვავებული ბრონქიტის წყალობით ერთი კვირა უსირცხვილოდ ვიკოტრიალე საწოლში; ჰოდა, პირველი, რასაც ხელი წამოვავლე, სწორედ ზემოხსენებული წიგნი გახლდათ. წამოვავლე და ჩემი ხმაჩახლეჩილი სიცილით, მგონი, მეზობლებიც კი შევაწუხე.

არა, ახლა რომ ვუკვირდები, ეს ჩვენი ბერტი ვუსტერი ფრიად სერიოზული და წესიერი ახალგაზრდაა, უბრალოდ, ახლობლებში არ უმართლებს – სულ მათი წყალობით ეხვევა ხათაბალაში. აბა, საკუთარი დეიდა, რესპექტაბელური და სერიოზული ქალბატონი, მოსამართლის (თუნდაც გადამდგარის) მამულში ვერცხლის ძროხის მოსაპარად რომ გაგაგზავნის, რა უნდა ქნა?! არ წახვალ და დარჩები დეიდა დელიას ფრანგი მზარეულის, ანატოლის, კულინარიული სასწაულების გარეშე.

ძროხა ვთქვი, ძროხა, არაფერი მოგჩვენებიათ. ანტიკვარულ საკარაქეს ვგულისხმობ, მის გამო ატყდა მთელი ეს, როგორც თავად ბერტი იტყოდა, აურზაური.

(more…)

Read Full Post »

jeeves and wooster cartoon

მე სერიოზული ადამიანი გახლავართ.

უნდა ვაღიარო, ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულიც კი.

რას ვიზამთ – ულმობელმა ცხოვრებამ დამასვა დაღი. თან, არც პროფესია მაქვს ისეთი, ენის თლიფინით ლაპარაკს და ხუმრობას რომ მიმაჩვიოს.

ჰოდა, ხანდახან რამდენიმე ყლუპი იუმორი ჰაერივით მჭირდება. ეს კი ცოტა რთული საკითხია – ჯერ ერთი, ირგვლივ, ძირითადად, ჩემსავით სერიოზული ადამიანები მახვევია, მეორეც – ცხვირი სულ წიგნებში მაქვს ჩარგული.

დიოგენეს” გაახარებს ღმერთი –  “ბიბლიოთეკაში” ისეთი რომანი შეიტანა, ეს დეფიციტური იუმორი ყლუპებით კი არა, ჩაფებით მოიძებნება. სასაცილო საკითხავი აქამდეც არაერთხელ მომხვედრია ხელთ, მაგრამ, კარგა ხანია, არაფერს გავუხალისებივარ ისე, როგორც ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!”-მა მოახერხა.

დასაწყისს ძლივს ვიყავი გაცდენილი და უკვე ისე ვხარხარებდი, ოჯახის წევრებმა ლამის სასწრაფო გამოიძახეს – ეგონათ, ნერვული აშლილობა დამემართა გადაღლილობის ფონზე.

გავიცინებდი, აბა, რას ვიზამდი! ჯერ მარტო შეყვარებული ადამიანის მენიუ ნახეთ:

‘მკაცრი დიეტა – არავითარი სოსისები, ნამცხვრები და, მით უმეტეს, ლორი!”

(more…)

Read Full Post »

"ედრიან მოულის საიდუმლო დღიური". გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ბრიტანელები ყოველთვის სერიოზული ხალხი მეგონა.

ხომ გესმით – ტრადიციები, კონსერვატიზმი, ფაივ ო’ქლოქი, დედოფალი ვიქტორია და რამე…

მაგრამ 13¾ წლის ბიჭი ასეთი შინაგანი ტრაგიზმით აღსავსე თუ იქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ეტყობა, მის ასაკში სათანადო სიღრმე და ანალიზის უნარი მაკლდა.

სანაძლეოს დავდებ, ვერ მიხვდებით, ვისზე ვლაპარაკობ. იმიტომ, რომ ეს წიგნი სულ ცოტა ხნის წინ თარგმნეს ქართულად და გასულ კვირას ამაყად ვიდექი პირველი მყიდველების რიგში. იქამდე, უნდა გამოვტყდე, არც სიუ ტაუნსენდის სახელი გამეგონა და არც მის პერსონაჟზე – ედრიან მოულიზე მსმენოდა.

არადა, ნისლიან ალბიონზე ეს, ოჯახური პრობლემებისგან, უიღბლო სიყვარულისაგან და ვულგარული აკნესაგან გატანჯული მოზარდი თვით შერლოკ ჰოლმსივით ცნობილი და პოპულარული ყოფილა.

ცხონებული ბებია კი მასწავლიდა – “ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო” – მაგრამ რა ვქნა, ეს ბიჭი ისე გვიყვება თავის პრობლემებზე, მეცინება და მომკალით, თუ გინდათ.

(more…)

Read Full Post »

<span>%d</span> bloggers like this: