Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თრილერი’

20150118_141701

აპრილში, თუ გახსოვთ, ერთ ვებგვერდზე ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადეს. კონკურსი დიდი არაფერი, პირობა იყო უცნაური: დეტექტიური, ფანტასტიკური, სათავგადასავლო, ეროტიკული და სხვა დაბალი სინჯის ლიტერატურა არ განიხილებაო. აი, ასე, უაპელაციოდ.

აქოთქოთდა საფეისბუქეთი. სწორად აქოთქოთდა, მინდა გითხრათ. აქეთ დეტექტივს გადაეფარნენ, იქეთ ფანტასტიკას და ფენტეზის დამცველებმა გამოიდეს თავი. ეროტიკის დაცვა მაინცდამაინც არც არავის უცდია, მაგრამ, როგორც ერთი ჩემი ნაცნობი იტყოდა, მაი აფერი.

მთავარი ის იყო, ყველა ერთხმად შეთანხმდა, დაბალი და მაღალი სინჯის პროზად დაყოფა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულიაო. ამ საკითხში კონსესუსიც აბსოლუტური იყო და ყბადაღებული კოჰაბიტაციაც.

საპირველაპრილო ხუმრობა გვეგონა. ბოლომდე ვერ დავიჯერეთ, ან როგორი დასაჯერებელია, რომელიმე მოცლილ იუზერს ეთქვა, კიდევ ჰო, მაგრამ ვებგვერდი, კონკურსი, რამე. სერიოზული თემა რომ გგონია და უცებ – ასეთი ვორდინგი. ჩაასწორეს მერე ის პირობა, ახლაც ჩასწორებული დევს. “დაბალი სინჯის პროზა” ამოიღეს. დეტექტივი, ფანტასტიკა, ეროტიკა, საბავშვო ლიტერატურა ისევ არ განიხილება.

სხვათა შორის, ეს ყოვლად გადასარევი კლასიფიკაცია კონკურსის ორგანიზატორებს არ მოუგონიათ. გავრცელებული შეხედულებაა. ორდიპლომიანი ხალხი იცავს და ქადაგებს, ეგრე კი ნუ უყურებთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

კინოში უქმეებზე დავდივარ.

სადაგ დღეებში, უბრალოდ, გამორიცხულია. კინო ერთგვარი რიტუალია, ცაიტნოტი და გადარბენა არ უხდება: ბილეთი უნდა დაჯავშნო, რომელიმე საყვარელ კაფეში ყავა დალიო, აუჩქარებლად მიტუსტუსდე “რუსთაველამდე” ან “ამირანამდე”, სეანსის შემდეგ ისევ რომელიმე კაფეში მოკალათდე და სტეიკის თანხლებით გაარჩიო ეს-ესაა ნანახი ფილმი…

სამსახურიდან რვაზე ან ცხრაზე გამოსულს კი მხოლოდ იმის თავი მაქვს, შინამდე მივლასლასდე.

მოკლედ, კინოსთვის უიქენდი შეუქმნია ღმერთს, მაგრამ ზოგჯერ რაღაცები იცვლება ხოლმე…

მეგობარმა დაგვპატიჟა ხუთშაბათს. თერთმეტის ნახევრამდე ვერაფრით ვახერხებდით. წავედით თერთმეტისნახევრიან სეანსზე, შინ, მგონი,  პირველზე დავბრუნდი და ერთი საინტერესო რამ აღმოვაჩინე: წესები იმისთვის არსებობს, რომ ზოგჯერ დაარღვიო.

ნაღმზე” ვიყავით, ლევან ბახიას ახალ ფილმზე.

(more…)

Read Full Post »

Gillian Flynn. "Gone girl"

Gillian Flynn. “Gone girl”

სიმართლე გითხრათ, ამ წიგნის კითხვას რომ ვიწყებდი, ბევრს არაფერს ველოდი; ჯილიან ფლინის სახელი იქამდე არც კი გამეგონა, მითუმეტეს, წაკითხული არაფერი მქონია და ინტერნეტსივრცეში “გაუჩინარებული ქალის“ ირგვლივ გაჩაღებულმა აქტიურმა განხილვამ უფრო მიბიძგა. ბანალური თრილერი მეგონა, დროდადრო ნერვების მოსაღუტუნებლად რომ არის საჭირო; თან ავად ვიყავი და, ჩემი ჭკუით, მსუბუქ საკითხავს წავეტანე.

წავეტანე და ჩამივარდა კოვზი ნაცარში.

არ გამოდგა ისეთი წიგნი, იოლად რომ გადაურბენ თვალით, მოსალოდნელ ფინალს სადღაც შუა გზაზე გამოიცნობ, მერე საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებით კმაყოფილი, გვერდზე გადადებ და დაივიწყებ.

არა, რაღაცებს მივხვდი, კი. თუმცა ავტორის ჩანაფიქრის ბოლომდე გამოცნობა რთული აღმოჩნდა, რთული კი არა და, ჩემთვის შეუძლებელი; ვისაც გამოუვა, ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები :)

დასაწყისი, ერთი შეხედვით, მარტივია და არც დიდი ორიგინალობით გამოირჩევა – ქორწინებიდან ზუსტად ხუთი წლის თავზე ქალი საკუთარი სახლიდან უკვალოდ ქრება და იწყება ჩვეული ორომტრიალი – კვალზე დამდგარი პოლიცია, შოკირებული და დაბნეული ახლობლები, ყოველ მოსახვევში ჩასაფრებული ჟურნალისტები…

(more…)

Read Full Post »

იულია ლატინინა რუსი ჟურნალისტია, “новая газета”-ს პოლიტიკური მიმომხილველი, თან “эхо москвы”-ს რადიოარხზე საავტორო გადაცემა – “код доступа” მიჰყავს. რამდენჯერმე მოვუსმინე (ყოველთვის ვერ ვახერხებ, ეთერი ისეთ დროს აქვს, შინ არ ვარ, ან თუ ვარ, საშინლად დაღლილი, პოლიტიკური ანალიტიკისთვის არ მცხელა) და მომეწონა.  ნაადრევად დაბერებული და მოუვლელი ქალის შთაბეჭდილებას კი ტოვებს, მაგრამ აშკარად ჭკვიანია.

გუშინ ბარათაშვილის ქუჩის “პარნასში” ლატინინას ექვს წიგნს გადავაწყდი. არ ვიცოდი, წიგნებსაც თუ წერდა. ყოველ შემთხვევაში, თბილისში  არ შემხვედრია. ანოტაციები გადავათვალიერე, სტანდარტული თემებია – პოლიტიკა, ისლამური სეპარატიზმი, ოლიგარქები, ტერორიზმი, კორუფცია… ყდაზე ეწერა, ერთნაირად წარმატებულია ეკონომიკური თრილერის და ფანტასტიკის ჟანრშიო.  ეკონომიკური თრილერი მაცდუნებლად ჟღერდა, ფანტასტიკის რა გითხრათ, რუსი ქალი ფანტასტი (თან წარმატებული), არ გამიგია. “код доступа”-ს ხათრით ერთი თან წამოვიღე.

ახლა წინ მიდევს. “не время для славы”. დღეს არსად გავდივარ, საღამომდე მოვრჩები. რაღაც არ მინდა, მარინინას, დონცოვას, პოლიაკოვას ან დაშკოვას მსგავსად იაფფასიანი სისულელე აღმოჩნდეს. თუ წინათგრძნობა არ მღალატობს, არც აღმოჩნდება.

P.S. გუშინ პარნასში დიდი რიარია იყო. იხურებიან. ავტორებს ურეკავდნენ, მობრძანდით და თქვენი წიგნები წაიღეთო. მიზეზი არ მიკითხავს, იმ გაწამაწიაში ჩემი თავი არ ჰქონდათ.  ცუდია, წიგნის მაღაზია რომ იკეტება…

Read Full Post »

%d bloggers like this: