Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თოჯინების თეატრი’

luka polare Frozen yogurt

“ლუკა პოლარეს” პოლარული იოგურტი

ოდინდელი ადათია, ახალი ბლოგერული სეზონის პირველ დღეს მე და ჩემი ერთგული მკითხველები ვერანდაზე ან ზამთრის ბაღში ვიკრიბებით, მორიგ დელიკატესს ვაგემოვნებთ და ამბებს ვყვებით.

დღეს ამ ტრადიციას ოდნავ გადავუხვევ და სანაყინეებზე გიამბობთ. მოლის სანაყინეებზე. თუმცა გადახვევა არც ეთქმის – სასუსნავი და სანაყინე რამ გაყო. ზაფხული ისეთი ცხელი და გრძელი გამოდგა, სულ ცივ-ცივ რაღაცებზე გეფიქრება კაცს.

ვერ დამარწმუნებთ, რომ ბავშვობაში სანაყინე თქვენი უსაყვარლესი ადგილი არ ყოფილა ) არ ვიცი, იქნებ სადმე არიან კიდეც პატარები, რომლებიც ამ ყოველმხრივ გადასარევ დაწესებულებას გულგრილად ჩაუვლიან, მაგრამ მე არ შემხვედრია ) ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სანაყინე განსაკუთრებული დანიშნულების სტრატეგიული ობიექტი გახლდათ და სათამაშოების მაღაზიაში, თოჯინების თეატრსა და კინო “პიონერში” არ გამომერჩეოდა.

ჩემი პირველი სანაყინე ბათუმში, ბარათაშვილის და სტალინის კუთხეში იდგა – ყვითელ-ცისფერი შენობა კინო “თბილისის” წინ. შესასვლელ-გასასვლელი ცალ-ცალკე ჰქონდა და ამაზე ბევრს ვხალისობდი. მომცემდა დედა პარკს, ჩამიკუჭავდა ჯიბეში მანეთიანს და მივცუხცუხებდი სავაჭროდ. მანეთად ხუთი ცალი ოცკაპიკიანი პლომბირი მერგებოდა და იმ პლომბირზე გემრიელი არაფერი მეგულებოდა ამქვეყნად.

(more…)

Read Full Post »

Tbilisi State puppet theatre

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი. დავით ჩაჩანიძის ფოტო

ძველი ამბით დავიწყებ.

ჩემი ბავშვობის ყველაზე გემრიელ მოგონებებს თუ იკითხავთ, ბულვართან, ატრაქციონებსა და პლომბირთან ერთად აუცილებლად დაგისახელებთ კინოთეატრ “პიონერს”, დელფინარიუმს და თოჯინების თეატრს სტალინის ქუჩაზე.

კვირაობით დავყავდით დედას მე და ჩემი და-ძმა, საგანგებოდ გამოწყობილები, თმადავარცხნილები და კმაყოფილებისგან გაბღენძილები. მერე იქვე, პატარა კაფეში, ნება-ნება მივირთმევდით კაკაოს და ნანახს ვიხსენებდით. მაგრამ  განსაკუთრებული ეშხი თანაკლასელებთან ერთად წასვლას ჰქონდა. ჩამოდგებოდნენ  დიდი, უცნაური ავტობუსები სკოლასთან, წაგვასხამდნენ ყველას ერთად, ავავსებდით პატარა დარბაზს, ჩაქრებოდა შუქი და იწყებოდა საოცრება…

სპექტაკლებს ახლაც ზეპირად მოგიყვებით-მეთქი, ვერ დავიჩემებ. “წითელქუდა“ მახსოვს, “სამი გოჭი“, “კომბლე“ და ქართული ზღაპრები. კიდევ – საახალწლო წარმოდგენები: ფერადი შუქი, სცენას რომ ანათებდა, და დღესასწაულის უკიდეგანო შეგრძნება, აი, ისეთი, ფეიერვერკებიანი დღესასწაულის.

ერთი სიტყვით, ამ სიბერეშიც ტკბილად ვიგონებ თოჯინებს და დღემდე მწყდება გული, ბათუმში მოზარდ მაყურებელთა თეატრი რომ არ იყო – ეგებ ახლა უკეთესი თეატრალი ვყოფილიყავი. ბავშვობის შთაბეჭდილებების ძალა ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ…

ამ ყველაფერს კი იმიტომ გიყვებით, რომ  ფეისბუქზე შეშფოთებულმა სტატუსებმა იმატა, თბილისის თოჯინების თეატრს შენობა თავზე დაენგრა და პატრონი არ ჩანსო.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: