Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი’

 

ზუსტად ერთი კვირის წინ, საფესტივალო გეგმას რომ ვწერდი, კმაყოფილებისგან ლამის ხელებს ვიფშვნეტდი – ისე კოხტად აეწყო განრიგი, კინკილა Day off-ის აღებაა სამსახურში საჭირო და ოთხივე დღეს გადასარევად გამოიყენებ-მეთქი.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ. სამსახურიდან გათავისუფლებას ვინ ჩივის, პარასკევს, ოცდაექვსში, მთელი ქვეყანა რომ ისვენებდა, ისეთ გაწამაწიაში ჩავვარდი, წერეთლისკენ არც გამიხედავს.

თქვენ გგონიათ, დიდხანს ვიდარდე და ვივიშვიშე? რას ამბობთ. ბლოგერობის შვიდმა წელმა, სხვა თუ ვერაფერი, თავშემონახულობა მაინც მასწავლა – წუთისოფლის მზაკვრობას მოუმზადებელი არ დავხვედრივარ. ამქვეყნად კეთილ ადამიანებს რა დალევს. მოვძებნე, შევუთანხმდი, ჯიბეში ფული ჩავუკუჭე, საკუთარი ხელით გადაწერილი, ცხარე ცრემლით დანამული სია გავატანე და საღამოს ახალი პოტერიც მაგიდაზე მედო, “ნაგერალაც”, მაია ენჯელოუც, პრინცებიც და რეპრინტებიც.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთშაბათს და პარასკევს საფესტივალო რიარიას თვალს შორიდან ვადევნებდი (რა მენაღვლებოდა, დაუზარელი ოჯახის წევრების წყალობით წიგნები შინ მხვდებოდა, კოხტად აკოკოლავებული), შაბათს გულიანად გამოვიძინე, საუიქენდოდ გადანახულ ფილმს ვუყურე, ტრადიციული, სადღესასწაულო, ხუთჯვრიანი ტორტის ბოლო ნაჭერი მივსუსნე და სამის ნახევარზე წერეთელზე, “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკართან ვიდექი, შემართებით სავსე და ცინცხალი სიით ხელში.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

20160515_175338

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის

დანიელ დეფოს უთქვამს – სიღატაკეზე მწარე მხოლოდ მეგობრების გარეშე დარჩენააო. ჰოდა, სადაც ეს, ათასგვარ ჭირვარამში გამობრძმედილი, ქარტეხილგამოვლილი კაცი ასე ფიქრობდა, რა დღეში ჩავარდებოდა ჩვეულებრივი მოზარდი გოგო, ახალ სკოლაში გასვლისთანავე ჭორებისა და უღირსი ხრიკების მსხვერპლი რომ აღმოჩნდა?

ჯეი აშერის “ცამეტი მიზეზი“ მტკივნეული წიგნია. აი, კითხულობ და გტკივა… გული ხან გეკუმშება, ხან კი ისე გაწვება ყელში, გეშინია, არ გასკდეს. მოზარდებისთვის წერსო, მაგრამ აქ ვერსად ნახავთ თინეიჯერებისთვის ჩვეულ უწყინარ ოინებს, უზრუნველ სიცილ-კისკისს, ლაღ და უზრუნველ ბავშვობაზეც არავინ გიამბობთ… ეს ჰანა ბეიკერის გზავნილია საიქიოდან, რომელსაც, მისი სიკვდილის შემდეგ, სუნთქვაშეკრული და თავზარდაცემული ადამიანები უსმენენ, ის ცამეტი ადამიანი, ვისაც ჰანას თავზე ზვავივით დატეხილ უბედურებასთან რაიმე კავშირი აქვს. სხვა გზაც რომ არ დარჩენიათ? არ მოუსმენენ, არ გადაუგზავნიან მომდევნო არამზადას და მათი საქმენი საგმირონის შესახებ მთელი ქალაქი შეიტყობს – ჰანამ უკვე იზრუნა ამაზე.

(more…)

Read Full Post »

თბილისის წიგნის წლევანდელი ფესტივალი, ტრადიციულად, მაისის ბოლოს იმართება, ტრადიციულად ოთხდღიანია და, როგორც აქამდეც ხშირად მომხდარა, ამ ოთხი დღიდან ორი სამუშაოა.

აქამდე რაღაცნაირად მაინც ვახერხებდი სამსახურიდან გამოღწევას, მაგრამ წელს ოთხდღიანი ბიბლიოორგიის მოწყობა თეორიულადაც კი გამორიცხულია – ხუთშაბათს და პარასკევს სამსახურში ვიქნები და წიგნებისთვის მხოლოდ შაბათ-კვირას მოვიცლი.

ჰოდა, ამ პრევიუს, პირველ რიგში, იმათთვის ვწერ, ჩემს დღეში რომ არიან – “ექსპო ჯორჯიას” მეთერთმეტე პავილიონში ამო და აუჩქარებელი ბოდიალისთვის დრო არ გვექნება; ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, სად რა მოვიძიოთ და პირველ რიგში რომელ სტენდებს დავესხათ თავს.

აქედანვე გეტყვით, იმდენი სიახლეა, იმდენი სასიამოვნო და საინტერესო ამბავი, ყველას დაწვრილებით აღნუსხვას ერთი პოსტი ნამდვილად არ ეყოფა. საგანგებო კატალოგები და პრეს-რელიზები ფესტივალის ოფიციალურ გვერდზეც დევს და გამომცემლობებიც აქტიურად აქვეყნებენ. დეტალებს მანდ ნახავთ. მე ყველაზე საინტერესოს მოგიყვებით.

(more…)

Read Full Post »

პოსტი დაწერილია თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისთვის

 

არაერთხელ მითქვამს – თუ რამეს ვერ ვიტან, აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაა, ვიღაცის ან ვიღაცების მიერ გულმოდგინედ ჩამოწერილ-ჩამოწიკწიკებული. რა ვქნა, არ მიყვარს დირექტივები და მომკალით. არც იმაზე ვგიჟდები, ვინმე საკუთარ გემოვნებას რომ მახვევს თავს. არადა, მგონი სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ახლა – ერთი რომანის წაკითხვა დაჟინებით უნდა გირჩიოთ და საკუთარი პრინციპებისგან ასეთ გადახვევას მხოლოდ იმით თუ გავამართლებ, რომ მარკუს ზუზაკის “წიგნის ქურდი“ მარტო წიგნი არ არის – დაუნდობელი დარტყმაა მზის წნულში.

კაცმა რომ თქვას, რა უნდა დაწერო დღეს ახალი ომის შესახებ? მაგრამ როცა 1939 წლის იანვრის სუსხიან დილას ლიზელ მემინგერთან ერთად დაადგებით გზას, მიხვდებით, რომ მარკუს ზუზაკმა ეს მოახერხა, თანაც ისე, რომ სანამ ბოლო გვერდებსაც ჩაიკითხავთ, ბევრჯერ სუნთქვაც გაგიჭირდებათ და ფანჯრის გასაღებადაც წამოდგებით, რომ დახშულ ფილტვებს ორიოდე ყლუპი ჰაერი მიაშველოთ.

(more…)

Read Full Post »

Tbilisi Book days 2014

Tbilisi Book days 2014

მაისში, წიგნის ფესტივალზე, გემახსოვრებათ, ხმა გავრცელდა: რაღაც ამდაგვარი წლის ბოლოსაც ჩატარდებაო, ოღონდ კონკრეტული არავის არაფერი დასცდენია. ჰოდა, ისე გამოვიდა, თბილისის წიგნის დღეები ბიბლიოფილებს ღრმად სასიამოვნო სიურპრიზად დაატყდა თავს.

ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის ნამდვილად მოულოდნელი იყო და შემოდგომის  ბოლო უიქენდის გეგმების გადაწყობაც ფორს-მაჟორულ რეჟიმში მომიხდა.

წიგნის ფესტივალი ღმერთმა ოთხდღიანი შექმნა – არ იჩქარო, ოთხივე გამოიყენეო. ჩემს სამსახურს ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რატომღაც, განსხვავებული მოსაზრება აქვს და ხუთშაბათ-პარასკევს “ექსპოს” სტუმართმოყვარე პავილიონებში ატეხილ თუხთუხს და რიარიას შორიდან ვადევნებდი თვალს, გაავებული და გაბოროტებული. არა, წიგნები კი მომიცუხცუხეს კეთილმა ადამიანებმა, მაგრამ სხვა რომ გაგეგზავნება ერთია და შენ რომ დაბოდიალობ სტელაჟებს შორის – მეორე…

(more…)

Read Full Post »

kim georgian edition

პირველად დაიბეჭდა თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალის კატალოგში.

 

მოგზაურობა გიყვართ? ოღონდ ცივილიზებულ ქვეყნებში კომფორტულ გადაადგილებას არ ვგულისხმობ, ბოინგით რომ ჩაფრინდები რომელიმე თანამედროვე აეროპორტში, სასტუმროში მისრიალდები, ცხელ შხაპს მიიღებ და ქალაქის ღირშესანიშნაობათა დასათვალიერებლად გასწევ კოხტად გამოწყობილი, ასფალტ-ასფალტ. საღამოს კი რესტორანში გაიჯგიმები ოფიციანტის მოლოდინში, მუხლზე ქათქათა ხელსახოცგადაფენილი.

მე სხვა სამყაროში სამოგზაუროდ გეპატიჟებით, ხმაურიან, ფერად, ათასი ჯურის მაწანწალით, სიქჰებით, სიფაიებით, რიქშებით დასახლებულ სამყაროში, სადაც ერთმანეთს ერწყმის აღმოსავლეთი და დასავლეთი, სადაც ქუჩები სავსეა ხმამაღალი გადაძახილით, ბაზარში ტროპიკული ხილის თავბრუდამხვევი სურნელი ტრიალებს და ვიწრო შუკაში მოულოდნელი ხიფათია ჩასაფრებული; აქ ვერავის ენდობი, რადგან ვერასოდეს გაიგებ, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე, ვინ ინგლისის ჯაშუშია და ვინ – რუსეთის… ეს ინგლისელი ნობელიანტის – რედიარდ კიპლინგის ინდოეთია.

(more…)

Read Full Post »

1

ყველაფერი კარგი მალე სრულდებაო, ნათქვამია და ეს წიგნის ფესტივალიც ხელში ჩაგვადნა.  ჰოდა, სანამ გამომცემლობები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან, მკითხველები ნადავლს თაროებზე დააბინავებენ და პირველ რიგში წასაკითხ წიგნებს ცალკე გადააწყობენ, სანამ ქართული ბიბლიოსამყარო ჯერ ისევ საფესტივალო რიტმით ცხოვრობს, დროს ვიხელთებ და ჩემს იმპრესიებსაც გაგიზიარებთ.

ფესტივალი იყო სიახლემრავალი, ხალხმრავალი და ხმაურიანი. შიგადაშიგ – ზედმეტად ხმაურიანიც კი… ბუნებრივია, ასეთ თავყრილობაზე სალონურ გარემოს არავინ ითხოვს, მაგრამ პოპულარული გამომცემლობა რომ ხარ, წიგნების კალათა განსაკუთრებული საფესტივალო გამოცემებით გაქვს სავსე და მკითხველთა დიდ ნაკადსაც ელოდები, სულ მცირე, კომფორტულ სტენდსა და ყოჩაღ კონსულტანტებზე მაინც უნდა იზრუნო.

თუმცა ეს მხოლოდ სიცხითა და მოუწესრიგებელი რიგებით გულშეღონებული სტუმრის პოზიციაა, გამომცემლობებს საკუთარი სიმართლე აქვთ, კომფორტული გარემოს შექმნა, ყველაზე მეტად, ალბათ, მათვე აძლევთ ხელს, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭიროა და უკეთესი.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: