Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ზღაპრები’

რას აღარ იხსენებენ ხოლმე ადამიანები – პირველ სიყვარულს, პირველ პაემანს, პირველ გაკვეთილს, პირველ მასწავლებელს… და არასოდეს გამიგონია, ოდესმე ვინმეს პირველ წიგნზე ეთქვას რამე, აი, იმაზე, დამოუკიდებლად რომ წაიკითხა თავიდან ბოლომდე და არც დედას მისდგომია, არც მამას და არც ბებიას – არიქა, მიშველეთ, სიტყვებში დავიკარგეო.

სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს – ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

 

ერთი, ფრიად პოპულარული და ფართოდ გავრცელებული სისულელის თანახმად, ამქვეყნად მნიშვნელოვანი, ღირებული და ფასეული მხოლოდ კლასიკაა. საბავშვო ლიტერატურა გასართობი, არასერიოზული, მეორეხარისხოვანი საკითხავია.

ეს, რბილად რომ ვთქვათ, ბრიყვული მოსაზრება მომისმენია და წამიკითხავს ფეისბუქზე, ჩემი ბლოგების კომენტარებში, სხვის ბლოგებზე, წიგნის მაღაზიებში, ქუჩაში, სამარშრუტოში, წიგნის ფესტივალზე. მოკლედ, ყველგან, სადაც საქართველოა და წიგნებზე ლაპარაკობენ. წიგნებზე საუბარი კი, ამ ბოლო დროს, მოგეხსენებათ, არავის ეზარება – ორიოდე ასეული წაკითხული გვერდის შემდეგ რატომღაც ყველას ბიბლიოექსპერტობაზე აქვს პრეტენზია და ჰოი, საოცრებავ, უმრავლესობა უკვდავი კლასიკის ადეპტი აღმოჩნდება ხოლმე.

სულ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ბუკინისტური წიგნების ფასებიც. ხშირად, ამ უკვდავი და უნივერსალური ფორმულით განისაზღვრება.

ბუკინისტურ სტენდებს რომ დააკვირდეთ, წინა პლანზე, საუკეთესო ადგილას კლასიკად მიჩნეული სქელ-სქელი ტომებია ჩამომწკრივებული. ფერად-ფერადი საბავშვო წიგნები კუთხეშია მიწყობილი, ისე, სასხვათაშორისოდ, “გვაქვს და ხომ არ გადავყრით” პრინციპით.

ფასებიც, როგორც წესი, სასხვათაშორისოა.

(more…)

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, მიცნობთ. მე ვინ არ მიცნობს. ბავშვი რომ გააჩერო ქუჩაში, გააჩერო კი არა, ნაშუაღამევს რომ გამოაღვიძო და ჰკითხო, ქართული ზღაპარი მითხარიო, ჯერ ნაცარქექია გაახსენდება, მერე კომბლე. კომბლეც იბოღმება და ცხვარს რომ კლავს, ჩაქაფულზე არ მპატიჟებს. ბატონო? სულ ორი ცხვარი ჰყოლია და რას კლავსო? ვინ გითხრათ, რაის ორი ცხვარი, ფარები დაუდის იალაღებზე. ის მსუქანი სათვალიანი კაცი ტელევიზორში რასაც ჰყვება, ყველაფერს კი ნუ დაიჯერებთ.

ქართული ზღაპარი იქით იყოს, ვიღაცები გაიძახიან, ნაცარქექია დროშაზე და გერბზე უნდა გვეხატოს, ნაღდი ქართველია, ზარმაცია, მაგრამ ნიჭიერიო. რაღაც უცნაურ სიტყვასაც ახსენებენ. ჰო, გეოპოლიტიკას. ჩვენს ჩლუნგ და მიწაყლაპია მეზობელს, ნაცარქექიასავით, კრეატივით უნდა ვაჯობოთო.

არადა, ღმერთი, ხატი, რჯული, არც ცნობადობა მხიბლავს და გერბზე დახატვაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი ამბიციურიც არ ვარ (ხომ ვამბობ, ტიპურ ქართველად არ გამოვდგები-მეთქი). ბუხართან ჯდომა მიყვარს და ნაცრის ქექვა, მეტი არაფერი და ესეც არ დამაცალეს. თან ვინ? ღვიძლმა ძმებმა :(

გრძელი ამბავია, თუ მაცლით, წვრილად გიამბობთ. ზღაპარი წაკითხული გექნებათ. მანდ, ერთი შეხედვით, ყველაფერი სწორად წერია, მაგრამ თანამედროვე მედია როგორ მუშაობს, ხომ იცით – ფაქტებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ინტერპრეტაციაა.

(more…)

Read Full Post »

 

კითხვა სიამოვნებაა. სიამოვნებას წესები, დათქმები, შეზღუდვები და ვალდებულებები არ უხდება.

მარტივი ჭეშმარიტებაა, ღმერთმანი, მაგრამ ამ მარტივი ჭეშმარიტების საპირისპიროდ რამდენი სიბრიყვეც მომისმენია და წამიკითხავს, იმდენი სიკეთე და კარგი წიგნი თქვენ.

ტრანსპორტში კითხვა მარიაჟობააო, ქინდლში წაკითხული წიგნი წაკითხულად არ ითვლებაო, დეტექტივი მდარე ჟანრია და ფანტასტიკა – საბავშვო საკითხავიო.

ვისაც როგორც უნდა, ისე ჩათვალოს. ყველას აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, ამტკიცოს თუნდაც გაუვალი სიბრიყვე, იკითხოს მხოლოდ გოეთე (ან მხოლოდ სერვანტესი, ან მხოლოდ სტრუგაცკები) და წლის ბოლოს, კაი ბუღალტერივით, წაკითხული გვერდები თვალოს. ერთი ლეგენდარული ლიტერატურული პერსონაჟის არ იყოს, სხვის საქმეში არ ვერევი მე და სხვისთვის (ჭკუის) სწავლება ჭირივით მძაგს, მაგრამ ზუსტად იმ სხვას არ ასვენებს გამჩენი და ის სხვა ცდილობს, მიკარნახოს, რა ვიკითხო, სად და როგორ.

ზაფხულში, ხალხმრავალ წიგნის მაღაზიაში, ასეთ დიალოგს (სინამდვილეში – მონოლოგს) შევესწარი. თავად ახალგაზრდა ქალი თხუთმეტიოდე წლის გოგოს ამუნათებდა, რა დროს შენი ზღაპრებია, რით ვერ გაიზარდეო.

(more…)

Read Full Post »

შინ, ძველ თაროზე, ერთი წიგნი მიდევს.

თითქოს არაფერი განსაკუთრებული. არც ბებია ასტრიდის შედევრია, არც გურამ პეტრიაშვილის ან დონალდ ბისეტის ზღაპრების კრებული, არც მათიუშია და არც “სალამურას თავგადასავალი”. ყდაც სადაა, მწვანე ფერში გადაწყვეტილი. სიმპათიურია, მაგრამ რა გითხრათ, უკეთ გამოცემული საკითხავიც გვინახავს.

საბავშვო კია, მაგრამ ჩემი საყვარელი “ნაკადულის” – არა. რატომღაც “ხელოვნებას” დაუბეჭდავს.

ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წიგნია. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

სათაურიც მარტივი აქვს – “ფილმი-ზღაპრები”. სინამდვილეში, ფილმების კი არა, მულტფილმების სცენარებია.

ცხრა წლისას მაჩუქეს. იმ დროს წიგნებს ჩემითაც გადასარევად ვყიდულობდი ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნების მაღაზიაში, მაგრამ ამას, რატომღაც, ავცდი. დედამ მომიტანა.

(more…)

Read Full Post »

სამიოდე კვირის წინ, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღისთვის, “არტანუჯმა ფეისბუქის გვერდზე ისეთი ლამაზი წიგნის ყდა გამოაქვეყნა, კარგა ხანს თვალი ვერ მოვწყვიტე.

დიანა ანფიმიადის “სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” გამოვცემთ, არ დავაგვიანებთ, აპრილის ბოლოს გვექნებაო.

აპრილის ბოლომდე რა მომათმენინებდა, მივდექი, მოვდექი, ქვეყანა ვერა, მაგრამ დიანა კი შევაწუხე, სანამ წიგნის მაღაზიებში გამოჩენილა, ცალი თვალით მაინც ჩამაჭყიტე-მეთქი.

კი, ბატონოო, დიანამ, იოლი სამსახურიაო.

გამომიგზავნა ფაილი და ისეთი კვირადღე მოვიწყვე, ძალიან რომ მიყვარს, მაგრამ სულ უფრო იშვიათად რომ ხერხდება: საქმე არ მქონდა, არც სადმე მეჩქარებოდა, კომპიუტერთან მოვკალათდი,  ტკბილი ჩაი და შინაური კექსი მოვიდგი და ყველა მნიშვნელობით ფერად ზღაპრებს ჩავუჯექი.

(more…)

Read Full Post »

zgaprebi

ბავშვობაში ზღაპრების დიდი მკითხველი და გულშემატკივარი გახლდით. შეიძლება ითქვას, თავგადაკლული.

“ზღაპრის გუდას” ხომ ვუსმენდი ხაზის რადიოში ყოველ საღამოს, ისე რა დამაძინებდა, ნაირ-ნაირი გრამფირფიტები ხომ მეწყო ოთახში დასტად – იმდროინდელი აუდიოწიგნები, ბებიებიც მიკითხავდნენ და მეც ვცდილობდი ნელ-ნელა, დამარცვლით და თითის გაყოლებით, სანამ კითხვას ვიწავლიდი. უამრავი ზღაპარი მქონდა შინ, ქართულადაც და სხვა ენებზეც, თხელი, სქელი, სურათებიანი, ასეთი, ისეთი…  მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების ტომეულები არ მქონია.

წიგნები, კაცმა რომ  თქვას, არ მაკლდა. ჩემები, რასაც ბათუმში ვერ მოიხელთებდნენ, თბილისში ეძებდნენ, ან უფრო შორიდან ჩამოჰქონდათ. აი, იმ ფერად-ფერად, უცნაურად მოხატულ ტომებს, რატომღაც, ავცდი.

ერთადერთი, აფრიკული ზღაპრები მაჩუქეს დაბადების დღეზე. რატომ ასჯერ არ გადავიკითხე. ლამის ზეპირად ვიცოდი.  უცხო იყო და უცნაური, ეგზოტიკური და ძალიან საინტერესო. იქამდე არც პერსონაჟები შემხვედროდა მსგავსი, არც სიუჟეტი… მოკლედ, ხელიდან ვერ მაგდებინებდნენ.

შარშან ზაფხულს, ბლოგერული შვებულების დროს, გადავწყვიტე, მოდი, იმ ძველ, სრულ სერიას შევაგროვებ-მეთქი.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: