Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვორდპრესი’

ყოველ ზაფხულს, ჰაერში არდადეგების სურნელი რომ დატრიალდება და დიდსა და პატარას ნეტარი უსაქმურობის განწყობა მოეძალება, შრეკისკატისთვალებიან  ბლოგს ვწერ და მკითხველებს (ნაადრევი) შვებულების მიზეზს ვუხსნი.

წელს, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. არც ოლიმპიადაა, არც რომელიმე მსოფლიო ჩემპიონატი. სამსახურში ჩვეულებრივ დავიარები და დასვენებას არ ვფიქრობ. არც ზღვაზე ვაპირებ გასხლტომას. საკურორტო რიარიას გაზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ბათუმი მირჩევნია, დაცარიელებული ბულვარით, მიყუჩებული კაფეებით, დამსვენებელთათვის უჩვეულოდ გარინდებული.

ერთი შეხედვით, ხელმოსაჭიდი საშვებულებო მიზეზი არ მაქვს. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

გულწრფელად გეტყვით, ასეთი მძიმე სეზონი ჯერ არ მქონია.

(more…)

Read Full Post »

ფუნთუშებიბლოგერ მკითხველებს ჩემზე უკეთ მოეხსენებათ, ვორდპრესულ ხლართებში ნაკლებად გათვითცნობიერებულებს კი გეტყვით, რომ სამზარეულოში, თქვენთვის ცხელ-ცხელი პოსტები რომ ცხვება, ერთი ასეთი კუთხეა – Search Engine Terms, იმ სიტყვებითა და ფრაზებით გამოჭედილი, ვიზიტორებს კომპასივით რომ მოუმარჯვებიათ და ბლოგს მოსდგომიან.

ყოველდღე, დილიდან საღამომდე, ვირტუალურ საკუჭნაოში ათასნაირი სიტყვა და ფრაზა ხვდება. სულო და გულო, რას აღარ წააწყდები! ზოგჯერ ისეთ მაძიებელს გადაეყრები, გაოცებისაგან თვალები შუბლზე აგიცოცდება – აქ როგორ მოხვდაო. წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მათი გამომზეურება სახალისო კომენტარების თანხლებით კი ქართველ ბლოგერთა ძველი და ურყევი ტრადიციაა.

Search Term-ებს, ცხადია, მეტწილად ბლოგის თემატიკა განაპირობებს და არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ კულინარიურ რესურსზე სიტყვათსაცავი ძირითადად სალათებით, რეცეპტებითა და ნამცხვრებით არის გაძეძგილი, Fashion-ბლოგზე – ცნობილი ბრენდებით, მუსიკალურ ბლოგს სხვანაირად აგნებენ, სამხედროს – სხვანაირად…

მოლი ბლუმის ბლოგზე წიგნები, ავტორები და ლიტერატურული პერსონაჟები ჭარბობენ.

(more…)

Read Full Post »

wordpress multisite

პოსტის სათაურს რომ ვუყურებ, თავადვე მეღიმება – ის ძველი თემები მახსენდება, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ თავის დროზე და, გინდოდა თუ არ გინდოდა, რაღაცნაირი, სასაცილო პათოსით გაჟღენთილი გამოდიოდა.

ოღონდ, კოლეგა ბლოგერებო, არ მითხრათ, ამაზე არასოდეს გვიფიქრიაო – მაინც არ დაგიჯერებთ :)

მესამე წელია, ამ სტუმართმოყვარე პლატფორმით ვსარგებლობ და ისე მომწონს, სხვაგან გახვევის სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. თუმცა, ამქვეყნად იდეალური არაფერია და ხანდახან მეც დამცდენია – ჩემი ნება რომ იყოს, ამას უკეთესად გავაკეთებდი-მეთქი.

განა საყვედურით ვამბობ – მართლა მოსახერხებელი, კომფორტული და User Friendly-ა ჩვენი “ვორდპრესი”. კონკურენტებს ვერც შევადარებ – რომელი ერთი გაეჯიბრება, მაგრამ კაცია და გუნებაო, ხომ იცით… რაღაცების შეცვლა არ იქნებოდა ურიგო. ერთი, ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, “и мне будет приятно, и тебе будет приятно”.

ერთი სიტყვით, მე რომ WordPress-ის ადმინისტრატორი ვიყო, პატარ-პატარა კრეატიული იდეები შემაწუხებდა ხოლმე:

(more…)

Read Full Post »

professione - blogger

ჩემმა ძველმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ, ბლოგზე მორიგი ვიზიტის შემდეგ – შენ, მგონი, პროფესია შეცდომით აირჩიეო.

იხუმრა, ცხადია, მაგრამ ხომ გაგიგონიათ – იმ ხუმრობას რა ვუთხარი, სიმართლის გვარიანი ყლუპი თუ არ ურევიაო.

არადა, ზუსტად ვიცი – არაფერი შემშლია და სწორედ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მომწონს.

არ დამიჯერებთ, მაგრამ ღრმა ბავშვობაში ნაირ-ნაირ ეგზოტიკურ პროფესიაზე ოცნებას, რატომღაც, ავცდი. ერთი ეს იყო – ნაყინის გამყიდველობა მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, უგემრიელეს, ვაფლისჭიქიან პლომბირს იმდენს მიირთმევდა, რამდენიც გაუხარდებოდა… მერე, ბებიას და მამის მაგალითმა იქონია გავლენა, დეტექტივების სიყვარულმაც თავისი გაიტანა და იურისტობაც მტკიცედ გადავწყვიტე.

ჰოდა, ასე მოვედი აქამდე, კოდექსებში, დებულებებსა და ბრძანებებში ჩაფლული და სხვა, უკეთესი და უფრო საინტერესო საქმე თუ მოიძებნებოდა ჩემთვის, არც მეგონა, მაგრამ კაცი ბჭობდაო, გეცოდინებათ… შემიჩნდა ეშმაკი და ვორდპრესის აწ უკვე მშობლიურ, მაშინ კი უცხო და უცნაურ ხლართებში გავები.

(more…)

Read Full Post »

ღრმად პატივცემულმა ენგელსმა ბრძანა, შრომამ შექმნა ადამიანიო, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, რომ დასვენებამ კმაყოფილი და ბედნიერი ჰომო საპიენსი მოუვლინა ქვეყანას.

საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ეჭვი მეპარება, ჩემმა სტუმრებმა იცოდნენ, ენით აუწერელი ზარმაცი რომ გახლავართ. წელიწადნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კვირაში სამ პოსტს დაწერ, თითოეულ სიტყვას და წერტილ-მძიმეს საგულდაგულოდ გაასწორებ და დათქმულ დროზე გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი თავყრილობიდან დარსა თუ ავდარში უკანმოუხედავად გამოიქცევიო, გულიანად გამეცინებოდა და, რა თქმა უნდა, არ დავიჯერებდი.

არადა, ფაქტია – შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტისას თუ ლუკულუსის ნადიმზე, სახლსა თუ სამსახურში, ავადმყოფობისა თუ კარგად ყოფნისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში ერთი წუთით არც ბლოგი დამვიწყებია, არც მკითხველები და ჩემივე დაწესებული მკაცრი გრაფიკი ოდნავადაც არ დამირღვევია.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: