Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ვილი ვონკა’

ჩარლი ბეკეტი ერთი დიდი ქალაქის განაპირას, ხის სახლში, მშობლებთან და ბებია-ბაბუებთან ერთად  ცხოვრობს. ოჯახს თვიდან თვემდე თავი გაჭირვებით გააქვს, ჩარლის გემრიელი სადილი ენატრება, შოკოლადს მხოლოდ წელიწადში ერთხელ, დაბადების დღეზე მიირთმევს… ერთ მშვენიერ დღეს, ქალაქში საოცარი ამბავი გავრცელდება – სასწაულმოქმედი კონდიტერი ვილი ვონკა ჯადოსნურ გათამაშებას აწყობს. ოქროს ბილეთის მფლობელ  ხუთ ბავშვს შოკოლადის ფაბრიკაში დაუვიწყარი ექსკურსია, იქ მომუშავე უუმპა-ლუმპების გაცნობა, უამრავი სიუპრიზი  და საჩუქარი ელის. ვილი ვონკა აცხადებს, რომ თავად დაათვალიერებინებს ბავშვებს ქარხანას და ყველა საიდუმლოს აჩვენებს. მეხუთე ბილეთი, ბედად, ჩარლის ერგება…

როალდ დალის “ჩარლი და შოკოლადის ქარხნის” ფაბულა რაში დამჭირდა, ახლავე აგიხსნით.

თურმე, ჩვენს განათლების სამინისტროს საჯარო პოლიტიკის ფორმირების ერთობ ორიგინალური სქემა ჰქონია. განათლების მინისტრი სამოქმედო გეგმას, არც მეტი არც ნაკლები, ძილის წინ წაკითხული წიგნების მიხედვით ადგენს. არ გჯერათ? თავად განსაჯეთ. ჯერ იყო და ჯადოქრების ერთადერთი ციხის – აზკაბანის სანიმუშო წესრიგი მოეწონა და სკოლების უსაფრთხოება დემენტორ… უკაცრავად, მანდატურებს ჩააბარა (ამ კონკრეტულ ანალოგიას აღარ გავაგრძელებ, ძალიან ცუდი რამ გამოდის),  სტეფანი მაიერის “ბინდით” შთაგონებულმა,  უკვდავი ფრაზა – “თქვენს სისხლს დავლევო”  – წარმოთქვა (მე კი მერჩივნა, სტოკერის “დრაკულა” წაეკითხა, მაგრამ რაღაც არ მგონია), სამინისტროს ბოლო აქციას კი აშკარად ეტყობა დალის უსაყვარლესი ზღაპრის გავლენა.

თუ ისევ არ გჯერათ,  ეს ნახეთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მოსწავლეებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ომში დაღუპულ ქართველ გმირთა შვილებს ,,ბარამბოს” ტკბილეულის ქარხანამ უმასპინძლა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან კოკა სეფერთელაძესთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა დაათვალიერეს, გაეცნენ იმ მეთოდებსა და საშუალებებს, რასაც ქარხნის კვალიფიციური თანამშრომლები ტკბილეულის დასამზადებლად იყენებენ. როგორც პატარა სტუმრებმა განაცხადეს, ეს დღე მათთვის განსაკუთრებული იყო და არასოდეს დაავიწყდებათ. დასასრულს, ყველა ბავშვს ..ბარამბოს” ტკბილეული საჩუქრად გადასცეს.

ჩვენ ახლა ის ვიდარდოთ, მინისტრს, შემთხვევით, ლინდგრენის “მაწანწალა რასმუსი” არ შემოეკითხოს, თორემ ყველა სკოლას ერთ დღეს დახურავს.

დავწერე ეს და ვფიქრობ, იქნებ, არც არაფერია საქილიკო და ირონიაც უადგილოა. ბოლოს და ბოლოს, ცუდი არაფერი მომხდარა, ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ, პირიც ჩაიტკბარუნეს და შინ უკმაყოფილოები არ დაბრუნებულან, მაგრამ გმირთა მოედანზე მოშიმშილე ომის ვეტერანების აქციის დაშლიდან ზუსტად ორ დღეში, ომში დაღუპულთა ბავშვებისათვის  ექსკურსიის ავარიული წესით, სრულიად ქართული ტელემედიის  თანხლებით მოწყობა, ნაუცბათევად და უნიჭოდ დაგეგმილ პიარსვლას ჰგავს და თუ მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის უხეირო და უგერგილო მცდელობა იყო, კიდევ არაუშავს…

Advertisements

Read Full Post »

ჩემი შარშანდელი წიგნები

ქართველ ბლოგერებს ერთი ოქროს წესი აქვთ – დეკემბრის ბოლოს შემაჯამებელ პოსტებს წერენ და ახალ წელს ვალმოხდილნი ხვდებიან. ირლანდიური გვარ-სახელის მიუხედავად, მეც ქართველი ბლოგერი ვარ და ტრადიციას ნამდვილად არ დავარღვევდი, მაგრამ დეკემბრის ბოლოს (ანუ ათი დღის წინ) ბლოგი საერთოდ არ მქონდა და შემაჯამებელი პოსტის ნაცვლად შემწვარი გოჭის ყურებზე ვფიქრობდი.

სამაგიეროდ, ახლა მაქვს და ახლა დავწერ. დიდი ამბავი, ცოტას თუ დავაგვიანებ. 14 იანვრამდე მაინც საახალწლო რეჟიმში ვცხოვრობთ.

შემაჯამებელი პოსტის თემად, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს ირჩევენ. მოლი ბლუმმა აბა სხვა რაზე უნდა დაწეროს – შარშან წაკითხულ ძალიან კარგ და ძალიან ცუდ წიგნებს გავიხსენებ.

ზაზა ბურჭულაძის “adibas”-ზე ბევრი ითქვა და დაიწერა. მოწონებით ყველას მოეწონა. ზოგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ერთმა ჩემმა მეგობარმა – უბრალოდ კარგი წიგნია, მეტი არაფერიო  ( მგონი, “უბრალოდ კარგი წიგნობაც” საკმარისია).  ჩვეულებრივიაო, არავის უთქვამს.

თავის დროზე “ალი და ნინო”-ზე ამბობდნენ, ერთ ღამეში წასაკითხიაო. “adibas”-ის კითხვა ღამის 12-ზე დავიწყე, მერე ორჯერ გადავდე, სიამოვნების გახანგრძლივებას ვაპირებდი და დილისთვის ვინახავდი. ვერ მოვწყდი. 2 საათისთვის მოვრჩი.  ჩემი მეგობარი მართალია – განსაკუთრებულს არაფერს ამბობს ზაზა, თითქოს ყველაფერი ნაცნობია, ათასჯერ ნანახი და გაგონილი, მაგრამ ომზე და თბილისზე ასეთი წიგნი ჯერ არავის დაუწერია. “adibas”-ი ნამდვილი თბილისი ლაივია. სამწუხაროდ, თბილისი 2008 წლის ზაფხულის შემდეგ არ შეცვლილა და არა მგონია, უახლოეს ხანებში შეიცვალოს.
(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: