Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ეკა ქევანიშვილი’

 

20140921_213706

ჩემი “საბა”

არ მგონია, ვინმეს დავიწყებოდა, მაგრამ მაინც იმით დავიწყებ, რომ ხვალ “საბაა“, წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა, რუსთაველის თეატრში და “რუსთავი-2”-ის ღია ეთერში, ოცდაორში ოცდაორზე.

საერთო აზრი “საბაზე” კი არა, ნობელის ლიტერატურულ პრემიაზეც არ არსებობს. ზოგი ემადლიერება, ზოგი ეჭვის თვალით უყურებს – წიგნების ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს გამოვლენა რა ახირებაა, ჩემთვის საუკეთესო ის არის, რაც მე მომწონსო, მაგრამ ფაქტია, “საბაზე” მაინც ყველაზე მეტს ლაპარაკობენ, ყველაზე დაწვრილებით განიხილავენ, შორთლისთში მოხვედრა ყველაზე მეტად უხარიათ და გამარჯვებითაც ყველაზე მეტად ამაყობენ.

ჰოდა, მოლი ამ ამბავს როგორ გამოტოვებდა. მით უფრო, ჩანთაში კუწკუწა მოსაწვევი უდევს და ორშაბათს ნომინანტებზე ნაკლებად არ ელოდება :). სანამ წლევანდელი ტრიუმფატორების ვინაობა გაგვიგია, მოდი, ერთად გადავხედოთ ნომინანტთა სიას – რა გვაქვს და რას ველით.

შეხსენება ზედმეტი მგონია, მაგრამ კიდევ ერთხელ და ძალიან მოკლედ – ფორმატზე: ჯერ ლონგლისტი ივსება მთელი წლის ლიტერატურული მონაგარით, მერე მკაცრად გასაიდუმლოებული ჟიური არჩევს რჩეულთა შორის რჩეულებს – შორთლისტს და ბოლოს უკვე – ლაურეატებს.

ვიდრე საქმეზე გადავალ, რამდენიმე აუცილებელი განმარტება უნდა გავაკეთო. რიტორიკაში წერია, ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მე ვინ ვარ, რომ ეს წესი არაფრად ჩავაგდო :)

შორთლისტში ჩემი მეგობრებიც არიან, ადამიანები, რომელთა წარმატებაც გულით მახარებს და ყოველთვის და ყველგან ვგულშემატკივრობ, მაგრამ ახლა ზედმიწევნით ობიექტური ვარ – წიგნებზე ვყვები და სხვანაირად არ გამოვა, ერთი კარგი ქართული ფილმისა არ იყოს, პირადი გრძნობები გვერდზე უნდა გადავდო.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

stephen king autograph

უავტოგრაფო წიგნებს თითქოს რაღაც აკლიათ, თითქოს ავტორს პირველი ფურცლის დაწერა დაავიწყდაო.

ჰექსე

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა – ორიოდე თვის წინ ქართული “ფეისბუქი” ერთი ბიჭის ამბავმა წალეკა – სოფელში ვცხოვრობო, წიგნები მიყვარსო, ყველა პრეზენტაციას ვესწრებიო, შვიდი ათასი წიგნი უნდა შევაგროვო და ყველა – ავტოგრაფითო.

თუ არ ვცდები, სოფლის ბიბლიოთეკისთვის ჩუქებას აპირებდა.

ავტოგრაფებით დამშვენებული ტომეულები ბიბლიოთეკას ალბათ მოუხდება კიდეც, მაგრამ კერძო კოლექციისთვის ამდენი სამახსოვრო ხელმოწერა ნამეტანი მგონია.

გასაგებია, თანამედროვე ტრენდია – ცინცხალი გამოცემები პრეზენტაციებზე განსაკუთრებული ფასდაკლებით იყიდება და ერთგული მკითხველი ფავორიტი ავტორის ავტოგრაფსაც იღებს საჩუქრად. ასეა მთელ მსოფლიოში და გასაკვირიც არაფერია, მაგრამ შვიდი ათასი?! ავტოგრაფი, ჩემი მოკრძალებული აზრით, ან საყვარელ მწერალს  უნდა გამოართვა, ან განსაკუთრებით გულში ჩავარდნილ წიგნზე მოაწერინო ხელი და ასეთი კრიტერიუმებით რომ მიუდგები, ათასობით ფაქსიმილეზე ლაპარაკი, მგონი, ზედმეტია.

შინ, თაროებზე, წიგნები მაკლია-მეთქი, ვერ ვიტყვი; მაკლია კი არა, უკვე სერიოზულად ვფიქრობ, ოჯახის წევრების დეპორტაცია და ახალი თაროების მიჭედება რომელი ოთახიდან დავიწყო; მაგრამ სულ რამდენიმეა ხელმოწერილი და ყველას განსაკუთრებული ისტორია აქვს.

(more…)

Read Full Post »

დღეს ბლოგის არქივს ვათვალიერებდი და რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული ფორუმისთვის მიცემულ ინტერვიუს წავაწყდი. გადავხედე და ვიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა, ზოგიერთ საკითხზე მოლი ბლუმის შეხედულება ჩემი მკითხველისთვისაც გამეცნო – კითხვა–პასუხი, ვგონებ, უინტერესო არ უნდა იყოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინტერვიუში გამოთქმული აზრები თქვენს პროტესტს გამოიწვევს, დისკუსიისთვის ყოველთვის მზად გახლავართ.

გიორგი კილაძე:  “მოლი ბლუმი”, საინტერესო ფსევდონიმია…  მიზეზთა გამო ჩავთვალოთ დღეს 16 ივნისია… კითხვა პირველი:   მოლი ბლუმის ლიტერატურული და არა მარტო  ლიტერატურული CV.

მოლი ბლუმი: ჩავთვალოთ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო :) პატარა, ზღვისპირა ქალაქში დავიბადე, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს… ახლა თბილისში ვცხოვრობ, პროფესიით იურისტი გახლავართ, ლიტერატურული ამპლუას მიხედვით კი – მკითხველი.

“მოლი ბლუმის ჰედონისტური მანიფესტი” სატირაა თუ იუმორი?

ვფიქრობ – არც ერთი. მინდოდა, მკითხველისთვის მინიმალური ინფორმაცია მიმეწოდებინა ჩემ შესახებ და ეს ფორმა ავირჩიე.  ფერადი და სიმპათიური ჩამონათვალი გამოვიდა. ამბობენ, ადამიანს ის უფრო მკვეთრად ახასიათებს, რაც არ უყვარსო, მაგრამ  “სავიზიტო ბარათში” ნეგატიურ ჟღერადობას მოვერიდე.

ბლოგერი ხარ, ვიცი. რა არის შენთვის ბლოგერობა? საერთოდ, რატომ ხდებიან ბლოგერები?

ბლოგი ყველასთვის პირველ რიგში “express yourself” ოფციაა, ჩემთვის კი, ამასთან ერთად, ერთგვარი გამოწვევაც იყო. არასოდეს არაფერი დამიწერია.  კაცმა რომ თქვას, არც ახლა ვწერ – ეს ყველაფერი ხმამაღლა ფიქრს, ბლოგის სტუმრებისთვის აზრების გაზიარებას უფრო ჰგავს… მკითხველთან ურთიერთობას ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ და ეს პროცესი, ჯერჯერობით, მოსაწყენად არ მეჩვენება. პირიქით, სულ უფრო და უფრო მითრევს.  ბლოგინგს რაც შეეხება, ბუნებრივია, ვწერ იმას, რაც პირველ რიგში, თავად მაინტერესებს. თან ვცდილობ, სათქმელი მკითხველთან სწორად მივიტანო. უმეტეს შემთხვევაში, ასეც ხდება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: