Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დოკუმენტური პროზა’

სულ რამდენიმე დღის წინ იმ კაცის დაბადების დღე იყო, ერთხელ რომ თქვა: ვწერდი ბავშვობიდან და როცა პირველად გავიგე, რას ნიშნავს პოეზია, შემეშინდაო.

პროზაზე არაფერი უთქვამს. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგონია. არადა, წერდა ორივეს, რთულად, მტკივნეულად და გენიალურად – რა, რა და მკითხველის შეჯანჯღარება არასოდეს გასჭირვებია ოთარ ჭილაძეს.

ბევრი სხვა მწერალივით ფართოდ არ გაგიღებდა კარს – პირიქით, ძუნწად დატოვებულ ღრიჭოში შეგახედებდა ცალი თვალით და სათქმელსაც ისე გადმოგიგდებდა, უნდა მიმდგარიყავი და თავი გემტვრია… გარანდული, გაშალაშინებული და საწოლში მორთმეულ საუზმესავით მზამზარეული არასოდეს არაფერი შეუქმნია. არც საკუთარ თავზე ლაპარაკი ჰყვარებია მაინცდამაინც და, ალბათ, ამიტომ გამიხარდა ასე ძალიან მისი ჩანაწერების კრებული – “ცა მიწიდან იწყება“. გულმა მიგრძნო, რომ ეს წიგნი ცოტათი მაინც გამიხსნიდა გზას იმ სამყაროსკენ, სადაც ცხოვრობდა ოთარ ჭილაძე – ადამიანი და არა მარტო მწერალი.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

გიორგი კეკელიძე. ცხრათავიანი ფეხბურთის ზღაპარი

საქართველო – ინგლისი,
“მანჩესტერი” – “დინამო”

გამომცემლობა “არტანუჯი”

თბილისი

2105

რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია

გარეკანის დიზაინი/ილუსტრაცია – ნატალი ავალიანი

ISBN 978-9941-445-89-7

© გიორგი კეკელიძე, 2015 © გამომცემლობა არტანუჯი, 2015 ყველა უფლება დაცულია

 

თავი I

ამბავი დავით გურამიშვილზე და სულხან-საბაზე

 

ესე საქმე სულ ასეა – რაც თავი მახსოვს. ტელეეკრანისკენ მიბრუნებული.

წინასწარ ვიცი, რომ ინგლისი სადღაც გავარდება, მუნდიალი იქნება თუ ევრო. გავარდება რამე ისეთი დრამატული სცენარით, შექსპირიდან და ბომონტიდან რომ მოსდევს. ისე არ გამოდის. ვინმე გონიერი კაცი აირჩევდა ბრაზილიას ან ესპანეთს – დაზოგავ­და ჯანმრთელობას და ლანძღვა-გინების სიტყვათა მარაგს. მაგრამ ეს ფეხბურთის ფანობა ხომ რაღაც უცნაური რამეა. აი, ახლაც კიევში, ალბიონელების დატოვებულ დროშებთან ვზივარ და სხვაგვარად არ ძალმიძს. ჩემი გულის საფეხბურთო ნაწილი მათ ეკუთვნით და როგორც ოდითგანვე გვკარნახობდნენ – გულს ვერ უბრძანებ.

ხოლო აქ სხვა საქმეზე ვარ. 2012 წელია. რადგან ევროპის ჩემპიონატს დაემთხვა ჩამოსვლა, ვიფიქრე ბილეთს ვიყიდდი, მაგრამ ამაოდ. ადრევე დაეპატ­რონენო. ეკრანით და აურით დავკმაყოფილდი. და რაც შეეხება საქმეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქარ­თული ემიგრაციის დარბაზს ვხსნით. აქამდე რატომ­ღაც ისე გამოვიდა – სადაც სიტყვა ემიგრანტს ახსენებენ, მხოლოდ ნოე ჟორდანია მოაგონ­დებათ ხოლმე და ის ხალხი, ამ მთავრობას რომ გაჰყვა. არადა, ნაკადი ბევრი იყო და სხვადასხვა დროს. ერთ-ერთი პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ვახტანგის ამალაა მოსკოვისკენ საუკუნეების წინ დაძრული. ეს კი თითქოს რაღაც უცნაური ემიგრაცია გახლდათ – ფორმით და არა თვისობრივად – დაახლოებით ისეთი, საქართველოს დემოკრატიული მთავ­რობა, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, სა­ცხოვ­რებლად პეტერბურგში რომ გადასულიყო. მაგრამ რაც უბრძანეს, ის გააკეთეს. თან ამას ღია მტრობა მაშინ არც ეთქმოდა. ზოგმა შეიძლება ისიც თქვას, სადაც გულმა გაუწიათ, იქ წავიდნენო. როგორც რომ უნდოდათ, ისე მოახდინესო. ქართუ­ლი დიდებულების უნიათობაზეც შეიძლება საუბა­რი რიგ შემთხვევაში. ეს სხვა სახის საკითხია და განსხვავებულ კვლევას საჭიროებს. აი, იმჟამინ­დელი ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა კი მოს­კო­ვი რაღაც მიზეზით მალევე დატოვა და პოლტავაში დაფუძნდა. მათ შეუერთდა დავით გურამიშვილი – ქართველ დიდპოეტთა ხუთეულში უსათუოდ დაფუძნებული კაცი, რომელიც მხოლოდ ლექსებს არ დასჯერდა და ნახაზებს ქმნიდა სამეურნეო საქმეთათვის. ამის გამო, მირგოროდში მას ერთიორად აფასებენ. იქ მისი მუზეუმი და ბიბლიოთეკაა. ასევე საფლავი შთამბეჭდავი ობელისკით. საფლავი, რომელიც სავარაუდოა, თუმცა ბევრი ცოტა გულუბრყვი­ლოდ მიიჩნევს, რომ მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. დნეპროპეტ­როვსკში, სულხან-საბას ძმის შთამომავალი – თუ გვარის გაგრძელების მხრივ ვიტყვით, უკანასკნელი – გალინა ბულატნიკოვა-ორბელიანი ვნახეთ. ქართული, რაღა თქმა უნდა, არ იცის. თუმცა საოცარ საქმეს აკეთებს – საკუთარი გენეალოგიის კვლევა დაიწყო. აგროვებს ყველაფერს – მეცხრამეტე საუ­კუნის სამოსის ნარჩენები, მეოცის დასაწყისის მისალოცი ბარათები, ხელნაწერები, ნოტების სა­ხელ­მძღვანელო მინაწერებით. ინიშნავს ზეპირ გადმო­ცემებსაც. წერს სტატიებს ორბელიანებზე იქაურ გაზეთებში. მოკლედ, არ იღლება. აქამდე ერთი-ორი იქაური ქართველი თუ გამოეხმაურა, ჩვენს ყუ­რამ­დეც მათი გზით მოაღწია და “თავს დავესხით”. რო­ცა გვნახა, დიახაც, იტირა. ბევრი რამ ერთად გაუხარდა. ისე, რომ ზოგიერთ უძვირფასეს ნივთსაც შეელია და ბიბლიოთეკას აჩუქა. ეს ცალკე და სასიხარულო თემაა. მაგრამ ერთი სიხარული საქმეს წინ ვერ წასწევს – ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარ კულტურაზე ზრუნვა. თუ არ დავიზარებთ და მოვინდომებთ – გამოვა საქმე. პატარა საქმე როდია. აი, ინგლისი რომ ფინალში გავიდეს, იმას ჰგავს.

(more…)

Read Full Post »

სამამულო გამომცემლობები, შემჩნეული გექნებათ, დროდადრო რომელიმე პოპულარული ჟურნალის არქივებს მიადგებიან, ბლოგებს გადაათვალიერებენ, საუკეთესოებს ამოარჩევენ და წიგნებად კრავენ.

საინტერესო ის არის, რომ ერთიმეორეზე უკეთესი კრებულები გამოსდით.

ჯერ მარტო ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” რად ღირს (“ცხელ შოკოლადში” იბეჭდებოდა, თუ არ გახსოვთ; მთლად ბლოგიც არ ეთქმოდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით). ზაზა ბურჭულაძის “კონფორმისტის ჩანაწერები” და “ნორმა” “ტაბულას” და “ანაბეჭდის” სვეტებია, დიანა ანფიმიადის ყოველგვარი გაგებით უგემრიელესი “პირადი კულინარიაც” “შოკოლადის” სამზარეულოდანაა.

მოკლედ, ამართლებს და არ მითხრათ ახლა, ერთხელ დაბეჭდილის ხელმეორედ გამოცემა რა წესიაო. კარადის სულ ზედა თაროზე შემოწყობილი ჟურნალების ხვნეშა-ხვნეშით ჩამოთრევა და ნომრებში ქექვა, რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო პროცესია, მაგრამ წიგნად აკინძულს სულ სხვა გემო აქვს.

ახლა – რატომ მოვუარე ასე შორიდან: ახალი კრებული გვაქვს, “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს”.

გამომცემლობა ამჯერად “არტანუჯია“, ჟურნალი კი – ბლოგებითა და ბლოგერებით ცნობილი “ლიბერალი. წიგნში აკა მორჩილაძის (ან გიო ახვლედიანის, როგორც გენებოთ) 2010, 2011 და 2014 წლების საავტორო სვეტებია თავმოყრილი. თემა, ცხადია, ფეხბურთია, ხოლო აკას საფეხბურთო ტექსტებს, ცნობილი ამბავია, ისინიც კი სიამოვნებით კითხულობენ, ვისაც ფეხბურთი მაინცდამაინც არც უყვარს.

(more…)

Read Full Post »

ამ წიგნის ასაკობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, არანაირად შეზღუდული არ არის, მაგრამ ძალიან მინდა, იმ მოზარდებმა წაიკითხონ, დილაობით, სკოლებსა და უნივერსიტეტებში წასვლის წინ, ბებიები ცალი ხელით კვერცხს რომ უთქვეფენ შებრაწული ომლეტისათვის, მეორე ხელით კი ფორთოხალს უფცქვნიან; ამასობაში დედები გაუთოვებულ ტანსაცმელს ულაგებენ საწოლზე, მამები კი გზისა და ლანჩისთვის განკუთვნილ ფულს უჩურთავენ ჯიბეში; ნამძინარევი თვალების ფშვნეტით რომ მიიზლაზნებიან სასწავლებლებისაკენ და გულში ფიქრობენ, რა უსამართლოა ცხოვრება, რომელიც გაიძულებს, საუკეთესო წლები მერხზე ჯდომასა და პედაგოგების ჩიჩინის მოსმენაში გაატარო.

არ გეგონოთ, ვინმეს ჭკუას ვასწავლიდე – თავის დროზე მოსწავლეც გახლდით, სტუდენტიც, სათვალიანი ბებიაც ფუსფუსებდა სამზარეულოში, მზრუნველი მშობლები კი, ღვთის წყალობით, ახლაც მყავს. ჰოდა, ხშირად ზუსტად სხვებივით მეზარებოდა თბილი ლოგინის დატოვება; ან რა დროს მენდელეევის ტაბულა და გეომეტრია იყო, როცა მეზობლის კარადაში რამდენიმე წაუკითხავი წიგნი მეგულებოდა.

ისლამურ ქვეყნებში ქალების ყოფისა და სწავლა-განათლების შესახებ მაშინაც მსმენოდა, ახლა, თავისთავად, მეტი ვიცი, მაგრამ იმაზე, რაც ზემოთ მოგახსენეთ, ალბათ, მაინცდამაინც არ დავფიქრდებოდი, “მე ვარ მალალა“ რომ არა.

არ მინდა, აჟიტირებული და პათეტიკური ვეჩვენო ვინმეს, ზედმეტ პათოსს ყოველთვის სიყალბის იერი დაჰკრავს ხოლმე, მაგრამ ისიც არ ვიცი, სხვანაირად, ნაკლებ ემოციურად როგორ დავწერო ამ პატარა გოგოზე, რომელმაც სწავლის წყურვილის გამო სიკვდილს ჩახედა თვალებში და მაინც არ შეეშინდა; არა, ალბათ, შეეშინდა კიდეც, აბა, რა იქნებოდა, პისტოლეტმომარჯვებულმა კაცმა რომ იკითხა, მალალა რომელიაო.

(more…)

Read Full Post »

irakli charkviani cover

ირაკლი ჩარკვიანი. პირადი წერილები

გამომცემლობა “ინტელექტი”

თბილისი

2015

მთარგმნელი – გვანცა ჯობავა

რედაქტორი – ზვიად კვარაცხელია

დიზაინი – თეონა ჭანიშვილი

ფოტო გარეკანზე – გურამ წიბახაშვილი

© ქეთათო © გამომცემლობა ინტელექტი 2015 ყველა უფლება დაცულია

ძვირფასო „სვან“,               7.5.93

ბოდიშს გიხდი ჩემი დეპრესიული პერიოდისთვის.

ჩემი გრძნობები ხან უფსკრულისკენ მიექანება, ხანაც ისევ ძალას იკრებს. ეს მდგომარეობა უცხო არაა ჩემთვის.

საყვარელო სვან, კიოლნში, სტუდიაში გატარებული დღეები საუკეთესო იყო. იმ დროზე ვფიქრობ – „ქაღალდის ნავის“ დროზე.

ახლა შინაგანი ბრძოლების პერიოდი მაქვს. და როდესაც ომი დასრულდება, ჩემი ტვირთი აღარ იქნება ისეთი მძიმე. იმედი მაქვს, გამიგებ. ამ წერილის დაწერაც ძალიან მიჭირს.

სვან, მჯერა, რომ შეძლებ გაიკვალო გზა შენთვის და შენი მშვენიერი მუსიკისთვისაც.

ეს სიყვარულის ისტორიის დასასრულია და ჩემი გზა ახალ სამყაროში.

შენ შენს სამყაროში გაფრინდი – ცოლთან – შვილებთან – მეგობრებთან – ოჯახთან – ომის ეპოქაში.

ვფიქრობ, ამ ცხოვრებაში მეტად ვეღარასდროს გნახავ. ეს დასასრულია.

შენთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია

იმისთვის, რომ საქართველოში

შენს ცოლთან ურთიერთობა გაარკვიო.

11005936_10205392715354666_1317171493_n

OOO.K.

მივდივარ სხვა სამყაროში,

ომის სამყაროში.

მთელი სამყარო ისედაც ომია,

შენს წარმოდგენაშიც ხომ ასე იყო.

ამით ვასრულებ ამ წერილს,

ვიფიქრებ შენზე, როდესაც “Svan Song”-ს მოვუსმენ.

ასია

Read Full Post »

ერთი პატარა წიგნი მივაყოლე დღეს დილის ყავასა და სიგარეტს.

ფერფლი ლამბაქის კიდეზე რომ დამიცვივდა, მერეღა მივხვდი – დიდხანს ვმჯდარვარ გარინდებული, ოთხმოცდაათიანებისკენ პირმიქცეული და გურიის სუნში გახვეული, ბავშვობიდან ნაცნობ, დედულეთის სუნში.

ასე მარტო გურულები წერენ – ცალი თვალით რომ გეტირება და ცალით გეცინება. ალბათ იმიტომ, რომ მათი ყოფაც ასეთივეა და ისინიც ჟონგლიორისთვის შესაშური სიმარჯვით ბალანსირებენ სიცილ-ტირილის სახიფათო ზღვარზე; ერთი ზედმეტი მოძრაობა და ან იქით გადაიჩეხებიან, ან აქეთ. არადა, სწორედ ამ ბალანსმა მოიყვანა გურულები დღემდე, საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე ელვისებური გადასვლის ხელოვნებამ, ავტორმა “გურული პარადოქსი“ რომ უწოდა.

პატარა წიგნი-მეთქი, ვთქვი წეღან. პატარა კი არა, პაწაწუნაა, სულ ერთი ციცქნა, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” და მაინც მთელ გურიას იტევს. აქედან შეიტყობთ, რომ გურულად სექსს აჯიბაკური რქმევია, ლობიოს ელვა რა არის, იმასაც გაიგებთ, გურული “ხარჯი ნაქნარიას” ლოგიკასაც ჩასწვდებით და სხაპასხუპით მოყრილი “რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?” რას ნიშნავს, ამის ამოხსნაც თქვენზე იყოს.

(more…)

Read Full Post »

gombrich books

კაცი არ მეგულება, ბავშვობაში დაბრუნება არ უნდოდეს. მეც ასე ვარ – დროდადრო მომეძალება ხოლმე ამის სურვილი, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ისეთ წიგნს წავაწყდები, ერნსტ გომბრიხის “მსოფლიოს მოკლე ისტორია მოზარდებისთვის” რომ არის.

არა, მოზრდილებმაც რომ წაიკითხონ, განა რამე დაშავდება, მაგრამ სულ იმას ვფიქრობ, ოციოდე წლით ადრე რომ ჩამვარდნოდა ხელში ასეთი სასუსნავი, რა ბედნიერი ვიქნებოდი.

აი, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ – კარგი წიგნები, მითუმეტეს – ამდენი საინტერესო და საჭირო ინფორმაციით გაძეძგილი, სანთლით კი არა, ჩირაღდნით რომ იყო საძებარი და საათობით რომ ვიქექებოდი ხან ბიბლიოთეკების მტვრიან საცავებში, ხან ნათესავ-მეზობლების თაროებზე და სადმე რამე მსგავსი დამხვედროდა, სადაც ყველაფერი, რის შესახებაც ნაწყვეტ–ნაწყვეტ ან ყურმოკვრით ვიცოდი, დალაგებულ–დავარცხნილი და კოხტად ჩამოწიკწიკებული იქნებოდა: ნეანდერტალელი ადამიანი გინდა თუ იულიუს კეისარი, სოლომონ ბრძენი თუ კლეოპატრა, ნაპოლეონი თუ ფრიდრიხ ბარბაროსა, პირამიდები თუ ბაბილონის გოდოლი, რაინდები თუ მეკობრეები, სპარტელები თუ ტროელები… რაზეც გნებავთ, იმაზე დაგენაძლევებით, რომ ჩემზე განათლებული და დელფოს ორაკულივით ყოვლისმცოდნე ბავშვი მეორე არ იქნებოდა იმ არემარეზე. სხვათა შორის, არც ჩემზე კმაყოფილი და ცოტა გაბღენძილიც :)

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: