Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დილა’

ბავშვობაში “დილის” ერთგული და მადლიერი მკითხველი გახლდით.

გამომიწერდა დედა მთელი წლისას (კიოსკში ნაყიდს რას ვიკადრებდი, აბონემენტი უნდა მქონოდა შინ დაგულებული), მერე ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და ერთი გენახათ, რა სიხარული იყო, დიდი ჩანთიდან  ახალ ნომერს რომ ამოაძვრენდა.

იმ უსაყვარლეს, საუკეთესო მხატვრების მოხატულ, საბავშვო ლექსებით, პატარ-პატარა მოთხრობებით, სახალისო რუბრიკებით, ათასნაირი გამოცანებით, შარადებით, ფერადი კროსვორდებითა და რებუსებით სავსე ჟურნალს დროდადრო უცხო, უცნაური და განსაკუთრებული ნუგბარიც მოჰყვებოდა. გადავშლიდით შუა ფურცლებს და ნახატებით მოყოლილ თავშესაქცევ ამბებს ვკითხულობდით.

კომიქსი რას ნიშნავდა, მაშინ არ ვიცოდით, სიტყვაც არ გაგვეგო, მაგრამ “დილას” ბევრი ზუსტადაც რომ გია ლაფაურის შედევრების ეშხით ელოდებოდა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

saaxaltslo-festivalis-tsignebi წიგნის საახალწლო ფესტივალი, მოგეხსენებათ, სამ დღეს გრძელდებოდა. პარასკევს და კვირას სხვა საქმეები მქონდა, წიგნებისთვის შაბათს მოვიცალე. ალბათ, გაგიკვირდებათ და ერთი დღეც გადასარევად მეყო. ყველაფერი მოვასწარი.

ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმართმოყვარე დარბაზმა სტენდებიც დაიტია, ნაძვის ხეც, სანტა კლაუსიც, სცენაც და მკითხველ-მყიდველებიც, მაგრამ სივიწროვე მაინც იგრძნობოდა. გარდერობი დახურული დაგვხვდა, ცხელოდა და, ვეებერთელა ფანჯრების მიუხედავად, მზის შუქიც გვეცოტავა. მოკლედ, ერთხელ ჩამოვუარეთ და მეორე წრეზე წასვლის სურვილი არ გაგვჩენია.

წლის ბოლო ბიბლიოივენთში სულ ოცდაოთხი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი მონაწილეობდა (მაისის წიგნის ფესტივალზე, შედარებისთვის, სამოცამდე მონაწილე იყო დარეგისტრირებული). ცხადია, არჩევანიც შედარებით ნაკლები გვქონდა. რა გვინდოდა და სად უნდა მოგვეძებნა, წინასწარ ვიცოდით და დიდხანს ბოდიალი არც დაგვჭირვებია.

(more…)

Read Full Post »

არ მგონია, აქაურობის რომელიმე სტუმარს შეხსენება სჭირდებოდეს, მაგრამ წესი წესია და მეც იმით დავიწყებ, რომ ბიბლიოწელიწადი ამჯერადაც თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალით სრულდება, გუდიაშვილის შვიდში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

წლევანდელი ფესტივალისთვის,  ტრადიციული სამი ლოკაციიდან, ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე ნაკლებ შესაფერია შერჩეული. ეროვნულ ბიბლიოთეკაზე აუგს რა მათქმევინებს, მთელი სტუდენტობა საჯაროში მაქვს გატარებული, აკადემიური დარბაზები ბევრი ბიბლიოივენთისთვის იდეალური იქნებოდა, მაგრამ ხალხმრავალი ფესტივალისთვის – ნაკლებად. სივრცე აკლია. ყოველი შემთხვევისათვის, შარშან ნამდვილად აკლდა. მეორე მხრივ, წლევანდელი პროგრამა შარშანდელზე ბევრად მასშტაბურია. მთავარი სცენის სპეციალური განრიგი, საჯარო ლექციები ვაზისა და ღვინის დარბაზში, საბავშვო კუთხე, შოუ-ვიქტორინა თოვლის ბაბუასა და ფიფქიასთან ერთად, საბალეტო სტუდიის საახალწლო პროგრამა… ორგანიზატორებმა აშკარად ჩვენზე მეტი იციან. ვნახოთ.

ზამთრის ფესტივალი, ტრადიციულად, სამდღიანია. პარასკევს იწყება, კვირას სრულდება. პარასკევს, თან წლის მიწურულს, სამსახურიდან გასხლტომა, სულ მცირე, გაჭირდება. მე კი ვარ შვებულებაში და ვტკბები ნეტარი უსაქმურობით, მაგრამ სხვები მუშაობენ. რა გაეწყობა. წიგნის ფესტივალის დღეები უქმედ ჯერ არ გამოუცხადებიათ. თან, ჩემი გამოცდილებით, ორი დღეც სრულიად საკმარისია. (more…)

Read Full Post »

ჩემი ბავშვობის ბათუმიდან, სხვა საინტერესო რაღაცებთან ერთად, კიოსკებიც მახსოვს.

ჰო, ზუსტად ასე ვეძახდით – კიოსკები.

ახლა კი ვიცი, რომ ჯიხურია სწორი ფორმა, მაგრამ მაშინ ასე ვიყავით მიჩვეული და მეხსიერებასაც კიოსკებად შემორჩა. ჯიხური-მეთქი, რომ ვთქვა, ასე მგონია, რაღაც დააკლდება ჩემს ტკბილ და თბილ მოგონებებს.

ყველგან იყო, ყველა ქუჩაზე – კინო “თბილისთან”, ლენინზე, პიონერთა პარკთან, მეექვსე სკოლასთან, “ინტურისტის” ფოიეში… ყველგან.

განა რა იყიდებოდა? თითქოს განსაკუთრებული არაფერი – სამკერდე ნიშნები, უცნაური კალმები, ციცქნა ბლოკნოტები, პატარ-პატარა სუვენირები და, წარმოიდგინეთ, ბავშვისთვის ეს რამხელა განძი იყო…

და ჟურნალ-გაზეთები.

არა, ჟურნალ-გაზეთები (განსაკუთრებით – ჟურნალები) შინაც არ მაკლდა. ყველას რაღაც ჰქონდა გამოწერილი და მეც მომდიოდა “ნორჩი ლენინელი”, “დილა”, “მურზილკა” და “ვესიოლიე კარწინკი”, მოგვიანებით – “პიონერი”, ლატვიური საჭადრაკო პერიოდიკა. ვარდო ფოსტალიონს მოჰქონდა და არ მახსოვს, ოდესმე ერთი ნომერი მაინც დაკარგულიყოს. მოკლედ, თვიდან თვემდე საკითხავი არ მაკლდებოდა, მაგრამ კიოსკებში მაინც შევიხედავდი ხოლმე – სულ ჰქონდათ რაღაც უცხო და საინტერესო; არ მახსოვს, ხელცარიელი წამოვსულიყავი.

(more…)

Read Full Post »

Diogene at Tbilisi Book Fair 2012

კვირა რომ ძილისა და დასვენებისთვის არის შექმნილი, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, მაგრამ დღეს საწოლში კოტრიალისთვის, უსაქმურობისთვის და ნაღებიანი ყავის ნება-ნება დაგემოვნებისთვის ნამდვილად არ მეცალა – ადრიანად წამოვხტი, ჩანთაში აუცილებელ ნივთებს ჩავუძახე და პირველი საათისთვის, ცხელი “Carte Noire”-ით პირგამოფუფქული, უკვე სტელაჟებს შორის დავბოდიალობდი.

სიმართლე გითხრათ, წიგნის ფესტივალის ბოლო დღეს გაცილებით მეტ ხალხს ველოდი – მეთერთმეტე პავილიონში აშკარად ხალვათობა იგრძნობოდა. სამაგიეროდ, მეექვსეში იყო დიდი აურზაური. “პალიტრა L”-ი ერთდროულად რამდენიმე სერიას გამოსცემს და თუ ვინმეს რომელიმე ტომი ჰქონდა გამორჩენილი, დანაკლისის ანაზღაურება შეღავათიან ფასად სწორედ იქ შეეძლო.

ჩემი საფესტივალო აღმოჩენების უპირობო ლიდერი “დიოგენეს ბიბლიოთეკაა” – ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი”, ედიტ უორტონის “უმანკოების ხანა”, “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” – უმბერტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა, პელემ გრენვილ ვუდჰაუსის ექსცენტრული “დაიკიდე, ჯივზ!”, ორჰან ფამუქის ავტობიოგრაფიული წიგნი, ფოლკნერი და ოსტერი – ერთობ გემრიელი საკითხავის მთელი თაიგულია, თან გაგრძელებასაც გვპირდებიან.

(more…)

Read Full Post »

ლიტერატურის, კინემატოგრაფის და სახვითი ხელოვნების სინთეზი – ასეთი რთული სახელით მოიხსენიებენ ჟანრს, რომელმაც, მდიდარი ისტორიის და პოპულარობის მიუხედავად, დღემდე ვერ შეძლო ბულვარული და არასერიოზული იმიჯის მოშორება.

ძნელია, იპოვნო ადამიანი, რომელსაც კომიქსების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა, უმრავლესობა მას რატომღაც მხოლოდ საბავშვო  საკითხავის ნაირსახეობად მიიჩნევს.

ჟანრი, რომელსაც შუა საუკუნეების ესპანეთში რელიგიური თემატიკის ნახატების გავრცელებით ჩაეყარა საფუძველი, დღეს ყველა ასაკის და გემოვნების აუდიტორიისთვის არის საინტერესო – ბავშვებისთვის მულტიპლიკაციური სიუჟეტებია მიმზიდველი, მოზარდებისთვის – სათავგადავლო და დეტექტიური თემატიკა, გემოვნებიანი და მომთხოვნი მკითხველისთვის – ავანგარდი და ასე განსაჯეთ, დახვეწილი და პიკანტური ეროტიკული გრაფიკული პროზაც კი მოიძებნება.

ევროპაში კომიქსი, დიდი ხანია, ხელოვნების დარგად არის ქცეული – საუკეთესო ნიმუშებმა ლუვრშიც კი დაიდეს ბინა. ამერიკაში ეს ყველაფერი პოპ-კულტურის ფრიად დაფასებული სეგმენტი და შტატების მკვიდრთა ცხოვრების განუყრელი ელემენტი გახლავთ. კომიქსის ნაირსახეობაა იაპონური მანგაც, სახელგანთქმული ანიმეს გრაფიკული საფუძველი.

ალბათ, უკვე დამეთანხმებით, რომ ეს “ბულვარული ჟანრი” არც ისეთი უბრალო და პრიმიტიულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: