Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დიზაინი’

likhs iqet da likhs aqet pages

ჩემს ბიბლიოთეკაში, ახალთახალი გამოცემებით სავსე თაროებს შორის, ერთი გამორჩეულია, გახუნებული, გაცრეცილი წიგნებით სავსე.

რაღა თქმა უნდა, რომ ყველაზე მეტად ის ძველი თარო მიყვარს.

ბავშვობის განუმეორებელ მოგონებებს ინახავს და იმიტომ. რომელ წიგნსაც გინდა, წაატანე ხელი, – გადაშლი და ფერდაკარგული ფურცლებიდან ათასი ტკბილი წუთი ამოფრინდება.

დღეს ერთი წიგნის ამბავს მოგიყვებით.

თავის დროზე საბავშვო ლექსების დიდი მკითხველი და ქომაგი გახლდით. ქართულის, რუსულის, ალაგ-ალაგ ინგლისურისაც. მშობლებს ჩამოტანა არ ეზარებოდათ და მე – კითხვა. ჰოდა, იმ ფერად-ფერადი საკითხავებიდან რამდენიმე დღემდე შემომრჩა. მათ შორის – ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნის მაღაზიაში ნაყიდი მურმან ლებანიძის “ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ”.

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა. მეგობრებს ვკითხე და – რას ჰქვია, არ გვახსოვს, ახლაც თაროზე გვიდევსო. ალბათ, არ იყო ბიბლიოგრაფიული იშვიათობა; რაკი კარგი წიგნების ტოტალური დეფიციტის ჟამს ბათუმამდე ჩამოაღწია, თბილისშიც იოლად მოიძიებდა დაინტერესებული მკითხველი.

(more…)

Read Full Post »

wordpress multisite

პოსტის სათაურს რომ ვუყურებ, თავადვე მეღიმება – ის ძველი თემები მახსენდება, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ თავის დროზე და, გინდოდა თუ არ გინდოდა, რაღაცნაირი, სასაცილო პათოსით გაჟღენთილი გამოდიოდა.

ოღონდ, კოლეგა ბლოგერებო, არ მითხრათ, ამაზე არასოდეს გვიფიქრიაო – მაინც არ დაგიჯერებთ :)

მესამე წელია, ამ სტუმართმოყვარე პლატფორმით ვსარგებლობ და ისე მომწონს, სხვაგან გახვევის სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. თუმცა, ამქვეყნად იდეალური არაფერია და ხანდახან მეც დამცდენია – ჩემი ნება რომ იყოს, ამას უკეთესად გავაკეთებდი-მეთქი.

განა საყვედურით ვამბობ – მართლა მოსახერხებელი, კომფორტული და User Friendly-ა ჩვენი “ვორდპრესი”. კონკურენტებს ვერც შევადარებ – რომელი ერთი გაეჯიბრება, მაგრამ კაცია და გუნებაო, ხომ იცით… რაღაცების შეცვლა არ იქნებოდა ურიგო. ერთი, ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, “и мне будет приятно, и тебе будет приятно”.

ერთი სიტყვით, მე რომ WordPress-ის ადმინისტრატორი ვიყო, პატარ-პატარა კრეატიული იდეები შემაწუხებდა ხოლმე:

(more…)

Read Full Post »

ზაზა ბურჭულაძე. adibas. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2010.

ჰო, რატომაც არა?! თეატრი გასახდელით იწყება, წიგნი – გარეკანით.

დიდი ამბავიო, ჩაიქირქილებს, ალბათ, ვინმე. უვარგის წიგნს მსოფლიოში საუკეთესო ყდაც ვერაფერს უშველისო.

სრული სიმართლეა, ჩემო ძვირფასებო. მდარე საკითხავი, რაგინდ კრეატიულად შეფუთო, მდარედ დარჩება, ამაზე ვინ დაობს… ოღონდ, მოდი, იმაზეც შევთანხმდეთ, რომ გარეკანი მაინც მნიშვნელოვანია, თვალს ახარებს და, საერთოდ, გემრიელად მოხატული გამოცემის ხელში აღება ერთი-ორად გსიამოვნებს.

თქვენ არ გემახსოვრებათ (და, მადლობა ღმერთს, რომ არ გახსოვთ) ის დრო, ყველა წიგნი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთნაირად უჟმურ, შეუხედავ, უსქესო ყდაში რომ იყო მოქცეული. საბედნიეროდ, დღეს ამას უკვე ყურადღებას აქცევენ და სამხატვრო აკადემიაში წიგნის დიზაინის კათედრაც კი არსებობს.

ვწერ ახლა ამ პოსტს და თან ჩემს თაროებს ვათვალიერებ. გადაშლაც არ გინდა, შეხედვაც კი სასიამოვნოა… ყველას თავისი, შეხამებული, გონივრულად შერჩეული გაფორმება აქვს – ეტყობა, ამაზე გულიანად უფიქრიათ. “ქართული კლასიკური მწერლობა”  მდიდრული, საზეიმო და პომპეზურია, “დიოგენეს ბიბლიოთეკა” – სადა, ფუნქციონალური, თანამედროვე სერიას რომ შეეფერება, ზუსტად ისეთი… ქართული “ვარდის სახელი”  ტყავში გახვეულ უძველეს ფოლიანტს ჩამოჰგავს, პოტერიადის შვიდი ტომი ლამის ცისარტყელას ყველა ფერითაა აჩახჩახებული. ზელაზნის “ამბერის ქრონიკები” მკაცრ შავ ტონალობაშია გადაწყვეტილი, ნატო დავითაშვილის წიგნებს ტალავერიანი გმირები, ლომები, კოშკები და უბელო ცხენები ამშვენებენ…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: