Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დესერტი’

_DSC31~1

წუხელ, მორიგი პოსტისთვის თემას რომ ვარჩევდი, ერთი აზრი დამებადა  – წიგნების ფესტივალმა ჩაიარა და აურზაურით, ჟრიამულით,  სირბილით დაქანცულებს, მგონი, არ გვაწყენდა მოლის ვერანდზე თავმოყრა… რას იტყვით? ოღონდ ერთი რამ უნდა გთხოვოთ – რაც არ უნდა იყოს, ლიტერატურის გარეშე მაინც ვერ ვძლებთ და ურიგო არ იქნება, ყველამ ფესტივალზე შეძენილი თითო წიგნი გამოაყოლოს ხელს  – გადავხედავთ, ვინ რითი გაიმდიდრა ბიბლიოთეკა.

მართალია, ზაფხულმა უკვე შემოაღო კარი და თავმოყვარე ხალხი ამ დროს განსაკუთრებით ზრუნავს გარეგნობაზე, მაგრამ ხანდახან დიეტაც უნდა დაივიწყო, ზედმეტი კილოგრამებიც და მუხანათურად დავიწროებული ტანსაცმელიც – ბოლოს და ბოლოს, ტკბილეული ნაცრისფერ უჯრედებს ააქტიურებს თურმე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ მშვიდ და თბილ საღამოს ვერანდაზე გეპატიჟებით – ფახლავა დავაგემოვნოთ. უარი არ მიიღება – დილიდან ხელებდაკაპიწებული ვშრომობ და ასეთ თავდადებას დამნახავი და დამფასებელი ხომ უნდა?! ათასიოდე კალორია რა სათქმელია?!

(more…)

Read Full Post »

Tiramisù poster

მართალია, კალენდარზე უკვე აპრილია, მაგრამ გაზაფხული მაინცდამაინც არ იგრძნობა, ასე არ არის?! ქარმა და წვიმამ, გამოგიტყდებით, უკვე გვარიანად მომაბეზრა თავი და ერთი პატარა დღესასწაული, მგონი, არ გვაწყენდა; ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ვერანდაზე ჯერ ისევ ცივა და იმასაც კი ვფიქრობ, ბუხარი ხომ არ გამეჩაღებინა, თქვენ რას იტყვით?

მინდა, გითხრათ, რომ ვინც ამისთანა ამინდში მოლისთან სტუმრობა არ დაიზარა, ნამდვილად არ ინანებს – დღევანდელი დესერტი ისეთია, თითებსაც ჩაიკვნეტთ და ყელსაც ჩაიკოკლოზინებთ; ოღონდ იქამდე, როგორც გვჩვევია, მცირე ისტორიას გიამბობთ.

ამბობენ, რომ ეს სასუსნავი სადღაც მე-17 საუკუნეში, ტოსკანის ჰერცოგის – კოზიმო მედიჩის პატივსაცემად მოამზადეს გენუელმა მზარეულებმა; დაიკაპიწეს მკლავები, მოიმარაგეს ნაღების ყველი მასკარპონე, ესპრესო, ღვინო მარსალა, კვერცხი, შაქარი, ჰაეროვანი ბისკვიტები, დატრიალდნენ ღუმელთან და… ისეთი დესერტი გამოუვიდათ, მისმა ბრწყინვალებამ რეცეპტის გარეშე ფლორენციაში დაბრუნება აღარ ისურვა თურმე.

(more…)

Read Full Post »

Luca Polare Ice cream

მიყვარს თვითკრიტიკული ადამიანები – თავადაც ასეთი გახლავართ და იმიტომ.  აი, მაგალითად, სულ არ მიჭირს, ვაღიარო, რომ გამოუსწორებელი მსუნაგი ვარ და, რამდენიც არ უნდა მეძახონ – ღორმუცელობა მომაკვდინებელი ცოდვააო, ტკბილეულს და სასუსნავს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ, ხანგრძლივი შვებულების შემდეგ, მონატრებულ მკითხველთან შეხვედრა სწორედ ვერანდაზე გადავწყვიტე, სადაც თავშესაქცევი საუბარიც შეიძლება და ყელის ჩაკოკლოზინებაც. ამ პაპანაქებაში კი, ალბათ, უკვე მიხვდით, თქვენ გამასპინძლებას სწორედ ცივზე ცივი, უგემრიელესი ნაყინით ვაპირებ.

კარგად მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს სტუმრების მიღება, მით უმეტეს, რომ ძალიან დიდი ხანია, თავი არ მოგვიყრია. აგერ, ამსტელდალეული თამარაც დაგვიბრუნდა, სადღაც ნაყინით ცხვირმოთხუპნულ თაიასაც მოვკარი თვალი და სამზარეულოდან საეჭვო ტკაცუნიც გავიგონე. ახლადგამომცხვარი სტუდენტი – სოფიც შევამჩნიე სარწეველა სავარძელში… ვიცი, ვინმე აუცილებლად გამომრჩება და აჯობებს, უბრალოდ, გითხრათ, რომ თქვენთან ყოფნით ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და ყველა ერთანაირად მიყვარხართ. ამიტომაც მემეტება ჩემი საყვარელი სასუსნავი, თორემ ნაყინის ნებისმიერ რაოდენობას მარტოც გავუმკლავდებოდი.

(more…)

Read Full Post »

Quick Cheddar Cheese Fondue

თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მომენატრა ვერანდაზე სტუმრების ჟრიამული. კარგად მახსოვს, ბოლოს ზამთრის ბაღში მოვიყარეთ თავი, ჩაის შევექცეოდით და ჩინებულად ვიხალისეთ. მართალია, სუფთა ჰაერზე  გადაბარგება ცოტა ნაადრევად მოგვივიდა – გადარეული მარტი არ გვასვენებს, მაგრამ გაციების ნუ შეგეშინდებათ – თბილი, ღუნღულა პლედები მაქვს მომარაგებული, თანაც დღეს ცხელი კერძის შემოთავაზებას ვაპირებ და, იმედი მაქვს, არ გამეყინებით.

სანამ სასუსნავს ჩამოვარიგებდე, შეგიძლიათ, ჩემი ახალი “ქინდლი” დაათვალიეროთ –  ტრაბახში კი ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ძალიან მიხარია ამ კონკურსში გამარჯვება და რა ვქნა. ქევან, გახედე ერთი თაიას, რა აყვირებს, მგონი, ხეზე აძვრა და ვეღარ ჩამოდის. სოფიმ – მოგეხმარებიო და უკვე ორი თეფში გამიტეხა – აშკარად აჯობებს, მე თვითონ დავტრიალდე, თქვენ კი მოხერხებულად მოკალათდით და დღევანდელი მენიუს შესახებ ორიოდე სიტყვით გიამბობთ.

წეღან სიცივე ტყუილად არ მიხსენებია – ფონდიუ, რომლითაც დღეს თქვენთან თავის მოწონებას ვაპირებ, ზუსტად გასათბობად გამოიგონეს შვეიცარიელმა მწყემსებმა. რა უნდა ექნათ საწყლებს –  ყურყუტებდნენ თოვლით დაფარულ ალპებში და თან მხოლოდ გამხმარი ყველის კვერი, ცოტაოდენი ხმელი პური და ღვინო ჰქონდათ. ზამთრის თოვლიან, უსასრულო ღამეებში, ვერც კოცონი შველოდათ და და ვერც ცხვრის ტყავისაგან შეკერილი ტყაპუჭი. უვლიდნენ გარშემო ფარას, კანკალებდნენ და თბილ სამზარეულოზე, ცხელ საჭმელსა და ცოლის ალერსზე ოცნებობდნენ.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: