Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘დედა მამა რვა ბავშვი და საბავშვო მანქანა’

ერთი ქალის დაბადების დღე იყო სულ ახლახანს, 15 თებერვალს. დიდი ხნის წინ დაიბადა აქედან ძალიან შორს, ნორვეგიაში, ჩრდილოეთის ციალის სიახლოვეს. ერთხელაც კალამი რომ არ აეღო ხელში და მაგიდას არ მისჯდომოდა, ვერასოდეს ვერაფერს გავიგებდით მის შესახებ. დარჩებოდა ჩემი ბავშვობა  მარენის, მარტინის, მარტას, მადსის, მონას, მილის, მინასა და წრიპა მორტენის გარეშე; ვერ მოვხვდებოდი ოსლოს გარეუბნის პაწაწინა სახლში, სადაც უჩემოდაც გვარიანი სივიწროვე იყო, მაგრამ მაინც წიგნის გმირებმა ხელგაშლილებმა მიმიღეს, გამათბეს, დამაპურეს და სამუდამოდ დამტოვეს თავისთან.

მერე, შუაგულ ტყეში რომ გადავიდნენ საცხოვრებლად, ჭრიჭინა და ფარღალალა, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე თბილ სახლში, ტირილტოპენის მახლობლად, იქაც წამიყვანეს, გამოძებნეს ჩემთვის ადგილი და დამაბინავეს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ხშირად ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ასეთ დიდ და ხმაურიან ოჯახში ნაბოლარად დავიბადე თუ პირიქით?! ჯერ ვერ დავადგინე, იმიტომ, რომ ზოგჯერ ეს ამბავი კარგი მგონია, ზოგჯერ – არც მაინცდამაინც. აი, ზღვაზე რომ ვისვენებდით და გუბეში განმარტოების უფლება არ მომცეს, ძალიან გავბრაზდი – როგორ შეიძლება, ადამიანს ასე დაურღვიო მყუდროება? თუმცა ისა… მთლად მყუდროება არ იყო, გუბეში ვიწექი და ხელ-ფეხს ვაჭყაპუნებდი, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობდი, ვა!

ყველა ჩემზე რომ ზრუნავს, ეგ კი მომწონს, მაგრამ ხანდახან მეტისმეტი მოსდით – აი, როცა თოვლიან ტყეში სასეირნოდ მივდივართ, ყველას ჰგონია, რომ აუცილებლად ქუდი უნდა გამისწოროს და სათითაოდ ექაჩებიან ქვემოთ, ჰოდა, ნიკაპამდე ჩამომაფხატებენ ხოლმე. იმიტომაც იყო, რომ მოვიშვლიპე და ნაჩუქარ ნაძვს დავახურე. ისე, მერე ციყვმა რომ აიღო უკითხავად, არც ეგ მომეწონა.

ვინ ხარო, მკითხეთ? დიდედა სულ მეუბნება, უცნობებთან ბევრი საუბარი უზრდელობააო, მაგრამ ახლავე გაგეცნობით და მერე გავაგრძელებ. წრიპა მორტენი გახლავართ, მამასთან, დედასთან, მარენთან, მარტინთან, მარტასთან, მადსთან, მონასთან, მილისთან, მინასთან, დიდედასთან, სამოვრის მილთან და საბარგო მანქანასთან ერთად ვცხოვრობ ტყეში, ამქვეყნად საუკეთესო სახლში.

(more…)

Read Full Post »

ერთხელ, ღრმა ბავშვობაში, რომელიღაც არდადეგების წინ, სკოლაში გასაფერადებელი ალბომები გვაჩუქეს. ჩვეულებრივი ალბომი იყო, სტანდარტული, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ სქელი და ბევრფურცლიანი და იმ არდადეგებზე კარგად გავერთე.

თანამედროვე ბავშვებს, რევოლუციამდელებისაგან განსხვავებით, გასართობი იმდენი აქვთ, ნახევარს ვერ დათვლი. დრო და ხალისი თქვი, თორემ არჩევანი ისეთია, სულო და გულო. ოღონდ, ძველი გასაფერადებელი ციფრულ ეპოქაშიც აქტუალურია. პატარებსაც ახარებს და უფროსებისთვისაც ფრიად ეფექტიანი ანტიდეპრესანტი ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრგან მოზრდილებისთვის +18 თემატიკის ალბომებსაც ბეჭდავენ და, როგორ ამბობენ,  სარფიანადაც ყიდიან.

+18 გასაფერადებლები სხვაგან და სხვა დროს გავარჩიოთ. დღეს ერთ გადასარევ სიახლეზე მოგიყვებით.

სიახლეს ვამბობ, თორემ უკვე გეცოდინებათ, სადღაც ერთი თვის წინ, “სულაკაურმა” ანე-კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით აკინძული უსაყვარლესი გასაფერადებელი ალბომი გამოსცა.

(more…)

Read Full Post »

შეიძლება, გახსოვთ კიდეც, ადრე ერთ ყდაშემოცრეცილ წიგნზე გიყვებოდით, ხელმისაწვდომ ადგილას რომ მიდევს თაროზე და დროდადრო, ყოველდღიური რუტინით გადაღლილს და ათასგვარი საფიქრალით დახუნძლულს შორეულ, უდარდელ ბავშვობაში მაბრუნებს ხოლმე.

ეს წიგნი ერთმა ძალიან ხალისიანმა  ქალმა დაწერა, თვალის კუთხეებში დაქსელილი ღიმილი სულ ბღუჯა-ბღუჯა მოაფრქვია ფურცლებს და ისე მოიტანა ჩვენამდე, რომ ანე-კატარინე ვესტლის ხსენებაზეც კი სიმშვიდე და სინათლე ჩაგიდგება ადამიანს გულში.

ოღონდ, რა ყოფილა, იცით? მე რომ ოდესღაც ნათესავებთან ნაპოვნი და ლამის ძალით ნაჩუქარი „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“ ციმციმ გამოვარბენინე შინისკენ, ლამის ზეპირად ვისწავლე და მეგონა, მარენზე, მარტინზე, მარტაზე, მადსზე, მონაზე, მილიზე, მინასა და წრიპა მორტენზე ყველაფერი ვიცოდი, სულაკაურის გამომცემლობამ ამ მხიარული ოჯახის ამბების სრული ვერსია გამოსცა რამდენიმე წიგნად. შეიძლება, ბევრი არა, მაგრამ რაღაც სიახლეები ნამდვილად აღმოვაჩინე და დავრჩი გაოგნებული.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: