Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გურია’

ერთი პატარა წიგნი მივაყოლე დღეს დილის ყავასა და სიგარეტს.

ფერფლი ლამბაქის კიდეზე რომ დამიცვივდა, მერეღა მივხვდი – დიდხანს ვმჯდარვარ გარინდებული, ოთხმოცდაათიანებისკენ პირმიქცეული და გურიის სუნში გახვეული, ბავშვობიდან ნაცნობ, დედულეთის სუნში.

ასე მარტო გურულები წერენ – ცალი თვალით რომ გეტირება და ცალით გეცინება. ალბათ იმიტომ, რომ მათი ყოფაც ასეთივეა და ისინიც ჟონგლიორისთვის შესაშური სიმარჯვით ბალანსირებენ სიცილ-ტირილის სახიფათო ზღვარზე; ერთი ზედმეტი მოძრაობა და ან იქით გადაიჩეხებიან, ან აქეთ. არადა, სწორედ ამ ბალანსმა მოიყვანა გურულები დღემდე, საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე ელვისებური გადასვლის ხელოვნებამ, ავტორმა “გურული პარადოქსი“ რომ უწოდა.

პატარა წიგნი-მეთქი, ვთქვი წეღან. პატარა კი არა, პაწაწუნაა, სულ ერთი ციცქნა, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” და მაინც მთელ გურიას იტევს. აქედან შეიტყობთ, რომ გურულად სექსს აჯიბაკური რქმევია, ლობიოს ელვა რა არის, იმასაც გაიგებთ, გურული “ხარჯი ნაქნარიას” ლოგიკასაც ჩასწვდებით და სხაპასხუპით მოყრილი “რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?” რას ნიშნავს, ამის ამოხსნაც თქვენზე იყოს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Chemi rcheuli

“ჩემი რჩეული”. პალიტრა L

აი, ხომ არსებობს წიგნები, ზეპირად რომ იცი.

გადაშლი, მგონი, მეასედ, კითხულობ და ყველაფერი გახსოვს – სახელები, გვარები, ამბები, რეპლიკები, ვინ რა თქვა, ვის სად გაეცინა… ნიუანსები გახსოვს, დეტალები.

მათი პირველწაკითხვით მოგვრილი ემოციაც გახსოვს. ელდა და გაოგნება…

ძველი ამბავია.

მეექვსე კლასში ვარ. გურიაში ვისვენებ, დედულეთში. ზაფხულია. წვიმს, წვიმს,  ცა ფეხად ჩამოდის. ვისაუზმეთ. საქმე არ მაქვს. გარეთ რა გავა… ადამისდროინდელ ტელევიზორში, ერთადერთ არხს რომ იჭერს წვალებით, საინტერესო არაფერია, ჰოდა, მივადექი წიგნების კარადას.  ჩვენში დარჩეს და, უკეთესი ამინდიც რომ ყოფილიყო, მაინც იმავეს ვიზამდი :)

მე ახლაც ძალიან მიყვარს სოფლის ბიბლიოთეკებში ქექვა. ისეთ რამეს იპოვი, თბილისში, პრიალაყდიანი ბესტსელერებისა და თავბრუდამხვევი სიახლეების გადამკიდეს, სულ რომ არ მოგაგონდებოდა. ძველი წიგნებიო, რად ვარგაო, სასაცილო და გულუბრყვილო გამოცემებიაო; არადა, ზოგჯერ ისეთ სასუსნავს გადააწყდები, შენი მოწონებული…

მოკლედ, მივადექი წიგნებით გატენილ კარადას. ვათვალიერებ. ერთი გადმოვიღე, მეორე, მესამე და უცებ  – ნოდარ დუმბაძე. “მარადისობის კანონი”.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: