Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გრეისი’

My Kindle Mini

რამდენიმე დღის წინ, ფრიად საინტერესო კომპანიაში მოვხვდი. ვისხედით ჩვენთვის მყუდრო კაფეში, წრუპებით ცივ ყავას ვაგემოვნებდით და ათას რაღაცაზე ვლაქლაქებდით. “ქინდლზეც” ჩამოვარდა სიტყვა. ცხადია, უმალ ავენთე, აღტაცებული ეპითეტების კორიანტელი დავაყენე და ის იყო, ჩანთიდან ბლექი უნდა ამომეძვრინა, რომ ერთმა იქ მყოფთაგანმა, არც აცია, არც აცხელა და – ეგ მოწყობილობა ეშმაკის გამოგონებაა, ხელს როგორ მოვკიდებო…

თავიდან, მეგონა, ხუმრობდა. მტკიცება რომ დაიწყო, მივხვდი, ცუდად იყო საქმე. კამათი არ ამიტეხია, მშრალი და ცივი პასუხით შემოვიფარგლე, მაგრამ ისეთი ათუხთუხებული წამოვედი იქიდან, თქვენთან მაინც უნდა მოვიოხო გული.

რიდერებზე პირველად აი, ამ საყვარელი ბლოგის წყალობით შევიტყვე. უცხო ხილი ერქვა მაშინ – სულ რამდენიმე ნაცნობს ჰქონდა… სამაგიეროდ, ახლა, ყველა მეგობარი ქინდლოსანის ჩამოთვლა რომ დავიწყო, ვინმე აუცილებლად გამომრჩება.

“ქინდლი” ჩემთვის იდეალურია. თუმცა, უამრავი ჭეშმარიტი ბიბლიოფილი ვიცი, ტრადიციული ბიბლიოთეკის ერთგული რომ რჩება… ზოგი ჩვევას ვერ ღალატობს, ზოგს ტრანსპორტში კითხვა არ უყვარს, ზოგსაც, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის…  კაცია და გუნება. აუგის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება, ოღონდ, მომკალით და “რიდერი რომ კარგი ყოფილიყო, “ქართლის ცხოვრებაში” ერთხელ მაინც მოიხსენიებდნენ და სალაშქროდ მიმავალი დავით აღმაშენებელი ჯორ-აქლემებს ფოლიანტების თრევით წელს არ მოაწყვეტინებდა”-ს ტიპის შეგონებები საშინლად მაღიზიანებს.

აბუქებ ახლაო, მეტყვით. სულაც არა… კარგად მიიხედ-მოიხედეთ და აუცილებლად შეამჩნევთ, როგორ მოთქვამენ ვაი-ტრადიციონალისტები და წიგნიერების დაკარგვას, კომპიუტერსა და ფეისბუქთან ერთად, უკვე “ქინდლსაც” აბრალებენ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Reading

ბიბის

ტრანსპორტში კითხვა მიყვარს ძალიან.

მოიცა, სხვა, უკეთესი ადგილი ვერ ნახეო – გაგეცინებათ, ალბათ.

არადა, მართლა მიყვარს – დროის გასაყვანად კი არა.

წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა, ნახევრად ცარიელ სალონში რომ ხარ მოკალათებული, ჯიბეში ბილეთი გიდევს და ცხვირი წიგნში გაქვს ჩარგული. ავტობუსი კი თავისთვის მიჩაქჩაქებს და არანაირი მანძილი არ გადარდებს.

ვიცი, თვალებისთვის რომ მავნებელია და კითხვაში გართულს, შესაძლოა, სასურველი გაჩერებაც გამოგრჩეს, მაგრამ ასეთი წვრილმანები აქ რა მოსატანია…

ციცქნა ბათუმში, ტრანსპორტით, რაც არ უნდა მოგენდომებინა, ხშირად მაინც ვერ ისარგებლებდი – ყველაფერი ფეხის ორ ნაბიჯზე იყო: სკოლაც, კინოც, ბულვარიც და მუსიკალურიც, ჩემი საყვარელი აღმოსავლური ტკბილეულის კაფეც და საფუნთუშე-სანაყინეც, მაგრამ დროდადრო მაინც მიწევდა შორს წასვლა და ჩანთაში ხან რომელი ჟურნალი მედო, ხან რომელი დეტექტივი.

წიგნებთან ერთად მგზავრობის ნამდვილი გემო თბილისში გავიგე – ისე გავდიოდი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, ვერც ვიგებდი და ზოგჯერ გულიც კი დამწყვეტია, სად ეჩქარებოდა ამ დალოცვილს, ათიოდე გვერდის ჩამთავრება კიდევ ეცლია-მეთქი.

(more…)

Read Full Post »

Molly's 2nd Kindle Paperwhite

ერთგული სტუმრები, ალბათ, შეამჩნევდნენ, რომ ბიბლიოფილი მოლი, ამ ბოლო დროს, “ქინდლის” თავგადადებულ ადეპტად იქცა და ტრადიციულ, მამა-მაპაპურ ფოლიანტებზე და ელექტრონულ წიგნებზე ერთნაირი სიამოვნებით საუბრობს. რა ვქნა, ჯეფ ბეზოსის ფანტასტიური ნოვაციის წყალობით, ჩემი, როგორც მკითხველის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ნამდვილად არ გამიჭირდება იმის აღიარება, რომ ი-ბუქები სქელ-სქელ ტომებში არ გამომერჩევა.

ზუსტად ერთი თვის წინ ჩემს კოლექციას “თეთრფურცელა” შეემატა და თუ საპრეზენტაციო პოსტი გახსოვთ, დამემოწმებით, რომ ახალი სათამაშოთი აღფრთოვანებისათვის ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა. ოღონდ, პირველ შეფასებებში მაინც ემოციები ჭარბობდა. დეტალური ანალიზისთვის დრო იყო საჭირო.

ჰოდა, ვფიქრობ, ახლა უკვე შემიძლია, მკითხველს შთაბეჭდილებები გავუზიარო. ჩემ გარშემო “ქინდლოსანთა” რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება, ბევრიც უახლოესი მომავლისთვის გეგმავს შეძენას და, იმედი მაქვს, “ფეიფერუაითის” ანატომია საინტერესოც იქნება და სასარგებლოც – არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: