Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გიო ახვლედიანი’

სამამულო გამომცემლობები, შემჩნეული გექნებათ, დროდადრო რომელიმე პოპულარული ჟურნალის არქივებს მიადგებიან, ბლოგებს გადაათვალიერებენ, საუკეთესოებს ამოარჩევენ და წიგნებად კრავენ.

საინტერესო ის არის, რომ ერთიმეორეზე უკეთესი კრებულები გამოსდით.

ჯერ მარტო ლევან ბერძენიშვილის “წმინდა წყვდიადი” რად ღირს (“ცხელ შოკოლადში” იბეჭდებოდა, თუ არ გახსოვთ; მთლად ბლოგიც არ ეთქმოდა, მაგრამ ასეც ნუ დავწვრილმანდებით). ზაზა ბურჭულაძის “კონფორმისტის ჩანაწერები” და “ნორმა” “ტაბულას” და “ანაბეჭდის” სვეტებია, დიანა ანფიმიადის ყოველგვარი გაგებით უგემრიელესი “პირადი კულინარიაც” “შოკოლადის” სამზარეულოდანაა.

მოკლედ, ამართლებს და არ მითხრათ ახლა, ერთხელ დაბეჭდილის ხელმეორედ გამოცემა რა წესიაო. კარადის სულ ზედა თაროზე შემოწყობილი ჟურნალების ხვნეშა-ხვნეშით ჩამოთრევა და ნომრებში ქექვა, რა თქმა უნდა, დიდად სასიამოვნო პროცესია, მაგრამ წიგნად აკინძულს სულ სხვა გემო აქვს.

ახლა – რატომ მოვუარე ასე შორიდან: ახალი კრებული გვაქვს, “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს”.

გამომცემლობა ამჯერად “არტანუჯია“, ჟურნალი კი – ბლოგებითა და ბლოგერებით ცნობილი “ლიბერალი. წიგნში აკა მორჩილაძის (ან გიო ახვლედიანის, როგორც გენებოთ) 2010, 2011 და 2014 წლების საავტორო სვეტებია თავმოყრილი. თემა, ცხადია, ფეხბურთია, ხოლო აკას საფეხბურთო ტექსტებს, ცნობილი ამბავია, ისინიც კი სიამოვნებით კითხულობენ, ვისაც ფეხბურთი მაინცდამაინც არც უყვარს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე ჩემი საყვარელი მწერალი რომ არის, ბლოგსაც ეტყობა, ბიბლიოთეკასაც და ერთი კვირის წინ გაკეთებულ “Goodreads”-ის პროფილსაც.

აკას, დათო ტურაშვილის და ზაზა ბურჭულაძის წიგნები ერთად მიწყვია ყველაზე საპატიო თაროზე, მაგრამ, ვფიქრობ, მალე მომიწევს ადგილის შეცვლა  – აღარ ეტევა და იმიტომ.

სამი ეგზემპლარი მარტო “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” მაქვს; კიდევ – მეგობრის ნაჩუქარი, ღია ბარათებით, გაზეთის ამონაჭრებით, სურათებითა და წიგნაკებით სავსე “მისტერ დიქსლის მდუმარე ყუთი”, “მადათოვის” სასაჩუქრე გამოცემაც, სადღაც, რომელიღაც არაკომერციულ გამომცემლობაში დაბეჭდილი ციცქნა “კაგდატა ინ ჯორჯიაც”… კიდევ – “თეთრი სერია”. ასე, მგონი, არც უნდა ერქვას – მე ვეძახი და გამორჩეულად მომწონს. ამდენ ფერად გარეკანში თეთრად ანათებს და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

მოკლედ, აკას წიგნებზე ერთ პოსტს კი არა, მთელ ბლოგს ავაწყობდი, მაგრამ ხომ ვიცი, ახლა არ იქნებით სანტიმენტალური მოგონებების გუნებაზე; ახალი წიგნია გამოსული და რევიუს ელოდებით.

სათაური კი აქვს უცნაური, ეს რა უბედურებააო, რომ გაფიქრებინებს, მაგრამ წაიკითხავ “მორიდებული ზურმუხტის” პირველ გვერდებს და ეჭვის ნასახიც არ დაგრჩება – ნამდვილი აკაა. კლასიკური. ოქროს სტანდარტი.

(more…)

Read Full Post »

აკა მორჩილაძე "სარბიელში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2012

ამ წიგნს განსაკუთრებით ველოდი.

ახალი ლიტერატურული ნუგბარის ხელში ჩაგდებამდე დღეები აქამდეც დამითვლია, გამომცემლობების ფეისბუქ-გვერდებიც ამიტალახებია და მაღაზიაშიც გავქცეულვარ დილაბნელზე  – რამდენიმე ეგზემპლარი ექნებათ და, არიქა, ვინმემ არ დამასწროს, ხელცარიელი არ დავრჩე-თქო…

მაგრამ ეს მაინც სხვა იყო.

თავის დროზე, მოცლილი იურისტი რომ გახლდით, საღამოობით, საჯარო ბიბლიოთეკის პერიოდიკის დარბაზს ვსტუმრობდი ხოლმე. “სარბიელის” შეკრულას დავითრევდი, ნომერ-ნომერ ვფურცლავდი, ჯერ ბოლო გვერდის საფირმო ფოტოკოლაჟს ჩავათვალიერებდი, მერე, სადღაც შუაში, ერთი წვერმოშვებული კაცის სილუეტით დამშვენებულ მოკლე ტექსტს ვეძებდი, “გიო ახვლედიანის სვეტი” რომ ეწერა თავზე.

საკითხავი ბლომად იყო მანდ, მაგრამ წლობით ნაგროვებ მტვერს უფრო იმ სვეტების გამო ვყლაპავდი.

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, ამ რამდენიმე თვის წინ, “სულაკაურთან” რომ იკითხეს – აკა “სარბიელისთვის” რომ წერდა, თუ გახსოვთო.

როგორ არ მახსოვს-მეთქი, აღტაცებული ჭყლოპინი დამთავრებული არ მქონდა, ესეც მოაყოლეს – რას იტყვით, წიგნად რომ გამოვცეთო…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: