Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გელა ჩარკვიანი’

 

ზუსტად ერთი კვირის წინ, საფესტივალო გეგმას რომ ვწერდი, კმაყოფილებისგან ლამის ხელებს ვიფშვნეტდი – ისე კოხტად აეწყო განრიგი, კინკილა Day off-ის აღებაა სამსახურში საჭირო და ოთხივე დღეს გადასარევად გამოიყენებ-მეთქი.

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ხომ გაგიგიათ. სამსახურიდან გათავისუფლებას ვინ ჩივის, პარასკევს, ოცდაექვსში, მთელი ქვეყანა რომ ისვენებდა, ისეთ გაწამაწიაში ჩავვარდი, წერეთლისკენ არც გამიხედავს.

თქვენ გგონიათ, დიდხანს ვიდარდე და ვივიშვიშე? რას ამბობთ. ბლოგერობის შვიდმა წელმა, სხვა თუ ვერაფერი, თავშემონახულობა მაინც მასწავლა – წუთისოფლის მზაკვრობას მოუმზადებელი არ დავხვედრივარ. ამქვეყნად კეთილ ადამიანებს რა დალევს. მოვძებნე, შევუთანხმდი, ჯიბეში ფული ჩავუკუჭე, საკუთარი ხელით გადაწერილი, ცხარე ცრემლით დანამული სია გავატანე და საღამოს ახალი პოტერიც მაგიდაზე მედო, “ნაგერალაც”, მაია ენჯელოუც, პრინცებიც და რეპრინტებიც.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხუთშაბათს და პარასკევს საფესტივალო რიარიას თვალს შორიდან ვადევნებდი (რა მენაღვლებოდა, დაუზარელი ოჯახის წევრების წყალობით წიგნები შინ მხვდებოდა, კოხტად აკოკოლავებული), შაბათს გულიანად გამოვიძინე, საუიქენდოდ გადანახულ ფილმს ვუყურე, ტრადიციული, სადღესასწაულო, ხუთჯვრიანი ტორტის ბოლო ნაჭერი მივსუსნე და სამის ნახევარზე წერეთელზე, “ექსპო ჯორჯიას” ჭიშკართან ვიდექი, შემართებით სავსე და ცინცხალი სიით ხელში.

(more…)

Read Full Post »

წლევანდელი საფესტივალო დღეები ისე კოხტად მიეწყო ერთმანეთს, ისე მოერგო უიქენდს და უქმეს, კინკილა Day off და ოთხივეს გამოიყენებთ – იმდენი სიახლე, პრეზენტაცია და საინტერესო სტუმარია, ღმერთმანი, ღირს უფროსობასთან დიპლომატიური მოლაპარაკების გამართვა.

საფესტივალო ლოკაცია, ტრადიციულად, წელსაც გამოფენაა – “ექსპო ჯორჯიას” მე-11 პავილიონი. ჩემი ფავორიტი ლოკაცია, სხვათა შორის. წიგნის ფესტივალს სივრცე და სინათლე უხდება. ალბათ, ისევ დაგვცხება. ესეც ერთგვარი ტრადიციაა :) იმედია, მთლად არ გაგვწირავენ და შუა წერეთელზე ფინურ საუნას არ მოგვიწყობენ. ისიც მაიმედებს, რომ წლევანდელი მაისი სადღაც შუა გზაშია დაკარგული და მაისის ფუნქციებს ჭირვეული მარტი ითავსებს.

სიცხე, ზაფრა, სტენდებს შორის ბოდიალი და საგანგებოდ მომარჯვებული სიიდან ნაყიდი წიგნების ამოშლა ხუთშაბათიდან დაიწყება, მანამდე კატალოგებს ველოდებით. ვიღაცებმა უკვე დადეს, ვიღაცები უკანასკნელ დეტალებს აზუსტებენ. ბუტერბროდის კანონია, სამი თვით ადრე რომ დაიწყო მზადება, რაღაცების კეთება მაინც ბოლო წუთს მოგიწევს, ფაცხაფუცხით, გულის ფრიალითა და ხელების კანკალით.

Molly Bloom’s Day-ის ყოველწლიურ საფესტივალო პრევიუს ერთ დიდ კატალოგად ვერ ვაქცევ. არც გამომივა, ადგილიც არ მეყოფა, არც თქვენთვის იქნება საინტერესო. მოდი, დღეს ჩემს არჩევანს გაგიზიარებთ. პირველ რიგში რომ მოვიკითხავ, იმ წიგნებს.

(more…)

Read Full Post »

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე – 23 აპრილი –  ხუთშაბათს უწევს, სამუშაო დღეს.

მაინცდამაინც ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. წიგნის დღეებს, ფესტივალებს, კინოპრემიერებს და ამგვარ სიამოვნებებს, მოგეხსენებათ, აჩქარება და გადარბენები არ უხდება. ჯერ კარგად უნდა გამოიძინო, ნება-ნება აიზლაზნო, მშვიდად ისაუზმო, კომფორტულად გამოეწყო, განუყრელი ზურგჩანთა საგულდაგულოდ დააცარიელო და პავილიონებს მიაშურო…  იქაც მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ათვალიერო. ერთი წრე, მეორე, მესამე… ისიც უნდა გაითვალისწინო, რამდენი ნაცნობი შეგხვდება და ისე როგორ ჩაუვლი გვერდს, შენაძენი არ შეუთვალიერო :) მერე სადმე წახემსებაც უნდა მოასწრო – ახალნაყიდ წიგნებს ცხელი პიცა აკვდება ზედ. მოკლედ, წამდაუწუმ საათზე საყურებლად არ უნდა გქონდეს საქმე.

საათზე ყურებას და პიცა-ბრეიკს ვინ ჩივის, ხუთშაბათს დილიდან ღრმა საღამომდე ვმუშაობ, თან ისეთი მძიმე კვირა მაქვს, პრეზენტაციებისთვის კი არა, მგონი, ყავის მოსახარშად არ მეცლება.

არა უშავს. აქ მოვიოხებ გულს და წიგნის საერთაშორისო დღეს ბლოგზე მაინც აღვნიშნავ. თან თქვენც იხეირებთ – მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ, სხვა თუ არაფერი, წინასწარი სიის შედგენასა და მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაში მაინც წაგეშველებით. ჰო, არ დამავიწყდეს: წიგნის დღე წელს ვაკის პარკში ტარდება. სტენდებს და კარვებს სუფთა ჰაერზე გაშლიან, პრეზენტაციებს კი ვაკის მედიათეკა უმასპინძლებს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: