Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘გამომცემლობა “სიესტა”’

gramatika-zarmacebisatvis-image-geo

ბოლო, უსინდისოდ ხანგრძლივი ბლოგერული შვებულების დროს, სანამ  თქვენი მასპინძელი ნეტარი უსაქმურობით ტკბებოდა, გამომცემლობებმა იმდენი ახალი წიგნის გამოცემა მოახერხეს, ერთ თავმოყვარე ბიბლიოთეკას აიწონის.

კატალოგებს ვერ ჩამოვყვები, ვერც მოვასწრებ და არც არის საჭირო, მაგრამ რამდენიმე სიახლეზე რომ არ გიამბოთ, ბლოგერის სინდისი არ მომასვენებს.

“ქართული ენა ზარმაცებისათვის” გემახსოვრებათ, ორიოდე წლის წინ დააანონსა “სიესტამ“. ფრიად სიმპათიურ ყდას მოკლე ანოტაციაც ახლდა და პრევიუ სულ ხელების ფშვნეტით დავწერე – ასეთი საჭირო წიგნი, საუკუნეა, არ გამოუციათ-მეთქი.

“ზარმაცების გრამატიკა”, წესით, მალევე უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გამომცემლებს, ავტორებს და მკითხველებს გვინდა. გეგმები შეიცვალა, რაღაცები გადაიდო, “სიესტამ” სხვა წიგნებს მიხედა, მერე შვებულებაშიც გავედი. წიგნის მაღაზიებში წანწალი, ცხადია, არ შემიწყვეტია. არც “ზარმაცების გრამატიკა” გამომრჩენია, ციმციმ წამოვაცუნცულე შინ და ყველაზე ხელმოსახელთებელ ადგილას მიდევს.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

წლევანდელი წიგნის საერთაშორისო დღე – 23 აპრილი –  ხუთშაბათს უწევს, სამუშაო დღეს.

მაინცდამაინც ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. წიგნის დღეებს, ფესტივალებს, კინოპრემიერებს და ამგვარ სიამოვნებებს, მოგეხსენებათ, აჩქარება და გადარბენები არ უხდება. ჯერ კარგად უნდა გამოიძინო, ნება-ნება აიზლაზნო, მშვიდად ისაუზმო, კომფორტულად გამოეწყო, განუყრელი ზურგჩანთა საგულდაგულოდ დააცარიელო და პავილიონებს მიაშურო…  იქაც მშვიდად და აუჩქარებლად უნდა ათვალიერო. ერთი წრე, მეორე, მესამე… ისიც უნდა გაითვალისწინო, რამდენი ნაცნობი შეგხვდება და ისე როგორ ჩაუვლი გვერდს, შენაძენი არ შეუთვალიერო :) მერე სადმე წახემსებაც უნდა მოასწრო – ახალნაყიდ წიგნებს ცხელი პიცა აკვდება ზედ. მოკლედ, წამდაუწუმ საათზე საყურებლად არ უნდა გქონდეს საქმე.

საათზე ყურებას და პიცა-ბრეიკს ვინ ჩივის, ხუთშაბათს დილიდან ღრმა საღამომდე ვმუშაობ, თან ისეთი მძიმე კვირა მაქვს, პრეზენტაციებისთვის კი არა, მგონი, ყავის მოსახარშად არ მეცლება.

არა უშავს. აქ მოვიოხებ გულს და წიგნის საერთაშორისო დღეს ბლოგზე მაინც აღვნიშნავ. თან თქვენც იხეირებთ – მოგიყვებით, რას უნდა ველოდოთ, სხვა თუ არაფერი, წინასწარი სიის შედგენასა და მიახლოებით ხარჯთაღრიცხვაში მაინც წაგეშველებით. ჰო, არ დამავიწყდეს: წიგნის დღე წელს ვაკის პარკში ტარდება. სტენდებს და კარვებს სუფთა ჰაერზე გაშლიან, პრეზენტაციებს კი ვაკის მედიათეკა უმასპინძლებს.

(more…)

Read Full Post »

თავიდანვე გეტყვით, რომ ამ წიგნს ლიტერატურულ გადატრიალებას ვერ დავარქმევ და, ალბათ, არც ავტორს ჰქონია ამაზე პრეტენზია – არ მგონია, როცა ვერონიკა როთი “განსხვავებულს“ წერდა, ეფიქრა, ანტიუტოპიის ჟანრში ახალ სიტყვას ვიტყვიო. უბრალოდ, ადგა და დაწერა ტრილოგია დისტოპიურ ჩიკაგოზე, სადაც საზოგადოება ხუთ ფრაქციად დაყოფილა: ხმაურიანი შეუპოვრები  სახიფათო თამაშებს არ ერიდებიან, მეგობრულები – მშვიდობასა და წონასწორობას ქადაგებენ, გულწრფელებს ტყუილს ვერ დააცდენინებ, თუნდაც საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხებოდეს, ასკეტებს ყველაზე დიდ ღირსებად თავშეკავება მიაჩნიათ, სიახლეების მაძიებელ ერუდიტებს კი მუდმივად წიგნებში აქვთ ცხვირი ჩარგული.

ამ სამყაროს სიყალბისა და ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს – თითქოს არ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად უშიშარიც იყოს და მეგობრულიც, ან თითქოს ასკეტი გულწრფელი და უშიშარი ვერ იქნება… რა გასაკვირია, რომ ნაძალადევად დახლეჩილ საზოგადოებას მკაცრი წესები და კანონები სჭირდება – სხვაგვარად ბალანსის შენარჩუნება რთულია.

აქ ცხოვრობს ბეატრის პრაირი, ასკეტი გოგონა, რომელსაც ძალიან არ უნდა, რომ მთელი ცხოვრება აკრძალვებსა და შეზღუდვებში გაატაროს, ამიტომაც, როცა შესაძლებლობა ეძლევა, თავის ფრაქციაზე უარს ამბობს და თავზეხელაღებული შეუპოვრების რიგებს უერთდება.

(more…)

Read Full Post »

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია: თეატრი გასახდელით იწყება, წიგნი – გარეკანით.

ფაქტია, უვარგის წიგნს მსოფლიოში საუკეთესო ქავერიც კი ვერაფერს უშველის, მაგრამ იმას რა სჯობს, ტექსტიც და შეფუთვაც  ერთნაირად ხარისხიანი რომ არის და თვალს და გულს ერთად ახარებს.

მოლის ბიბლიოთეკის ამბავი ხომ იცით. ათასნაირი წიგნი მიდევს თაროებზე; ასეთიც, ისეთიც, კოხტაც და შეუხედავიც; საქმის ცოდნით და სიყვარულით მოხატულ-გალამაზებულიც და მიფუჩეჩებულიც.

რას ვიზამთ, კარგს ზუსტად იმიტომ ვაფასებთ, ამქვეყნად ცუდიც რომ არსებობს. მოსაწონი ყდები ადრეც იყო, ჩემი ბავშვობის დროს, ოღონდ იშვიათად – სანთლით უნდა გეძებნა. ჰოდა, იმ ძველ, უსახო, უფერულ, უსქესო, უაზროდ ერთნაირ ყალიბში ჩამოსხმულ ყდებს რომ ვიხსენებ, აშკარად უკეთ გვაქვს საქმე.

პირველი ასეთი პოსტი ორი წლის წინ დავწერე და მკითხველს ჩემი ფავორიტი ქავერები გავუზიარე.  ჰოდა, ვფიქრობ, დადგა დრო, მოლის ბლოგზე ” The Best of ბიბლიოკრეატივის” მეორე ნაწილი დაიდოს.

(more…)

Read Full Post »

ერთი პატარა წიგნი მივაყოლე დღეს დილის ყავასა და სიგარეტს.

ფერფლი ლამბაქის კიდეზე რომ დამიცვივდა, მერეღა მივხვდი – დიდხანს ვმჯდარვარ გარინდებული, ოთხმოცდაათიანებისკენ პირმიქცეული და გურიის სუნში გახვეული, ბავშვობიდან ნაცნობ, დედულეთის სუნში.

ასე მარტო გურულები წერენ – ცალი თვალით რომ გეტირება და ცალით გეცინება. ალბათ იმიტომ, რომ მათი ყოფაც ასეთივეა და ისინიც ჟონგლიორისთვის შესაშური სიმარჯვით ბალანსირებენ სიცილ-ტირილის სახიფათო ზღვარზე; ერთი ზედმეტი მოძრაობა და ან იქით გადაიჩეხებიან, ან აქეთ. არადა, სწორედ ამ ბალანსმა მოიყვანა გურულები დღემდე, საწებლის რეცეპტიდან მოთქმა-ვაებაზე ელვისებური გადასვლის ხელოვნებამ, ავტორმა “გურული პარადოქსი“ რომ უწოდა.

პატარა წიგნი-მეთქი, ვთქვი წეღან. პატარა კი არა, პაწაწუნაა, სულ ერთი ციცქნა, გიორგი კეკელიძის “გურული დღიურები” და მაინც მთელ გურიას იტევს. აქედან შეიტყობთ, რომ გურულად სექსს აჯიბაკური რქმევია, ლობიოს ელვა რა არის, იმასაც გაიგებთ, გურული “ხარჯი ნაქნარიას” ლოგიკასაც ჩასწვდებით და სხაპასხუპით მოყრილი “რაფერ ხარ? როის ჩამოი? როის მიხვალ?” რას ნიშნავს, ამის ამოხსნაც თქვენზე იყოს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: