Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბულვარი’

უამრავჯერ მითქვამს აქაც, იქაც, სხვაგანაც, მეგობრებთანაც, ფეისბუქზეც და კიდევ გავიმეორებ – ჩემი ნება რომ იყოს, დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ბათუმში და თბილისში მარტო განსაკუთრებით საინტერესო წიგნების პრეზენტაციებზე ვივლიდი-მეთქი.

სამწუხაროდ, ეს მთლად ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული და ჯერჯერობით ყველაფერი პირიქით ხდება – ცხოვრებით თბილისში ვცხოვრობ და ბათუმში პრეზენტაციებზე დავდივარ. დავდივარ რა – პირველად ვიყავი და ძალიანაც მომეწონა, მაგრამ, მგონი, ყველაფრის დალაგებით მოყოლა აჯობებს.

“წიგნები ბათუმში“ გამომცემლობისა და ახალი თარგმანების პრეზენტაციას რომ გეგმავდა, მგონი, ნახევარმა საქართველომ იცოდა და მე როგორ გამომრჩებოდა. ამიტომაც იყო, რომ ოცდაერთში, შაბათ დილით, გემრიელად გამოძინების ნაცვლად, ზურგჩანთამოკიდებული ვიდექი ბაქანზე და პირსინგიანი გამცილებელი (გადასარევი გოგო, სხვათა შორის) ბილეთს  მიმოწმებდა.

თბილისიდან ბათუმამდე, მოგეხსენებათ, ხუთი საათის სავალია და მთელი გზა ხან ვკითხულობდი, ხან მეძინა, ხან ყავას ვსვამდი ჩემი განუყრელი თერმოსიდან და ამაოდ ვცდილობდი, გამომეცნო, რომელ სადგურზე გაჩერდებოდა მატარებელი ისე, სიგარეტის მოწევა რომ მომესწრო; ის დალოცვილი ისეთი თავქუდმოგლეჯილი მიქროდა, იმაშიც კი შეგვეპარა ეჭვი, მახინჯაურში მაინც თუ ჩაგვიშვებდნენ ქვემოთ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

luka polare Frozen yogurt

“ლუკა პოლარეს” პოლარული იოგურტი

ოდინდელი ადათია, ახალი ბლოგერული სეზონის პირველ დღეს მე და ჩემი ერთგული მკითხველები ვერანდაზე ან ზამთრის ბაღში ვიკრიბებით, მორიგ დელიკატესს ვაგემოვნებთ და ამბებს ვყვებით.

დღეს ამ ტრადიციას ოდნავ გადავუხვევ და სანაყინეებზე გიამბობთ. მოლის სანაყინეებზე. თუმცა გადახვევა არც ეთქმის – სასუსნავი და სანაყინე რამ გაყო. ზაფხული ისეთი ცხელი და გრძელი გამოდგა, სულ ცივ-ცივ რაღაცებზე გეფიქრება კაცს.

ვერ დამარწმუნებთ, რომ ბავშვობაში სანაყინე თქვენი უსაყვარლესი ადგილი არ ყოფილა ) არ ვიცი, იქნებ სადმე არიან კიდეც პატარები, რომლებიც ამ ყოველმხრივ გადასარევ დაწესებულებას გულგრილად ჩაუვლიან, მაგრამ მე არ შემხვედრია ) ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სანაყინე განსაკუთრებული დანიშნულების სტრატეგიული ობიექტი გახლდათ და სათამაშოების მაღაზიაში, თოჯინების თეატრსა და კინო “პიონერში” არ გამომერჩეოდა.

ჩემი პირველი სანაყინე ბათუმში, ბარათაშვილის და სტალინის კუთხეში იდგა – ყვითელ-ცისფერი შენობა კინო “თბილისის” წინ. შესასვლელ-გასასვლელი ცალ-ცალკე ჰქონდა და ამაზე ბევრს ვხალისობდი. მომცემდა დედა პარკს, ჩამიკუჭავდა ჯიბეში მანეთიანს და მივცუხცუხებდი სავაჭროდ. მანეთად ხუთი ცალი ოცკაპიკიანი პლომბირი მერგებოდა და იმ პლომბირზე გემრიელი არაფერი მეგულებოდა ამქვეყნად.

(more…)

Read Full Post »

ბათუმი "ეშმაკის ბორბლიდან". ალექსანდრე რუსიას ფოტოჩემს ქალაქზე უსასრულოდ რომ შემიძლია ქაქანი, აქაურებს კი გეცოდინებათ, მაგრამ ზაფხულის მიწურულს ყველა ზღვისპირეთსა და არდადეგებზე წერს და ახალი ბლოგერული სეზონის პირველი პოსტი სტანდარტულ პოსტსაშვებულებო რევიუს რომ არ დაემსგავსოს, მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც ჩემი ბავშვობის ქუჩებში ერთკვირიანი ხეტიალისას ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

მატარებელში, თურმე, თამბაქო აკრძალულია და პირველი, ყველაზე გემრიელი ღერი იქითობისას წიფის უკაცრიელ ბაქანზე მოვწიე, აქეთობისას – ზესტაფონში.

ბათუმისკენ ესტონელი წყვილი დამემგზავრა. რამდენიმე სიტყვით მოვიკითხეთ ერთმანეთი და მომდევნო ხუთი საათი, როგორც ჭეშმარიტ ესტონელებს შეეფერებათ, ხმა აღარ ამოუღიათ – ეძინათ.

ჩასვლის ღამესვე, სამის ნახევარზე, ნამდვილმა წარღვნამ გამაღვიძა. ღუნღულა ხალათში გავეხვიე, აივანზე, სავარძელში მოვკალათდი, გავაბოლე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის მართლაც ძალიან ცოტა ჰყოფნის.

ჩემი ფანჯრებიდან სოფლის მეჩეთის მინარეთი ჩანდა და ყოველღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ უთენია მუეძინი გამაღვიძებდა. სამწუხაროდ, მის ენერგიულ მოძახილს მხოლოდ ერთხელ მოვუსმინე.

(more…)

Read Full Post »

Batumi

სანტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, არც პროფესია მაქვს ისეთი, გულჩვილობა უხდებოდეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი უცნაური რამ შევნიშნე – საკმარისია სადმე ძველ ფილმს, სიმღერას ან წიგნს გადავაწყდე, სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული შეგრძნება მიჩნდება  – თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდე…

და რა გასაკვირია, რომ გულგრილად ვერ ვიხსენებ იმ ქალაქს, სადაც დავიბადე და რომელიც ჩემთვის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი და  თბილი ადგილია. სადაც ტალღა სულ სხვანაირად ასკდება ნაპირს, სხვანაირი ნიჟარები ყრია და უამინდობისას სხვანაირი ღრუბელი წვება ცაზე… უკეთესი ან უარესი კი არა, უბრალოდ, სხვანაირი…

იქაურობა ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო გალამაზებული მხვდება. ძალიანაც მომწონს, განა არა…  თუმცა, მე მაინც ის ძველი და უპრეტენზიო ქალაქი მახსოვს და მიყვარს, ოცდაერთი წლის წინ, “ბათუმი-თბილისის” მატარებელის კუპეში, ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილმა რომ დავტოვე.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: