უკვე მერამდენედ მითხრეს (ხუმრობით, ისე მაგათ დაუმშვენდათ ცხვირი) – გადაყევი ამ ძველ წიგნებს, ახლები აღარ გადარდებსო.
ღმერთი, ხატი, რჯული, მსგავსი არაფერი მიფიქრია. ჩემი ბავშვობის (და კიდევ უფრო ძველი) წიგნების დევნა, პოვნა და თქვენთვის გაზიარება, ვაღიარებ, უზომოდ სასიამოვნო და აზარტული ყოფილა, მაგრამ ასეც არ წავმხდარვარ, სიახლეებს თვალს არ ვადევნებდე.
მოკლედ რომ მოვჭრა, ჩემთან ერთი მეორეს ხელს ნამდვილად არ უშლის. “ნაკადულისა” და “საბჭოთა აჭარის” რარიტეტების პარალელურად, არც ცინცხალი გამოცემები მრჩება განზე, კარგებიც, ძალიან კარგებიც და ისეთებიც, წინასწარ რომ იცი, ავტორის ფეისბუქის მეგობრების გარდა, არავინ წაიკითხავს. მეგობრების მოტივაცია გასაგებია, ავტორის – მით უმეტეს, მე გამომცემლობების ღრმად გემოვნებიანი მთავარი რედაქტორების გამკვირვებია, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა ჩემი გასარჩევია, საკუთარი საქმე იმათ უკეთ იციან. ისღა დამრჩენია, ხანდახან ხელები გავშალო და მხრები ავიჩეჩო.