Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბლოგი’

მართალი უთქვამთ, დრო კი არ მიდის, მიფრინავსო. თითქოს გუშინ იყო, ექვსსანთლიანი ტორტით რომ აღვნიშნავდით დაბადების დღეს და აი, უკვე მეშვიდე სანთელიც ავაციმციმეთ ისე, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარით.

მგონი, საჭირო აღარაა იმის თქმა, როგორ მიხარია თქვენი დანახვა. მართალია, წელს ბუხრის ამინდი არ არის, მაგრამ ტრადიციას არ ვუღალატე და მაინც ავაგუზგუზე. ჩემი პირბადე ნუ შეგაშინებთ – თქვენი მასპინძელი ცოტა შეციებულია, მაგრამ, რაც მთავარია, სადღესასწაულო განწყობაზე გახლავთ და სუფრისთვისაც ყველაფერი მზადაა ჩვენი ყოჩაღი პოპინსის წყალობით – გუშინ მესტუმრა და სიცხიანი რომ დამინახა, მაშინვე დაიკაპიწა ხელები. კი ჯუჯღუნებდა ცოტას – ძლივს დავაღწიე თავი ბენქსების ბავშვებს და შენთან დასასვენებლად შემოვიარეო, მაგრამ გული რას მოუთმენდა, ამ ყოფაში მივეტოვებინე. ასე რომ, შემოვუსხდეთ სუფრას, ნაძვის ხე გავაჩახჩახოთ, ბუხარში შეშა მივწი-მოვწიოთ და დავიწყოთ, თქვენ – დაგემოვნება, მე კი ტრადიციული სადაბადებისდღეო ამბავი, ამჯერად აი, ამ კოხტა ბოთლში ჩამოსხმულ სასმელზე, ბეილისი რომ ჰქვია და, დარწმუნებული ვარ, ძალიან გიყვართ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ამას წინათ, ბლოგზე თამარა მესტუმრა, რაღაცები დაათვალიერა და ნავიგატორზე კომენტარი დამიტოვა, რა ნამუშევარიაო.

ნავიგატორი, გეცოდინებათ, აქაური სარჩევია. ყველა ბლოგის ბმულია ერთად შეგროვებული. ხელით მტერმა დათვალა, ჩემისთანა ჰუმანიტარმა – მითუმეტეს, რამდენჯერაც ვცადე, იმდენჯერ ავირიე, მაგრამ თავად ვორდპრესი ითვლის გულმოდგინედ და უშეცდომოდ და, ვორდპრესის მიხედვით, შვიდ წელიწადში 631 ბლოგი გამომიქვეყნებია.

631 ბლოგი, შესაძლოა, არც ისე ბევრი იყოს, მაგრამ ისეთი რიცხვია, გინდა, არ გინდა, დაგაფიქრებს. ფიქრებზე მერე, ჯერ წელიწადი შევაჯამოთ.

ალალად გეტყვით, ბლოგისთვის არ იყო ურიგო წელი. მსხვილ ტექნოგენულ კატასტროფებს ავცდით. ზაფხულის არდადეგებიც შევირგეთ, მნიშვნელოვანი ღონისძიება არ ჩაგვიგდია, ხელი არავის და არაფერს არ შეუშლია.

ფეისბუქის გვერდიც, ასე თუ ისე, გამოცოცხლდა. ამ წუთისთვის 6123 მკითხველი ჰყავს (შარშან ოქტომბერში 2000-ს ძლივს წვდებოდა). ფეიჯისთვის კატასტროფულად ცოტაა, მაგრამ მაინც მხნედ ვარ, რობინზონ კრუზოს კუნძულს და ატაკამას უდაბნოს აღარ ჰგავს.

(more…)

Read Full Post »

ყოველ ზაფხულს, ჰაერში არდადეგების სურნელი რომ დატრიალდება და დიდსა და პატარას ნეტარი უსაქმურობის განწყობა მოეძალება, შრეკისკატისთვალებიან  ბლოგს ვწერ და მკითხველებს (ნაადრევი) შვებულების მიზეზს ვუხსნი.

წელს, თითქოს, განსაკუთრებული არაფერი ხდება. არც ოლიმპიადაა, არც რომელიმე მსოფლიო ჩემპიონატი. სამსახურში ჩვეულებრივ დავიარები და დასვენებას არ ვფიქრობ. არც ზღვაზე ვაპირებ გასხლტომას. საკურორტო რიარიას გაზაფხულის, შემოდგომის და ზამთრის ბათუმი მირჩევნია, დაცარიელებული ბულვარით, მიყუჩებული კაფეებით, დამსვენებელთათვის უჩვეულოდ გარინდებული.

ერთი შეხედვით, ხელმოსაჭიდი საშვებულებო მიზეზი არ მაქვს. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.

გულწრფელად გეტყვით, ასეთი მძიმე სეზონი ჯერ არ მქონია.

(more…)

Read Full Post »

მეშვიდე წელია, ბლოგი მაქვს და დედლაინების მიმართ ჩემი პრინციპული დამოკიდებულება აქაურობის სტუმრებს კარგად მოეხსენებათ. არ მახსოვს, დათქმული დროისთვის ერთხელ მაინც გადამეცილებინოს. თავსაფრიანი დედაკაცისა არ იყოს,  მოლისაც “ვერ აჩერებს კედელი, მარკა, სიშორე, გადაიფრენს, იშოვის, გადივლის, მისცურავს, მიიფრენს“ და პოსტს ჩვეულ დღესა და საათზე მაინც გამოაქვეყნებს.

ჰოდა, ამ თქვენს უღალატო მასპინძელს დილას ფრიად უცნაური ამბავი დაემართა – ჯერ ხომ მშვიდად ინებივრა და დატკბა მთავრობის ბოძებული დასვენებით, მერე, მესამე ფინჯანი ყავის შემდეგ შემოქმედებითად დარაზმული მიადგა გაძეძგილ თაროებს, ხან ერთს მიაბჯინა ცხვირი, ხან – მეორეს, ხან – მეჩვიდმეტეს და ჰოი, საშინელებავ! პოსტისთვის შესაფერი წიგნი ვერ შეარჩია.

(more…)

Read Full Post »

ქართულ ენაზე, ენის სიწმინდესა და გამართულ მეტყველებაზე რომ წერ, ძალიან უნდა იფრთხილო, თუნდაც ყველაზე კეთილი განზრახვით დაწერილი ტექსტი ჭკუის სწავლებაში, ურაპატრიოტულ მოწოდებებსა და ქსენოფობიურ გამოხტომაში არ გადაგეზარდოს.

სხვისთვის ჭკუის სწავლება და ურაპატრიოტიზმი ჭირივით მეზარება. ან მე ვის რა უნდა ვასწავლო. ჩემს ამბებს მოგიყვებით. დასარიგებლად და რჩევისთვის არა, ისე, შინაურულად.

ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება. ის, რაც დღეს შეცდომად ითვლება, ხვალ, შესაძლოა, ნორმად აღიარონ. აგერ, ვიღაცები ამბობენ, “გამარჯობათ” სწორი ფორმააო. მე მაინც ჩვეული “გამარჯობა” მირჩევნია. პატივისცემის გამოხატვას ზედმეტი “თ”-ს გარეშეც მოვახერხებ.

ენის ცოდნაც, ერთი ცნობილი სიგარის არ იყოს, მხოლოდ ენის ცოდნაა და მეტი არაფერი. თავანკარა ქართულით მოსაუბრე ნაძირლებიც შემხვედრია და ყოვლად გადასარევი ხალხიც, სამ სიტყვაში ხუთ შეცდომას რომ უშვებენ. მოკლედ რომ მოვჭრა, უხეირო ქართულს, ფეისბუქზე, ბლოგებზე და ყველგან, სადაც ვკითხულობ, თვალს ვარიდებ. უბრალოდ, ზოგჯერ მართლა სასაცილოა, ჭკუას ისე გარიგებენ, მეოთხეკლასელს რომ მსგავსი შეცდომებით მეწერა, თინა მასწავლებელი საკლასო ოთახში არ შემიშვებდა.

(more…)

Read Full Post »

original_article-image-assenzio

მოლი ბლუმის სტუმართმოყვარეობა, მგონი, უკვე სრულიად ქართულ ბლოგოსფეროს კარგად მოეხსენება – აქ სტუმრისთვის კარი მუდამ ღიაა და მასპინძელიც ყოველთვის შორიახლო ტრიალებს. თუმცა მაინც არის ერთი გამორჩეული დღე, როცა კარზე ყველა დაკაკუნება განსაკუთრებით მახარებს და ეს სამი იანვარია. აი, ახლაც, როგორც კი ვერანდაზე ფეხის ხმა გავიგონე, მაშინვე ჩვეული, სასიამოვნო ფორიაქი ვიგრძენი – არ დაგვიწყებივართ და ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არაფერია.

მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით და იმას ნუღარ მათქმევინებთ, რომ თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში – ადრეც არაერთხელ მითქვამს. აღარც ზამთრის ბაღის ჩვეულ ატრიბუტზე – აგიზგიზებულ ბუხარზე ვიტყვი რამეს, აღარც ღუნღულა პლედებსა და რბილ ბალიშებზე – უჩემოდაც მიაგნებთ და ისე მოკალათდებით, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მე კი, სანამ გოჭის დაპიწკინებული ყურების, ნიგვზიანი ფხალეულისა და სულგუნის ხაჭაპურის დასაგემოვნებლად მიგიპატიჟებდეთ, აპერიტივს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, პატარა ისტორიის თანხლებით – ტრადიციების ერთგულება თავისთავადაც ტრადიციაა, ასე არ არის?

(more…)

Read Full Post »

girl-online-on-tour-geo-cover

არა, რა. რამდენიმეთვიანი ბლოგერული შვებულება ურიგო იდეა კი არ იყო (არანაირი დედლაინები, არანაირი კვირაში ორი ახალი წიგნი, არანაირი რეიტინგზე ნერვიულობა… მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი უსაქმურობა ყოველ საღამოს, ხომ გესმით), მაგრამ დროსა და მოვლენებს გვარიანად ჩამოვრჩი. ამ “Liberteens”-მა ხომ თავი მოიკლა და ერთიმეორეზე უკეთესი წიგნები ტყვიამფრქვევის ჯერივით მიაყარა.

ამ წიგნის პირველ ნაწილზე, იმედია, გეხსომებათ და წელიწადზე მეტი ხნის წინ ვწერდი. ისეთი თბილი და ნათელი განცდა დამიტოვა პოპულარული ბრიტანელი ბლოგერის სადებიუტო რომანმა, გაგრძელებას ვერაფრით გამოვტოვებდი. კი, კი, სწორად მიმიხვდით – ზოი საგის „ონლაინგოგოს“ და მის მეორე ნაწილს – “საგასტროლო ტურნეს“ ვგულისხმობ. ამას წინათ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში “ბიბლუსის“ ფილიალში შემიცდა ფეხი, ახალდაგემოვნებული პიცითა და სალათით უკმაყოფილოს, ჰოდა, იქ წავაწყდი და უიღბლო გასტრონომიული ექსპერიმენტის საკომპენსაციოდ იმავე საღამოს დავაჭაშნიკე.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: