Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘ბლოგინგი’

ქართულ ენაზე, ენის სიწმინდესა და გამართულ მეტყველებაზე რომ წერ, ძალიან უნდა იფრთხილო, თუნდაც ყველაზე კეთილი განზრახვით დაწერილი ტექსტი ჭკუის სწავლებაში, ურაპატრიოტულ მოწოდებებსა და ქსენოფობიურ გამოხტომაში არ გადაგეზარდოს.

სხვისთვის ჭკუის სწავლება და ურაპატრიოტიზმი ჭირივით მეზარება. ან მე ვის რა უნდა ვასწავლო. ჩემს ამბებს მოგიყვებით. დასარიგებლად და რჩევისთვის არა, ისე, შინაურულად.

ენა, მოგეხსენებათ, ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად ვითარდება. ის, რაც დღეს შეცდომად ითვლება, ხვალ, შესაძლოა, ნორმად აღიარონ. აგერ, ვიღაცები ამბობენ, “გამარჯობათ” სწორი ფორმააო. მე მაინც ჩვეული “გამარჯობა” მირჩევნია. პატივისცემის გამოხატვას ზედმეტი “თ”-ს გარეშეც მოვახერხებ.

ენის ცოდნაც, ერთი ცნობილი სიგარის არ იყოს, მხოლოდ ენის ცოდნაა და მეტი არაფერი. თავანკარა ქართულით მოსაუბრე ნაძირლებიც შემხვედრია და ყოვლად გადასარევი ხალხიც, სამ სიტყვაში ხუთ შეცდომას რომ უშვებენ. მოკლედ რომ მოვჭრა, უხეირო ქართულს, ფეისბუქზე, ბლოგებზე და ყველგან, სადაც ვკითხულობ, თვალს ვარიდებ. უბრალოდ, ზოგჯერ მართლა სასაცილოა, ჭკუას ისე გარიგებენ, მეოთხეკლასელს რომ მსგავსი შეცდომებით მეწერა, თინა მასწავლებელი საკლასო ოთახში არ შემიშვებდა.

(more…)

Read Full Post »

original_article-image-assenzio

მოლი ბლუმის სტუმართმოყვარეობა, მგონი, უკვე სრულიად ქართულ ბლოგოსფეროს კარგად მოეხსენება – აქ სტუმრისთვის კარი მუდამ ღიაა და მასპინძელიც ყოველთვის შორიახლო ტრიალებს. თუმცა მაინც არის ერთი გამორჩეული დღე, როცა კარზე ყველა დაკაკუნება განსაკუთრებით მახარებს და ეს სამი იანვარია. აი, ახლაც, როგორც კი ვერანდაზე ფეხის ხმა გავიგონე, მაშინვე ჩვეული, სასიამოვნო ფორიაქი ვიგრძენი – არ დაგვიწყებივართ და ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არაფერია.

მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით და იმას ნუღარ მათქმევინებთ, რომ თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში – ადრეც არაერთხელ მითქვამს. აღარც ზამთრის ბაღის ჩვეულ ატრიბუტზე – აგიზგიზებულ ბუხარზე ვიტყვი რამეს, აღარც ღუნღულა პლედებსა და რბილ ბალიშებზე – უჩემოდაც მიაგნებთ და ისე მოკალათდებით, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მე კი, სანამ გოჭის დაპიწკინებული ყურების, ნიგვზიანი ფხალეულისა და სულგუნის ხაჭაპურის დასაგემოვნებლად მიგიპატიჟებდეთ, აპერიტივს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, პატარა ისტორიის თანხლებით – ტრადიციების ერთგულება თავისთავადაც ტრადიციაა, ასე არ არის?

(more…)

Read Full Post »

girl-online-on-tour-geo-cover

არა, რა. რამდენიმეთვიანი ბლოგერული შვებულება ურიგო იდეა კი არ იყო (არანაირი დედლაინები, არანაირი კვირაში ორი ახალი წიგნი, არანაირი რეიტინგზე ნერვიულობა… მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი უსაქმურობა ყოველ საღამოს, ხომ გესმით), მაგრამ დროსა და მოვლენებს გვარიანად ჩამოვრჩი. ამ “Liberteens”-მა ხომ თავი მოიკლა და ერთიმეორეზე უკეთესი წიგნები ტყვიამფრქვევის ჯერივით მიაყარა.

ამ წიგნის პირველ ნაწილზე, იმედია, გეხსომებათ და წელიწადზე მეტი ხნის წინ ვწერდი. ისეთი თბილი და ნათელი განცდა დამიტოვა პოპულარული ბრიტანელი ბლოგერის სადებიუტო რომანმა, გაგრძელებას ვერაფრით გამოვტოვებდი. კი, კი, სწორად მიმიხვდით – ზოი საგის „ონლაინგოგოს“ და მის მეორე ნაწილს – “საგასტროლო ტურნეს“ ვგულისხმობ. ამას წინათ, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში “ბიბლუსის“ ფილიალში შემიცდა ფეხი, ახალდაგემოვნებული პიცითა და სალათით უკმაყოფილოს, ჰოდა, იქ წავაწყდი და უიღბლო გასტრონომიული ექსპერიმენტის საკომპენსაციოდ იმავე საღამოს დავაჭაშნიკე.

(more…)

Read Full Post »

სულ რამდენიმე წუთით შემოვიხედე. რაღაცები მაქვს თქვენთვის სათქმელი.

ბოლო, უსინდისოდ ხანგრძლივი შვებულების წინ კი დავიბარე, სექტემბერში დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ სექტემბერიც გავიდა, ლამის უკვე ოქტომბერიც, მოთოვა, აქ ისევ ძველი ტექსტები დევს.

რა გეჩქარებოდა, ცოტაც მოგეცადა და პირდაპირ საახალწლო პოსტი დაგეწერაო, აუცილებლად მეტყვის ვინმე.

რა ვქნა, ჰობი, ბლოგინგი, თქვენთან ქაქანი და ახალი წიგნების განხილვა გადასარევი რამეა, მაგრამ ნეტარ უსაქმურობას მაინც ვერ შეედრება. კარგა ხანს ვფიქრობდი, სულ ხომ არ გამოვკეტო აქაურობა-მეთქი.

ოღონდ, გაგიკვირდებათ და სინდისი მეც მაქვს და დროდადრო მაწუხებს კიდეც. ბლოგერული დრაივიც მომენატრა.

ერთი სიტყვით, Molly Bloom’s Day-ზე მეშვიდე სეზონს ვიწყებთ.

(more…)

Read Full Post »

gluhwein mulled wine

მობრძანდით, გეთაყვა. მობრძანდით, იმედია, კარზე დიდხანს არ მოგიხდათ კაკუნი – ბუხარში ცეცხლს ვანთებდი და, მგონი, ცოტა გალოდინეთ. ეს უზარმაზარი ტორტი, გული მიგრძნობს, ჩემია, ან რა დედუქცია ამას უნდა, როცა ვხედავ, რომ სამყურას ფოთოლიც მიუხატავთ და მოლი ბლუმიც მიუწერიათ კოხტად. მადლობა, ჩემო კარგებო. ვიცოდი, რომ არ დაგავიწყდებოდით, მაგრამ გული მაინც ამიჩუყდა. არა, რა, მიყვარს დაბადების დღე, მითუმეტეს, თქვენისთანა სტუმრებთან ერთად. მართალია, საახალწლო სუფრა, საცივი, გოჭის კნაწუნა ყურები და გოზინაყი უკვე ყველას მოყირჭებული გვაქვს, მაგრამ ბლოგის ხუთი წლის იუბილე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.

ცოტა არ იყოს, შეციებულები მეჩვენებით, თუმცა, რა გასაკვირია – ასეთი ყინვა თბილისში, კარგა ხანია, არ ყოფილა და გადავეჩვიეთ კიდეც. ოღონდ, ხომ იცით, ამაზე დილიდანვე ვიზრუნებდი – რა ხანია, ბუხარი გიზგიზებს და მთელ სახლში შეშის სურნელი ტრიალებს, ასე რომ, აქეთ მობრძანდით. ფუმფულა ბალიშები და უჯრულა პლედებიც მზადაა – ყველას გვეყოფა. სარწეველა სავარძელი მხოლოდ ერთია და მოგეხსენებათ, არავის ვუთმობ ხოლმე, მითუმეტეს, როცა რაიმე ამბის მოყოლას ვაპირებ. მოლისთან სტუმრობა რომ კულინარიული ისტორიის გარეშე არ ჩაივლის, ეგეც მოგეხსენებათ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოთავსდით, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში და სტუმრად რომ ხართ, საერთოდ დაივიწყეთ – სუფრის გაწყობაში დახმარება მჭირდება :) თეო სალათებს გამოიტანს, მერი – ტკბილეულს, მე კი მთავარ გემრიელობას შემოვაბრძანებ საზეიმოდ – საშობაო განწყობას, ჩემს ირმებიან სვიტერთან ერთად, ცხელი გლინტვეინი შეგვიქმნის. როცა გარეთ რვა გრადუსი ყინვაა, ამაზე უკეთესი სასმელი ძნელად წარმომიდგენია.

(more…)

Read Full Post »

არა, მერამდენედ უნდა შემშურდეს თანამედროვე თინეიჯერების? მე მგონი, საერთოდ დავანებებ თავს “ლიბერთინსის“ სერიას, იმიტომ, რომ ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას ჩემი ბავშვობისდროინდელი მწირი ბიბლიოთეკა მახსენდება და გული მიკვდება.

ახლა მთლად ისე ნუ გამიგებთ, რომ ბავშვობა უწიგნოდ გავატარე, მაგრამ ასეთი არჩევანი რომ არ მქონდა, ესეც ხომ ცხადია?! ჰოდა, ახლა ვინაზღაურებ დანაკლისს – წაუკითხავს არაფერს ვტოვებ, რაც კი “შენი თაობის არჩევანის“ სტიკერით გამოდის. თანაც, ჩემი აზრი ხომ მოგეხსენებათ – მკითხველის ასაკობრივი აუდიტორია, დროული და დაგვიანებული საკითხავი მოლისთვის გაუგებარი ცნებებია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შაბათი საღამოსთვის  ზოი საგის “ონლაინგოგო“ მქონდა შემონახული, ვიცოდი, იმედს არ გამიცრუებდა – ჯერ ერთი, ავტორია მონათესავე სული – ბრიტანელი ბლოგერი გახლავთ, თანაც, ბევრი ლიტერატურული დებიუტი ვერ დაიკვეხნის ასეთი პოპულარობით, ეს კი, მოგეხსენებათ, უმიზეზოდ არ ხდება.

(more…)

Read Full Post »

12077241_1067156026657429_1641393568_n

– რითი გაგვიმასპინძლდებიან? – ჰკითხა გამხიარულებულმა კარლსონმა.
– უპირველეს ყოვლისა, ტორტს მოგვართმევენ. ზედ რვა სანთელი ენთება.
– უჰ, რა გამახარე! – ხელები მოიფშვნიტა კარლსონმა, – მაგრამ მეცა მაქვს ერთი წინადადება.
– აბა, თქვი!
– არ შეიძლება ვთხოვოთ დედაშენს, რომ ერთი რვასანთლიანი ტორტის ნაცვლად რვა თითოსანთლიანი გამოგვიცხოს?

ადრეული ბავშვობიდან შემომრჩა ეს მოგონება: გვიან ღამით, საინტერესო გადაცემა ან წიგნი რომ შეგიყოლიებს, წევხარ შენთვის მყუდროდ, საბნიდან ცხვირამოყოფილი, არავინ გაწუხებს, და ამ ნეტარ სიჩუმეში სამზარეულოდან მიქსერის ზუზუნი გესმის – დედა ტორტს აცხობს.

პურს დიდი ხანია აღარ ვყიდულობთ. არც სააღდგომო ღვეზელს. ისეთი კულინარიული გუნდი გვყავს, შეფმზარეული დედის მეთაურობით, ერთ თავმოყვარე საფუნთუშეს ეყოფა. ხაბაზობაც გვეხერხება და ნაირ-ნაირი ნამცხვრებიც გადასარევად გამოგვდის.

ტორტიც შინაური გვირჩევნია :)

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: