Feeds:
ჩანაწერები
Comments

Posts Tagged ‘ბლოგერი’

original_article-image-assenzio

მოლი ბლუმის სტუმართმოყვარეობა, მგონი, უკვე სრულიად ქართულ ბლოგოსფეროს კარგად მოეხსენება – აქ სტუმრისთვის კარი მუდამ ღიაა და მასპინძელიც ყოველთვის შორიახლო ტრიალებს. თუმცა მაინც არის ერთი გამორჩეული დღე, როცა კარზე ყველა დაკაკუნება განსაკუთრებით მახარებს და ეს სამი იანვარია. აი, ახლაც, როგორც კი ვერანდაზე ფეხის ხმა გავიგონე, მაშინვე ჩვეული, სასიამოვნო ფორიაქი ვიგრძენი – არ დაგვიწყებივართ და ამაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის არაფერია.

მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით და იმას ნუღარ მათქმევინებთ, რომ თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში – ადრეც არაერთხელ მითქვამს. აღარც ზამთრის ბაღის ჩვეულ ატრიბუტზე – აგიზგიზებულ ბუხარზე ვიტყვი რამეს, აღარც ღუნღულა პლედებსა და რბილ ბალიშებზე – უჩემოდაც მიაგნებთ და ისე მოკალათდებით, როგორც თქვენს გულს გაუხარდება. მე კი, სანამ გოჭის დაპიწკინებული ყურების, ნიგვზიანი ფხალეულისა და სულგუნის ხაჭაპურის დასაგემოვნებლად მიგიპატიჟებდეთ, აპერიტივს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა, პატარა ისტორიის თანხლებით – ტრადიციების ერთგულება თავისთავადაც ტრადიციაა, ასე არ არის?

(more…)

Read Full Post »

gluhwein mulled wine

მობრძანდით, გეთაყვა. მობრძანდით, იმედია, კარზე დიდხანს არ მოგიხდათ კაკუნი – ბუხარში ცეცხლს ვანთებდი და, მგონი, ცოტა გალოდინეთ. ეს უზარმაზარი ტორტი, გული მიგრძნობს, ჩემია, ან რა დედუქცია ამას უნდა, როცა ვხედავ, რომ სამყურას ფოთოლიც მიუხატავთ და მოლი ბლუმიც მიუწერიათ კოხტად. მადლობა, ჩემო კარგებო. ვიცოდი, რომ არ დაგავიწყდებოდით, მაგრამ გული მაინც ამიჩუყდა. არა, რა, მიყვარს დაბადების დღე, მითუმეტეს, თქვენისთანა სტუმრებთან ერთად. მართალია, საახალწლო სუფრა, საცივი, გოჭის კნაწუნა ყურები და გოზინაყი უკვე ყველას მოყირჭებული გვაქვს, მაგრამ ბლოგის ხუთი წლის იუბილე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.

ცოტა არ იყოს, შეციებულები მეჩვენებით, თუმცა, რა გასაკვირია – ასეთი ყინვა თბილისში, კარგა ხანია, არ ყოფილა და გადავეჩვიეთ კიდეც. ოღონდ, ხომ იცით, ამაზე დილიდანვე ვიზრუნებდი – რა ხანია, ბუხარი გიზგიზებს და მთელ სახლში შეშის სურნელი ტრიალებს, ასე რომ, აქეთ მობრძანდით. ფუმფულა ბალიშები და უჯრულა პლედებიც მზადაა – ყველას გვეყოფა. სარწეველა სავარძელი მხოლოდ ერთია და მოგეხსენებათ, არავის ვუთმობ ხოლმე, მითუმეტეს, როცა რაიმე ამბის მოყოლას ვაპირებ. მოლისთან სტუმრობა რომ კულინარიული ისტორიის გარეშე არ ჩაივლის, ეგეც მოგეხსენებათ.

ჰოდა, ჩემო კარგებო, მოთავსდით, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში და სტუმრად რომ ხართ, საერთოდ დაივიწყეთ – სუფრის გაწყობაში დახმარება მჭირდება :) თეო სალათებს გამოიტანს, მერი – ტკბილეულს, მე კი მთავარ გემრიელობას შემოვაბრძანებ საზეიმოდ – საშობაო განწყობას, ჩემს ირმებიან სვიტერთან ერთად, ცხელი გლინტვეინი შეგვიქმნის. როცა გარეთ რვა გრადუსი ყინვაა, ამაზე უკეთესი სასმელი ძნელად წარმომიდგენია.

(more…)

Read Full Post »

არა, მერამდენედ უნდა შემშურდეს თანამედროვე თინეიჯერების? მე მგონი, საერთოდ დავანებებ თავს “ლიბერთინსის“ სერიას, იმიტომ, რომ ყოველი ახალი წიგნის გამოსვლისას ჩემი ბავშვობისდროინდელი მწირი ბიბლიოთეკა მახსენდება და გული მიკვდება.

ახლა მთლად ისე ნუ გამიგებთ, რომ ბავშვობა უწიგნოდ გავატარე, მაგრამ ასეთი არჩევანი რომ არ მქონდა, ესეც ხომ ცხადია?! ჰოდა, ახლა ვინაზღაურებ დანაკლისს – წაუკითხავს არაფერს ვტოვებ, რაც კი “შენი თაობის არჩევანის“ სტიკერით გამოდის. თანაც, ჩემი აზრი ხომ მოგეხსენებათ – მკითხველის ასაკობრივი აუდიტორია, დროული და დაგვიანებული საკითხავი მოლისთვის გაუგებარი ცნებებია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შაბათი საღამოსთვის  ზოი საგის “ონლაინგოგო“ მქონდა შემონახული, ვიცოდი, იმედს არ გამიცრუებდა – ჯერ ერთი, ავტორია მონათესავე სული – ბრიტანელი ბლოგერი გახლავთ, თანაც, ბევრი ლიტერატურული დებიუტი ვერ დაიკვეხნის ასეთი პოპულარობით, ეს კი, მოგეხსენებათ, უმიზეზოდ არ ხდება.

(more…)

Read Full Post »

armagnac poster

მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გამახარეთ, არ მეგონა, საახალწლო აურზაურით დაღლილ-დაქანცულებს, ჩემი მოკრძალებული იუბილე თუ გაგახსენდებოდათ :) მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, მასპინძელი პირდაუბანელი და თმაგაბურძგნილი რომ გეგებებათ – სიმართლე გითხრათ, კიბეზე თქვენი ხმაური და შეძახილები რომ გავიგონე, მაშინღა გამომეღვიძა.

ისე არ გამიგოთ, თითქოს საკუთარი დაბადების დღე დამვიწყებოდეს – ოთხი წლის გავხდი გუშინ, ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის?! უბრალოდ, ბუხარს ვეფიცხებოდი და… ჩამძინებია. სუფრის გაშლა ვერ მოვასწარი, თორემ მაცივარი სავსეა და, აბა, დავტრიალდეთ – ძალა ერთობაშიაო, ხომ გაგიგონიათ.

თქვენი არ ვიცი და მე საახალწლო სამზადისი ოლივიეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ბავშვობის ნოსტალგიაა, ალბათ. ბიბი, სად მიარბენინებ მაგ ხაჭაპურს, გაცხელებული რას ივარგებს, ცივი არ ჯობია? თაკო, ეგ საცივიანი თეფში მოაშორე აქაურობას, ახალი წლის ღამეს, მგონი, ვიღაცას ეძინა შიგნით. უსაცივოდაც არაფერი გვიჭირს, სხვაც ბევრი რამ მოგვეძევება.

ჭურჭლის ეს განწირული რახარუხი ჩემი კარადიდან ისმის?! ვინ მიუშვა იქ ვეიდერი, მთელს არ დაგვიტოვებს არაფერს! მოიცა, მე თვითონ გამოვიღებ, თქვენ დასხედით. ეს რა ჭიქებიაო? რა და სრულიად განსაკუთრებული სასმლის ჭიქები, უჩვეულო დიზაინით. სწორედ ახლა უნდა გიამბოთ ამ სასმელზე, ოღონდ ჯერ ყავას დავისხამ ჩემს საყვარელ კროსვორდიან ფინჯანში. თქვენ მიირთვით, მიირთვით, მე ნუ მიყურებთ, სამდღიანი გასტრონომიული ორგიის მერე მარტო ყავას თუ გავეკარები…

(more…)

Read Full Post »

Tequila Shooter Glassesმოლის სასმელს რომ პატივისცემით ეკიდება, ბლოგის ყველა მკითხველს მოეხსენება; თუმცა დოზისთვის არასოდეს გადამიჭარბებია, მაგრამ… У нас такая традиция – каждый год 31 декабря პრინციპებზეც და თავზეც ერთნაირად ვიღებთ ხელს და თანამდებობისთვის შეუფერებლად ვთვრებით.

გამონაკლისი არც წელს დამიშვია, პირიქით – გეგმა გადაჭარბებით შევასრულე და ბლოგის დაბადების დღეს – 3 იანვარს ისეთ კონდიციაში შევხვდი, საიუბილეო პოსტის წერას ვინ ჩივის, კომპიუტერთან მიფოფხების თავიც არ მქონდა.

ჩემს უზნეო საქციელს გულწრფელად ვინანიებ და თავზე ნაცარს ვიყრი, სამწლიან იუბილეზე კი მცირე დაგვიანებით – ამ საღამოს გეპატიჟებით.

წესით, სინდისი და ნამუსი რომ მქონდეს, “ბორჯომზე”, “ნაბეღლავზე” ან ჭრელ აბანოებზე უნდა გიამბობდეთ და ნაბახუსევის მკურნალობის ჩემეულ მეთოდებს გიზიარებდეთ, მაგრამ იმ ტრადიციას რა ვუყოთ, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის მაგარი სასმელების თანხლებით რომ აღინიშნება?!

(more…)

Read Full Post »

wordpress multisite

პოსტის სათაურს რომ ვუყურებ, თავადვე მეღიმება – ის ძველი თემები მახსენდება, სკოლაში რომ გვაწერინებდნენ თავის დროზე და, გინდოდა თუ არ გინდოდა, რაღაცნაირი, სასაცილო პათოსით გაჟღენთილი გამოდიოდა.

ოღონდ, კოლეგა ბლოგერებო, არ მითხრათ, ამაზე არასოდეს გვიფიქრიაო – მაინც არ დაგიჯერებთ :)

მესამე წელია, ამ სტუმართმოყვარე პლატფორმით ვსარგებლობ და ისე მომწონს, სხვაგან გახვევის სურვილი ერთხელაც არ გამჩენია. თუმცა, ამქვეყნად იდეალური არაფერია და ხანდახან მეც დამცდენია – ჩემი ნება რომ იყოს, ამას უკეთესად გავაკეთებდი-მეთქი.

განა საყვედურით ვამბობ – მართლა მოსახერხებელი, კომფორტული და User Friendly-ა ჩვენი “ვორდპრესი”. კონკურენტებს ვერც შევადარებ – რომელი ერთი გაეჯიბრება, მაგრამ კაცია და გუნებაო, ხომ იცით… რაღაცების შეცვლა არ იქნებოდა ურიგო. ერთი, ყველასთვის საყვარელი ფილმისა არ იყოს, “и мне будет приятно, и тебе будет приятно”.

ერთი სიტყვით, მე რომ WordPress-ის ადმინისტრატორი ვიყო, პატარ-პატარა კრეატიული იდეები შემაწუხებდა ხოლმე:

(more…)

Read Full Post »

The Washington Post front page

ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის საუკუნეში, მოგეხსენებათ, ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან ერთად, სოციალური მედიის როლიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ახალ მსოფლიო ტრენდს, საბედნიეროდ, არც საქართველო ჩამორჩება და სამამულო ბლოგოსფერო, ვიღაც-ვიღაცები, ჯერჯერობით მაინც, მთლად სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, ოკეანეს გადაღმა სათანადოდ დააფასეს.

სექტემბრის ბოლოს, ქართველი ბლოგერები, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ინიციატივით, აშშ-ის დედაქალაქს ეწვევიან. ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის, კონგრესის  ბიბლიოთეკისა და ინოვაციური პროექტების მართვისა და მხარდაჭერის ფონდის სპიკერებმა ისაუბრეს.

თოთხმეტდღიანი ვიზიტის უკიდურესად დატვირთული გრაფიკი უკვე გაწერილია. ბლოგერები გავლენიან ამერიკულ გამოცემას და კაპიტოლიუმის ბორცვს ესტუმრებიან, შეხვდებიან ვაშინგტონელ კოლეგებს. დაგეგმილია ერთობლივი მასტერ-კლასების და ვორქშოპების ჩატარება, ნიუ-იორკის, ჰოლივუდის, დისნეილენდის და ფორტ-ნოქსის მონახულება.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: