Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბლოგერები’

The Washington Post front page

ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის საუკუნეში, მოგეხსენებათ, ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან ერთად, სოციალური მედიის როლიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ახალ მსოფლიო ტრენდს, საბედნიეროდ, არც საქართველო ჩამორჩება და სამამულო ბლოგოსფერო, ვიღაც-ვიღაცები, ჯერჯერობით მაინც, მთლად სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, ოკეანეს გადაღმა სათანადოდ დააფასეს.

სექტემბრის ბოლოს, ქართველი ბლოგერები, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ინიციატივით, აშშ-ის დედაქალაქს ეწვევიან. ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის, კონგრესის  ბიბლიოთეკისა და ინოვაციური პროექტების მართვისა და მხარდაჭერის ფონდის სპიკერებმა ისაუბრეს.

თოთხმეტდღიანი ვიზიტის უკიდურესად დატვირთული გრაფიკი უკვე გაწერილია. ბლოგერები გავლენიან ამერიკულ გამოცემას და კაპიტოლიუმის ბორცვს ესტუმრებიან, შეხვდებიან ვაშინგტონელ კოლეგებს. დაგეგმილია ერთობლივი მასტერ-კლასების და ვორქშოპების ჩატარება, ნიუ-იორკის, ჰოლივუდის, დისნეილენდის და ფორტ-ნოქსის მონახულება.

(more…)

Read Full Post »

Profiteroles - Choux

ეჰ… “Нет повести печальнее на свете, чем повесть – “Я сегодня на диете”…

კი მაგრამ, დიეტაზე თუ ხარ, თოვლი თუ მოდის და ქარია, ქვეყანა თუ ინგრევა, შენ რა გიხარია კი არა და, რა წვეულება აგიტყდაო, გაიოცებთ, ალბათ.

მომენატრეთ და რა ვქნა. ჩემი დიეტა კი საკმაოდ ხანგრძლივია, ამას თუ ვუყურეთ, კარგა ხანს ვერ ავახმაურებთ ზამთრის ბაღს. ასე რომ, თქვენ მიირთვით, მე მასპინძლობას გაგიწევთ.

ისე, რომ იცოდეთ, დღეს შუ–ფართის მოწყობა მაქვს გეგმაში, ოღონდ არ გეგონოთ, მარტო ტკბილზე გადაგატარებთ. სხვათა შორის, არც მკლავებს დაგაკაპიწებინებთ, როგორც ამას წინათ :) მარტო ის მინდა, რომ გლეხის ბიჭმა ბუხარს მიხედოს, რაღაც აგვიცივდა ამ გაზაფხულზე, დანარჩენები კი მყუდროდ მოკალათდით, ბალიშები და სავარძლები, თავადაც ხედავთ, არ გვაკლია. ოღონდ მალინას საყვარელი, მძივებიანი ყურთბალიში გამიქრა სადღაც.

თეო, აგერ რუსა ამზადებს ნაღებიან ყავას და იქნებ სტუმრებს ჩამოურიგო? მეტს აღარ შეგაწუხებთ და ყველაფერს თავად მივხედავ, დუდუ დობორჯგინიძისა არ იყოს, დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველას ვფიცავარ.

დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ჩვენი თავყრილობა მცირე კულინარიული ექსკურსიის გარეშე, ტრადიციულად, არც დღეს ჩაივლის. თქვენ ყავა მიირთვით, მე კი აქვე, ბართან ვიფუსფუსებ, რაც მჭირდება, უკვე მოვიმარაგე, თან პაწაწუნა და გემრიელი შუების ისტორიიდან ცოტას მაინც გიამბობთ. რამეს.

(more…)

Read Full Post »

Caesar Salad with Crab

ასეთ არეულდარეულ ამინდში, დამეთანხმეთ, ბუხართან მიფიცხებას არაფერი სჯობს. თუ ცეცხლის მხიარულ ტკაცატკუცს არ დავჯერდებით და რაიმე გემრიელ სასუსნავსაც გამოვძებნით, მთლად უკეთესი. მით უმეტეს, რომ კარგა ხანია, ზამთრის ბაღი მიჩუმებულია და მოწყენილი – თქვენებური აურზაური ნამდვილად არ აწყენდა.

ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მასპინძელმა პატარა მზაკვრობა ჩაიფიქრა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხარ-თეძოზე წამოწვება და გაქაფული მოლი აქეთ-იქით ირბენს თეფშებით ხელში, ძალიან ცდება. ერთი ძველთაძველი და ფრიად პატივსაცემი სიბრძნე ხომ გახსოვთ? დიახ, დიახ, “ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს”-ო, რომ გვასწავლის. ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი კერძი ერთობლივი ძალისხმევით უნდა მოვამზადოთ და მირთმევითაც ერთად მივირთვათ. წინსაფრები უკვე მოვიმარაგე, თავშესაქცევი ისტორია კი, როგორც ყოველთვის, ჩემზე იყოს.

მოდით, ფუნქციები თავიდანვე გავინაწილოთ, რომ არავინ დაგვეჩაგროს. თამარა სალათის ფოთლებს მიხედავს – წინასწარ ჩავაწყვე ცივ წყალში, რომ უფრო ხრაშუნა და გემრიელი გამოვიდეს. ახლა მხოლოდ შემშრალება და ხელით დაფლეთა სჭირდება – დანასთან შეხება გემოს უკარგავს.

მერი, შენ ორცხობილა უნდა მოგვიმზადო – პური მაგიდაზეა, პატარა კუბიკებად დაჭერი და ტაფაზე მოხალე ცოტაოდენ ზეითუნის ზეთში, კარგი?

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: