Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბიბლიო-სერიები’

 

კურტ ვონეგუტი ჩემი საყვარელი მწერალი არ არის.

ჰოდა, ძალიანაც კარგი.

ძალიან კარგი იმიტომ, რომ თუ მწერალი გიყვარს, მთლად ობიექტური და სამართლიანი ვერ ხარ, რაღაც-რაღაცებზე თვალს ხუჭავ, რაღაც-რაღაცებს გულმოდგინედ არიდებ თვალს.

აქ ყველაფერი სხვაგვარად არის. არა, დადარაჯებული და ჩაკირკიტებული არ გეგონოთ – როდის შეეშლება რამე, როდის რა არ გამოუვა ლაზათიანად-მეთქი, მაგრამ მიუკერძოებელი თვალით რომ ვკითხულობ, ფაქტია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

4

წიგნის ფესტივალის შემაჯამებელ პოსტში, ბოლო დღეს, ცხელ-ცხელი ემოციების კვალდაკვალ რომ დავწერე და ყველას მადლობა გადავუხადე, ქარჩხაძის გამომცემლობა არ მიხსენებია.

არადა, იმდენი სიახლე ჰქონდათ, წესით, გვარიანი აბზაცი უნდა დამეთმო, მაგრამ ის სიახლეები ფესტივალამდე მოვაცუხცუხე შინ, “ბუქ სითისაც” ხშირად ვსტუმრობ… მოკლედ, “ექსპოს” მეთერთმეტე პავილიონში ბოდიალისას არც გამომცემლობა შემიწუხებია და არც ჩემი საყვარელი მაღაზია. გვერდით ჩავუარე და ხელი დავუქნიე :)

სამაგიეროდ, ახლა მოგიყვებით. ერთ წიგნზე კი არა, მთელს ბიბლიოსერიაზე.

ჩემი საბავშვო კოლექციის ამბავი გეცოდინებათ. იზრდება, ივსება, მრავლდება. ორ თაროზე თუ ეტეოდა, ახლა ხუთი აღარ ჰყოფნის. თუ გაჭირდა ერთ-ორ სკოლას ისე მოემსახურება, საკითხავის ნაკლებობას ვერავინ იგრძნობს.

ჰოდა, რა დიდი მტკიცება უნდა, რომ ფერად-ფერად “საბავშვო კლასიკას” უყურადღებოდ არ დავტოვებდი.

(more…)

Read Full Post »

Sylvia Plath. The Bell Jar

ეს რომანი კი არა, უფრო გამოსათხოვარი წერილია – ვრცელი და გულახდილი. ისეთი, რომელიც გაიძულებს, უკანასკნელ ფურცლამდე სულმოუთქმელად ჩაიკითხო, მერე წიგნი დახურო და დიდხანს იჯდე გარინდებული, სივრცეში თვალგაშტერებული.

ხშირად არ შეგხვდება ასეთი მძიმე ნაწარმოები, იმდენად მძიმე, რომ ფიზიკურად გრძნობ, როგორ გაწვება, სულს გიხუთავს და სადაცაა, გაგსრესს.

სამაგიეროდ, ზუსტად გაგრძნობინებს ყველაფერს, რამაც ავტორს სულ რამდენიმე თვის შემდეგ უკანასკნელი, თავგანწირული ნაბიჯი გადაადგმევინა.

კითხულობ ესთერ გრინვუდის ნერვულ, ალაგ-ალაგ დაულაგებელ მონოლოგს და ნელ-ნელა იჟღინთები იმ სასოწარკვეთილებით და დამანგრეველი დეპრესიით, რასაც ეს პატარა ბოსტონელი გოგო განიცდის, მხრებით გრძნობ მათ სიმძიმეს და თანდათანობით ხვდები, რა არის ზარხუფი.

(more…)

Read Full Post »

chemi kinobiblioteka

ქართულ საგამომცემლო სიახლეებს თვალს თუ ადევნებთ, აუცილებლად შეამჩნევდით “სულაკაურის” ცინცხალ პროექტს – ფერად-ფერად კინობიბლიოთეკას.

თუმცა, “შეამჩნევდით” აშკარად არაზუსტი სიტყვაა – მთელი თვეა, ჩემი ბიბლიოფილი მეგობრები აქტიურად განიხილავენ, ბმულებს იზიარებენ, შთაბეჭდილებებს ცვლიან… მოკლედ, ერთ ამბავში არიან.

ჯერ სამად სამი წიგნია  გამოსული, სერია ახლაღა იდგამს ფეხს, მაგრამ დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება და რა ჯობია, საინტერესო წამოწყებას პირველივე წუთებიდან რომ ადევნებ თვალს.

ჰოდა, მოდი, ემოციები ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და ფინჯან ყავასთან ერთად მშვიდად გავარჩიოთ, რა გვაქვს, რას ველით უახლოეს მომავალში და რისი იმედი შეიძლება გვქონდეს.

ამგვარი პროექტის განხორციელება სხვებსაც უცდიათ – ბიბლიოფილებისა და სინემანიაკების გულის მოგება ერთობ სარფიანი საქმეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დიდი წარმატებით. კინობიბლიოთეკას კი კოჭებშივე ეტყობა, რომ ხარისხიანი სერიაა დაქოქილი და მკითხველი გაწბილებული არ დარჩება.

(more…)

Read Full Post »

the gunslinger cover 3

ბევრჯერ მითქვამს აქაც და სხვაგანაც – ბიბლიოსერიები და ტომეულები ბავშვობიდან მიყვარს.

რა ჯობია, თაროზე რომ ჩამოამწკრივებ ნომრების მიხედვით და თვალსა და გულს ერთად ახარებს.

ისე არ გამიგოთ, თითქოს მარტო კოხტად მიწყობილი ტომების სილამაზე მხიბლავდეს. არც უმაგისობაა, ვინ ოხერი დავობს, მაგრამ მთავარი ხიბლი, როგორც ხვდებით, სხვა რამაა.

აი,  ბავშვობაში რომელი გერჩივნათ – სქელი წიგნი, დიდხანს რომ ჩაგიკოკლოზინებდათ ყელს, თუ თხელი, უცებ რომ ჩაგადნებოდათ ხელში? ჰოდა, აქაც ასეა. ბევრი ტომი ბევრ საკითხავს ნიშნავს და ნამდვილმა ბიბლიოფილმა მეტი რა უნდა ინატროს…

ოღონდ ამ ტომეულებს ერთი ნაკლი აქვთ – ჯერ პირველის გამოსვლამდე უნდა დაგაწყდეს ნერვები, მერე მეორეს უნდა ელოდო, მერე – მესამეს და ასე…

აგერ, “დიოგენეს” ყველა მაგარი წიგნი, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ამგვარ სერიებად აქვს გამოცემული.

(more…)

Read Full Post »

რომენ გარი. "თეთრი ძაღლი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2013

ასეთ წიგნებს საწამლავებს ვეძახი.

საწამლავია, აბა, რა არის, როცა ყოველი კაპილარით გრძნობ, როგორ მიჰყვება შენს სისხლს და როგორ იჟღინთები ნელ-ნელა მასში დაბუდებული ტრაგიზმით; როგორ ღრუბელივით იწოვ მრისხანებას და სასოწარკვეთილებას და ფურცელ-ფურცელ კვდები.

აჭარბებო, ვიცი, ბევრი იფიქრებს.

არ ვაჭარბებ, იოტის ოდენადაც კი.

რომენ გარი, იგივე ემილ აჟარი, იგივე ფოსკო სინიბალდი, იგივე შათან ბოგა (ერთი კლასიკად ქცეული რუსული ფილმისა არ იყოს) – რუსეთის იმპერიაში დაბადებული, ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და გონკურების პრემია ორჯერ მიიღო – თეთრი ძაღლის შესახებ გვიამბობს.

არადა, თეთრი სულაც არ ყოფილა – “ნაცრისფერი ძაღლი იყო, ცხვირის მარჯვენა მხარეს დასკუპებული მეჭეჭით, რომელიც თირკმელა სოკოს წააგავდა. დრუნჩი კი მთლიანად ჟღალი ბალნით ჰქონდა დაფარული“.

გერმანული ნაგაზი იყო. შავკანიანებზე დაგეშილი.

(more…)

Read Full Post »

ჯონ მაქსველ კუტზეე. "სირცხვილი". დიოგენეს ბიბლიოთეკა. გამომცემლობა "დიოგენე". თბილისი, 2012

ადათები ცხოვრებას გვიმსუბუქებენო, წერია ამ წიგნში.

გვიმსუბუქებენ და თანაც როგორ – მოკალათდი საკუთარ ნაჭუჭში, მოიქეცი ისე, როგორც უხსოვარი დროიდან იქცეოდნენ შენი წინაპრები, ღმერთი არ გაგიწყრეს, გატკეპნილი ბილიკიდან არ გადაუხვიო და ყველაფერი რიგზე იქნება; რეპუტაცია შეუბღალავი დარჩება, კარიერა შეუფერხებლად აუყვება აღმართს, პატივისცემა და მოწიწება არ მოგაკლდება. არც შური და ბოღმა, სხვათა შორის.

ოღონდ, ჯვარი გწერია და, თუ ამ ნიჟარაში სული შეგეხუთა, თუ ჩარჩო მხრებით გამოანგრიე და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქე, ისეთ ქვათაცვენაში მოჰყვები, მტრისას და ავისას.

მერე რა, თუ ამ ჰაერს მელანი ისააქსის ნორჩი სხეულის თავბრუდამხვევი სურნელი აქვს.

მერე რა, თუ “მასში რაღაც აფროდიტეს, ქაფიანი ქალღმერთის, თრთოლის მსგავსი იგრძნობა?!”

არ გაბედო და არ დაივიწყო, რომ შენ პროფესორი დევიდ ლური ხარ, რესპექტაბელური პიროვნება, საზოგადოების გამორჩეული წევრი, და ზნეობრივი ნორმების დაცვაც განსაკუთრებული სიმკაცრით მოგეთხოვება.

შენ რა, შექსპირის სონეტებით და დანტეს ციტატებით იმისთვის ლაპარაკობ, რომ ოცდაათი წლით უმცროს გოგოს დაახვიო თავბრუ?!

დავიჯერო, მაღალზნეობრივი მოქალაქეების აღშფოთებული შეძახილები არ გესმის?!

არ გაბედო-მეთქი!

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: