სხვისი არ ვიცი და მე თუ მკითხავთ – მტკნარი სისულელეა.
ერთი, რომ ლინდგრენს, როდარის და ბისეტს მკითხველის ასაკი გემოს ოდნავადაც არ უკარგავს – შედევრი შედევრად რჩება.
მეორეც, საბავშვო ისეთ წიგნს ჰქვია, რომელსაც, რაც ადრე წაიკითხავ, მით უკეთესი, თორემ არავის დაუწესებია, უფროსებმა ხელი არ დააკარონო.
ჰოდა, მეც წიგნის მაღაზიიდან როგორ გამოვალ, ფერად-ფერადი გამოცემებით დახუნძლულ განყოფილებებს თუ არ ჩამოვუარე საგულდაგულოდ – ემანდ, ახალი არაფერი გამომრჩეს-მეთქი.
მე შენ გეტყვი, ცოტაა. პატარებისთვის მგონი, ყველაზე მეტს ბეჭდავენ გამომცემლობები და სწორადაც იქცევიან – ერთგულ მკითხველზე იმთავითვე ზრუნავენ. აბა, კერუაკის და კუტზეეს დამფასებელი ციდან ხომ არ ჩამოვარდება, შარლ პეროთი და ტუვე იანსონით თუ არ დაიწყო?!
ერთი სიტყვით, ძალიან მინდა, დღეს მოლის საბავშვო ბიბლიოთეკაზე გიამბოთ – გულის სიღრმეში ყველაზე მეტად რომ მიყვარს.