Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა’

 

შარშან, ნოემბერში, ასტრიდ ლინდგრენს 110 წელი შეუსრულდა.

ბებია ასტრიდის ფერად-ფერად წიგნებზე ჩვენთან თაობებია გაზრდილი. ნახევარი საუკუნეა, ვთარგმნით, ვკითხულობთ და გვიხარია, მაგრამ საიუბილეო წელი განსაკუთრებულად აღვნიშნეთ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ.

“სულაკაურმა” ერთხელ გამოცემული და ბედნიერად მივიწყებული “მადიკენი” ხელახლა გამოსცა. პირველი, “ჯეოპრინტის” 2004 წლის თარგმანი, სხვა წიგნებში ჩაიკარგა და ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ყველაზე თავს ვერ დავდებ და ბევრმა იუნიბაკენელი ახტაჯანა ზუსტადაც რომ “სულაკაურის” “მოსწავლის ბიბლიოთეკით” გაიცნო.

ეს იყო და ეს. მეტი არაფერი. არსაიდან ხმა, არსით ძახილი. არადა, საიუბილეოდ არც საკოლექციო კრებულები გვაწყენდა, არც ახალი თარგმანები (მადლობა ღმერთს, შვედური ენიდან თარგმნის ფუფუნება ნამდვილად გვაქვს), სამიოდე წლის წინ გამოცემული ლინდგრენის სოლიდური, ფუნდამენტური და ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის გადმოქართულებაც შეიძლებოდა.

მაგრამ არა. ვერ მოიცალეს.

წელს ბებია ასტრიდი 111 წლის ხდება.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

შვებულება ბერძნული სიტყვაა და ძალიან ბევრ თავისუფალ დროს ნიშნავს, რაც გინდა, ის აკეთეო, ვინმემ თუ გითხრათ, არ დაიჯეროთ. სადაგ დღეებში ყველაფერი მარტივადაა: სახლი – სამსახური, სახლი – სამსახური. ამ ნანატრ ოხერი შვებულების დროს, ნეტარი უსაქმურობა კი არა, იმდენი საქმე გამომიჩნდა, იმდენი წასასვლელ-წამოსასვლელი, სამ იანვარს არაქათი მექნება გამოცლილი და, სულის მოსათქმელად, პოსტსაშვებულებო დასვენება დამჭირდება.

სინამდვილეში, სულაც არ ვწუწუნებ. წუწუნი არ მიყვარს და დასვენებაც ზუსტად ასე, აქტიურად მირჩევნია. იმას გიყვებით. რომ პარასკევს არ მეცალა, ფრიად სასიამოვნო საქმეებზე დავბოდიალობდი, კვირას შინ გახლდით, კვირა ხელშეუხებელია, ძილისთვის, ტელევიზორისთვის, გემრიელი სასუსნავისთვის, ბლოგისთვის არსებობს. ფესტივალისთვის თავიდანვე შაბათი მქონდა გადანახული.

წიგნის საახალწლო ფესტივალი, მოგეხსენებათ, პირველ რიგში მსუყე, სადღესასწაულო, საგანგებო ფასდაკლების ამბავია. წელსაც, ყველა ანონსში და ყველა ბანერზე, ახალი წიგნების წარდგინებასთან ერთად, გრანდიოზული ფასდაკლებაც ეწერა. რა ვთქვა, პროცენტები ნამდვილად არ დამითვლია. ახალი წიგნები უფრო მაინტერესებდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შაბათს, კარგად გამოძინებული, ჩათბუნებული, ცარიელჩანთამოკიდებული და შემოქმედებითად დარაზმული მივადექი საჯაროს მესამე კორპუსს, გუდიაშვილის შვიდში.

(more…)

Read Full Post »

წიგნის საახალწლო ფესტივალი სამდღიანია, ამ პარასკევს დაიწყება და კვირამდე გასტანს. ბიბლიოფილების საახალწლო შეკრებას, ტრადიციულად, ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს. მე ისევ მგონია, რომ ხალხმრავალ და წიგნმრავალ ღონისძიებას დიდი, ნათელი სივრცე მოუხდებოდა, ჩამოსაჯდომი კუთხით, სულს რომ მოითქვამ, ყავას მოწრუპავ და ახალშეძენილ წიგნებს გადაათვალიერებ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი მოკრძალებული აზრია. ორგანიზატორები აშკარად სხვაგვარად თვლიან.  რა პრობლემაა, წავალთ საჯაროში.

დეკემბრის დასაწყისში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას წინასაახალწლო გასეირნება ჰქონდა ბათუმში. გადასარევზე გადასარევი, მაგრამ აჯობებდა, სხვებსაც აებათ მხარი. ფესტივალები, წიგნის დღეები, ბიბლიოთუხთუხი და რიარია დედაქალაქს უნდა გასცდეს. თბილისში ვართ და ყოველთვის ჩვენ ვერ ვახერხებთ ექსპოში და საჯაროში გაბოდიალებას. წარმოიდგინეთ, რა სანახავია, ფესტივალს ქუთაისიდან და ახალციხიდან რომ უყურებ, ვერ ჩამოდიხარ და გულზე სკდები. მოკლედ, რაც მეტი ბათუმი, თელავი და ზუგდიდი დაიგეგმება, მით უკეთესი.

სანამ თამადას ავირჩევდეთ კი არა და წიგნებზე გადავიდოდეთ, ერთი მოკლე საზეპიროც გადავიმეოროთ. არა, გასაგებია, რომ გამეორების გარეშეც გადასარევად იცით, მაგრამ ფეისბუქს რომ ჩამოყვეთ და კომენტარებს გადახედოთ, მთლად ოპტიმისტური დასკვნების გამოტანა აშკარად გაგიჭირდებათ.

(more…)

Read Full Post »

ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ შინ კარგა ბლომად მომეძევება წასაკითხი წიგნები – სამსახურის გადამკიდე, გაცილებით სწრაფად ვყიდულობ, ვიდრე წავიკითხავ და რა ვქნა. ხვალიდან, მოგეხსენებათ, ნეტარი უსაქმურობის ჟამი მიდგას – ნანატრი შვებულება მეღირსა. ჰოდა, იმ ხელუხლებელ თაროს, გულს რომ მიხეთქავს, ცოტას მაინც მოვაკლებ. უკვე მივიტანე კიდეც იერიში – ერთი კოხტა წიგნი ჩავარაკრაკე ამ უქმეებზე.

აუჰ, რა ვიომე, რომ იცოდეთ! დავბრუნდი ბავშვობაში და რა ვიქნიე ხმალი, ნეტავ ცალი თვალით დაგენახათ. არაფრით არ დაიჯერებდით, რომ ტროლებთან ხელჩართულ ბრძოლაში თქვენი მშვიდობიანი, კარგი ჭამა-სმის მოყვარული მასპინძელი იყო ჩაბმული. ტროლებს რას ერჩოდიო, მკითხავთ. მე. პრინციპში, არაფერს – აქამდე არ შევუწუხებივარ, მაგრამ ჯეკ სტარჯეს უმცროსს და ტობი დერშოვიცს გავყევი მიწისქვეშეთში, გილიერმო დელ ტოროს და დენიელ კრაუსის ტროლებზე მონადირე ბიჭებს.

(more…)

Read Full Post »

ერთხელ, ღრმა ბავშვობაში, რომელიღაც არდადეგების წინ, სკოლაში გასაფერადებელი ალბომები გვაჩუქეს. ჩვეულებრივი ალბომი იყო, სტანდარტული, განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ სქელი და ბევრფურცლიანი და იმ არდადეგებზე კარგად გავერთე.

თანამედროვე ბავშვებს, რევოლუციამდელებისაგან განსხვავებით, გასართობი იმდენი აქვთ, ნახევარს ვერ დათვლი. დრო და ხალისი თქვი, თორემ არჩევანი ისეთია, სულო და გულო. ოღონდ, ძველი გასაფერადებელი ციფრულ ეპოქაშიც აქტუალურია. პატარებსაც ახარებს და უფროსებისთვისაც ფრიად ეფექტიანი ანტიდეპრესანტი ყოფილა. თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრგან მოზრდილებისთვის +18 თემატიკის ალბომებსაც ბეჭდავენ და, როგორ ამბობენ,  სარფიანადაც ყიდიან.

+18 გასაფერადებლები სხვაგან და სხვა დროს გავარჩიოთ. დღეს ერთ გადასარევ სიახლეზე მოგიყვებით.

სიახლეს ვამბობ, თორემ უკვე გეცოდინებათ, სადღაც ერთი თვის წინ, “სულაკაურმა” ანე-კატარინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” ნინო ჩაკვეტაძის ილუსტრაციებით აკინძული უსაყვარლესი გასაფერადებელი ალბომი გამოსცა.

(more…)

Read Full Post »

აქაოდა, ცნობილმა მწერალმა ჩემზე წიგნი დაწერაო, დიდი ვინმე არ გეგონოთ – უბრალო მწყემსი ვარ, შავად დაწინწკლული წითელი ქულაჯა მაცვია, ხელპირს წყალიკრეფიას ფოთლებზე დაგროვილი ნამით ვიბან და ბუნებას ჩემი ერთგული სალამურით ვაღვიძებ. ერთად დავბადებულვართ და მთელი ცხოვრებაც განუყრელად გაგვიტარებია; სალამურასაც ამიტომ მეძახიან.

შეიძლება, ფიქრობთ, ამდენი საზრუნავის პატრონს რა ბლოგის წერა აგიტყდა, წადი, საქმეს მიხედეო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქონდარეთს ბრიყვი მეფე ქონდარ XV და ფერხორციანი დედოფალი ქონდარინე მოვაშორეთ თავიანთ რეგვენ ქონდარუხთან ერთად, მაინცდამაინც დაკავებული აღარ ვარ – მოგეხსენებათ, ჩემი ჭიამაიები აქეთ-იქით დაიფანტნენ და აღარ დაბრუნებულან – ეტყობა, მიწყინეს, იმდენი ხნით რომ მივატოვე.

არადა, რა მექნა?! სხვა გზა რომ არ მქონდა, თქვენც კარგად მოგეხსენებათ – ბაიას საძებნელად უნდა წავსულიყავი, ციცინათელების მწყემსის, ღორმუცელა ქონდარუხის ჭირვეულობის გამო რომ მოიტაცეს. მეგობარი გასაჭირში მეგულებოდა და სალამური მეკვნესებინა არხეინად?!

(more…)

Read Full Post »

ორი ათეული წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც ჯოან როულინგმა მაგლების მთელი სამყარო პოტერიადით მოწამლა და ფენტეზის ჟანრის რომანებზე ჯადოსნური შელოცვასავით დატოვა კვალი.

დარწმუნებული ვარ, ჯენიფერ ბელი ისევე სუნთქვაშეკრული კითხულობდა კაფანდარა, სათვალიანი ბიჭის თავგადასავალს, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნების მაღაზიაში მომუშავე გოგონას, შეუძლებელი იყო, წიგნები არ ჰყვარებოდა. არც ის არის გასაკვირი, რომ, როდესაც პირველი ფენტეზი-რომანის დაწერა გადაწყვიტა, როულინგის  მომნუსხველი გავლენისთვის თავის არიდება გაუჭირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, “მიწისქვეშელების“ პირველი წიგნი – “მრუდე ვერცხლი“ – აშკარად გამოუვიდა.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: