Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ახალი წელი’

ახალი წელი, ხომ იცით, როგორი ამბავია, წელიწადი მთავრდება, მთელი სამასსამოცდახუთი დღე. ზიხარ, ელოდები, ემზადები, რაღაცებს იხსენებ. კარგსაც და ცუდსაც. კარგი ყველაზე უიღბლო წელშიც გამოერევა, გამორიცხულია, არ გამოერიოს. ის კარგი გახსენდება, გეღიმება და იმედი გაქვს, რომ ცუდს ძველი წელი წაიღებს.

კიდევ ახალ წლებს იხსენებ. აიმ ჯადოსნურ ღამეებს. ვისაც რამდენი ჰქონია. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ასაკს გააჩნია. მე ოცდაათზე მეტი დამიგროვდა. რაღაცები კარგად მახსოვს. რაღაცები – არც ისე.

პატარაობაში ახალი წელი ჩემთვის  ზამთრის არდადეგები იყო, “ცისკარა” დილის თერთმეტ საათზე და ნაძვის ხის ზეიმები. მოსაწვევები მოჰქონდა დედ-მამას და იმ ზეიმებზე დავიარებოდი დიდი მონდომებით. ახალი წლის ღამე – ნაკლებად. მთლად ცხრაზე არ გვაძინებდნენ, მაგრამ არც ღამისთევა გამოდიოდა. ვუყურებდით რაღაცებს, რაც ტელევიზორში საბავშვოდ მიიჩნეოდა, დავიძინებდით, ვიღვიძებდით პირველ იანვარს, ტკბილეული, საჩუქრები, სტუმრები, ზეიმები, მულტფილმები და ასე გრძელდებოდა თოთხმეტამდე.

ახალი წლის ღამეები მერე და მერე უფრო მახსოვს. დიდობაში.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

tortsik

ეს პოსტი აქამდეც უნდა დამეწერა, მაგრამ, ხომ იცით, როგორც ხდება: აქეთ – წიგნის ფესტივალიო, იქით – დაბადების დღეოსუპერკლაუსსა და “გურულ დღიურებზე” რომ არ მომეყოლა, არაფრით გამოვიდოდა. ამას საშინაო საახალწლო აურზაურიც მიუმატეთ – უამრავი საქმე მქონდა სამზარეულოში… კარგი, ჰო, უმეტესად მაცივართან ვიყავი ატუზული და საქირქილოს აქ ვერაფერს ვხედავ! მოკლედ, როგორც იქნა, ამოვისუნთქე, მივიხედე, მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ მკითხველისთვის ახალი წელი არ მიმილოცავს.

არა უშავს. ძველით ახალი წელი, აგერ, გუშინ აღვნიშნეთ, ყურები ახლაც მტკივა წუხანდელი ბათქაბუთქისგან. ჯერ ისევ სადღესასწაულო დროით ვცხოვრობთ, აქა-იქ სადღესასწაულო სასუსნავიც მოგვეძებნება, ასე რომ, არც ეს პოსტი იქნება მეტისმეტად დაგვიანებული.

ჰოდა, მობრძანდით, ატმის ტორტის ბოლო, გაგემრიელებულ ნაჭრებზე დამეწვიეთ. თქვენ მიირთვით, მე მოლის ახალ წლებზე მოგიყვებით.

თოვლის ბაბუასთან სტუმრად პირველად ექვსი თვისა ვიყავი, ღია მწვანე ფუმფულა კომბინიზონში ჩაფუთნილი. დედას ახლაც უკვირს, რას ვფიქრობდი, სად მიმყავდა ბავშვიო… იმ პირველი საახალწლო ზეიმიდან ბევრი რამ მახსოვს-მეთქი, ვერ მოგატყუებთ, მაგრამ სანიმუშოდ კარგად რომ ვიქცეოდი, თოვლის ბაბუას გასუსული და თვალებდაჭყეტილი რომ მივჩერებოდი და მას მერე საახალწლო ღონისძიება რომ არ გამომიტოვებია, ფაქტია. ჰკითხეთ ჩემებს, დაგიდასტურებენ.

(more…)

Read Full Post »

armagnac poster

მობრძანდით, მობრძანდით, ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გამახარეთ, არ მეგონა, საახალწლო აურზაურით დაღლილ-დაქანცულებს, ჩემი მოკრძალებული იუბილე თუ გაგახსენდებოდათ :) მაინცდამაინც ნუ შეიმჩნევთ, მასპინძელი პირდაუბანელი და თმაგაბურძგნილი რომ გეგებებათ – სიმართლე გითხრათ, კიბეზე თქვენი ხმაური და შეძახილები რომ გავიგონე, მაშინღა გამომეღვიძა.

ისე არ გამიგოთ, თითქოს საკუთარი დაბადების დღე დამვიწყებოდეს – ოთხი წლის გავხდი გუშინ, ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არ არის?! უბრალოდ, ბუხარს ვეფიცხებოდი და… ჩამძინებია. სუფრის გაშლა ვერ მოვასწარი, თორემ მაცივარი სავსეა და, აბა, დავტრიალდეთ – ძალა ერთობაშიაო, ხომ გაგიგონიათ.

თქვენი არ ვიცი და მე საახალწლო სამზადისი ოლივიეს გარეშე ვერ წარმომიდგენია, ბავშვობის ნოსტალგიაა, ალბათ. ბიბი, სად მიარბენინებ მაგ ხაჭაპურს, გაცხელებული რას ივარგებს, ცივი არ ჯობია? თაკო, ეგ საცივიანი თეფში მოაშორე აქაურობას, ახალი წლის ღამეს, მგონი, ვიღაცას ეძინა შიგნით. უსაცივოდაც არაფერი გვიჭირს, სხვაც ბევრი რამ მოგვეძევება.

ჭურჭლის ეს განწირული რახარუხი ჩემი კარადიდან ისმის?! ვინ მიუშვა იქ ვეიდერი, მთელს არ დაგვიტოვებს არაფერს! მოიცა, მე თვითონ გამოვიღებ, თქვენ დასხედით. ეს რა ჭიქებიაო? რა და სრულიად განსაკუთრებული სასმლის ჭიქები, უჩვეულო დიზაინით. სწორედ ახლა უნდა გიამბოთ ამ სასმელზე, ოღონდ ჯერ ყავას დავისხამ ჩემს საყვარელ კროსვორდიან ფინჯანში. თქვენ მიირთვით, მიირთვით, მე ნუ მიყურებთ, სამდღიანი გასტრონომიული ორგიის მერე მარტო ყავას თუ გავეკარები…

(more…)

Read Full Post »

my christmas tree

ძვირფასო სანტა!

ტრადიციები და რიტუალები რომ მიყვარს, ძველი ამბავია და, მგონი, ბლოგსაც ეტყობა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მესიმპათიურება. ზუსტად შარშანწინ პირველად მოგწერე წერილი. გამოგიტყდები, დიდი იმედი არ მქონია, რომ  შენამდე მოაღწევდა, მაგრამ, სასწაულები თურმე მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება…

ჯერ მაშინ ამივიდა შუბლზე თვალები, სამ იანვარს, ბლოგის დაბადების დღეზე, ერთის ნაცვლად ორი სანტა რომ მესტუმრა (მეორე, ალბათ, კანადიდან) და მეორედ იმ დღეს უნდა გენახა ჩემი გაოცება, საახალწლოდ შენი პასუხი რომ მომიფრიალა ფოსტამ,  იქნებ, გესტპოსტად გამოგადგესო.

მოკლედ, ერთი ძველი ფილმისა არ იყოს, ყოველ ახალ წელს – არა, აბანოში რა დამრჩენია – ან შენ გწერ, ან შენს ბარათს ვკითხულობ…

ოღონდ, შენ კი იცი და, მკითხველმა ისე არ გამიგოს, თითქოს მხოლოდ დეკემბრის მიწურულს გეხმიანებოდე. მეგობრებთან ასე მოქცევა ვის გაუგონია! ტელეფონის ნომრები დიდი ხანია გავცვალეთ და ლაპლანდიასთან დაკავშირებაც არ მიჭირს. ახლა, მთელ მიმოწერას ვერ გამოვაქვეყნებ, უხერხულია, მაგრამ იმას კი უნდა მოვყვე, ბათუმში რომ გნახე, ამ ზაფხულს.

(more…)

Read Full Post »

Coca-Cola Art - Christmas Santa

ძვირფასო მოლი!

რიხიანად კი მოგესალმე, მაგრამ უკვე ათი წუთია, გაგრძელებას ვეძებ და ჯერ ვერაფერი მომიფიქრებია. გამოგიტყდები, დაბნეული ვარ… არადა, ჩემი დაბნევა იოლი ნამდვილად არ არის.

ვერ წარმოიდგენ, რამდენი საქმის კეთება მიწევდა ხოლმე წლების მანძილზე საკვამურებში ძრომიალისას. ძიძაც ვყოფილვარ, მზარეულიც, ჯვარი გწერიათ და მეხანძრეც (აგიზგიზებული ბუხარი დარჩათ ერთგან). შარშან, სტოკჰოლმში, ვაზასტანის უბანში, ორი ქურდბაცაცა გავკოჭე და პოლიციის მოსვლამდე ანეკდოტებით ვართობდი… ოღონდ, ბლოგერობა ჯერ არ მიცდია.

არა, ბლოგოსფერო ჩემთვის უცხო არ არის. ვორდპრესს ხშირად ვსტუმრობ (ბლოგსპოთზე ორჯერ შევიხედე და ორჯერვე კომპიუტერი გადამეწვა, ჩორვენ!) შენს ბლოგსაც ვკითხულობ… ჰოდა, შარშანდელი უსტარის შემდეგ გადავწყვიტე, ხმა ამომეღო. დაბადების დღეზე შემოგირბინე, გვარიანადაც გავერთე, პირველი კომენტარი შენთან დავტოვე და რა გასაკვირია, რომ პირველ გესტ პოსტსაც შენთვის ვწერ.

(more…)

Read Full Post »

Happy New Year!

მოლი ბლუმის ბლოგზე ამ წელიწადის უკანასკნელი ოთხშაბათია, ამიტომ, რაც უფრო მხიარული იქნება დღევანდელი ჯეოპარდი, მით უკეთესი! მოდით, ერთად ჩავერთოთ საახალწლო აურზაურში და ისედაც სადღესასწაულო განწყობა კიდევ უფრო გავიხალისოთ – იქნებ ჩვენი ჟრიამულით თოვლის პაპის ყურადღება მივიპყროთ და საჩუქრები ჩამოგვირიგოს – მერე რა, რომ ბავშვები აღარ ვართ, მათზე ნაკლებ არც ჩვენ გვიხარია ახალი წლის შემობრძანება :)

Good luck!

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: