Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘აჭარული ხაჭაპური’

acharuliერთი კვირაა, ავად ვარ.

ექიმმა, სერიოზული არაფერიო. ბრონქიტია და თავს მიხედეო.

მეც დავუჯერე, ცოდვა გამხელილი ჯობია და არცთუ უწადინოდ – ბოლოს ავადმყოფობის და ლოგინში კოტრიალის უფლება როდის მივეცი თავს, აღარც მახსოვს. სამსახურს დავეთხოვე, ფუმფულა ბალიშები შემოვიწყვე; ვწევარ ჩემთვის, წამლებს მორჩილად ვყლაპავ, გვერდით ტელევიზორის პულტი მიდევს,  რის სანახავადაც აქამდე დრო არ მრჩებოდა,  ყველაფერს ერთად ვუყურებ და ვერაგ დაავადებას ასე ვებრძვი.

აქვე ვაღიარებ, მთლად უსიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, ოღონდ, ბულიონით და გრეიპფრუტის წვენით თავმობეზრებულს, გემრიელი სასუსნავი მენატრება. თან ისე, რომ სხვა რაღაცებზე ფიქრის თავიც არ მაქვს, წერის ხომ  – მით უმეტეს… ჰოდა, დღეს თქვენც ამაზე მოგიყვებით – აჭარულ ხაჭაპურზე.

თავიდანვე გეტყვით – ხაჭაპური ყველანაირი მიყვარს: იმერული – ჟანრის კლასიკა; მშობლიური მეგრული, კვერცხგადასმული და ყველმოფხვნილი; ლაზური – ზემოდან შემოწყობილი სულგუნის ვეებერთელა ნაჭრებით; ფენოვანი, ლაღიძის წყლებს რომ ვაყოლებდით ბავშვობაში; დეიდაჩემის საფირმო, მაწვნით მოზელილი… ასე განსაჯეთ, სკოლის სასადილოს “ყველიანი ხელით” გაკეთებული მინიატურული ხაჭაპურებიც კი გემრიელად მაგონდება. მაგრამ აჭარული სულ სხვაა…

(more…)

Advertisements

Read Full Post »

at night

ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.

გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.

ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.

ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.

დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება,  ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…

(more…)

Read Full Post »

ბათუმი "ეშმაკის ბორბლიდან". ალექსანდრე რუსიას ფოტოჩემს ქალაქზე უსასრულოდ რომ შემიძლია ქაქანი, აქაურებს კი გეცოდინებათ, მაგრამ ზაფხულის მიწურულს ყველა ზღვისპირეთსა და არდადეგებზე წერს და ახალი ბლოგერული სეზონის პირველი პოსტი სტანდარტულ პოსტსაშვებულებო რევიუს რომ არ დაემსგავსოს, მხოლოდ იმას მოგიყვებით, რაც ჩემი ბავშვობის ქუჩებში ერთკვირიანი ხეტიალისას ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

მატარებელში, თურმე, თამბაქო აკრძალულია და პირველი, ყველაზე გემრიელი ღერი იქითობისას წიფის უკაცრიელ ბაქანზე მოვწიე, აქეთობისას – ზესტაფონში.

ბათუმისკენ ესტონელი წყვილი დამემგზავრა. რამდენიმე სიტყვით მოვიკითხეთ ერთმანეთი და მომდევნო ხუთი საათი, როგორც ჭეშმარიტ ესტონელებს შეეფერებათ, ხმა აღარ ამოუღიათ – ეძინათ.

ჩასვლის ღამესვე, სამის ნახევარზე, ნამდვილმა წარღვნამ გამაღვიძა. ღუნღულა ხალათში გავეხვიე, აივანზე, სავარძელში მოვკალათდი, გავაბოლე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის მართლაც ძალიან ცოტა ჰყოფნის.

ჩემი ფანჯრებიდან სოფლის მეჩეთის მინარეთი ჩანდა და ყოველღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ უთენია მუეძინი გამაღვიძებდა. სამწუხაროდ, მის ენერგიულ მოძახილს მხოლოდ ერთხელ მოვუსმინე.

(more…)

Read Full Post »

Batumi

სანტიმენტალური არასოდეს ვყოფილვარ, არც პროფესია მაქვს ისეთი, გულჩვილობა უხდებოდეს, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი უცნაური რამ შევნიშნე – საკმარისია სადმე ძველ ფილმს, სიმღერას ან წიგნს გადავაწყდე, სრულიად განსხვავებული, განსაკუთრებული შეგრძნება მიჩნდება  – თითქოს ბავშვობაში ვბრუნდებოდე…

და რა გასაკვირია, რომ გულგრილად ვერ ვიხსენებ იმ ქალაქს, სადაც დავიბადე და რომელიც ჩემთვის დედამიწის ზურგზე ყველაზე საყვარელი და  თბილი ადგილია. სადაც ტალღა სულ სხვანაირად ასკდება ნაპირს, სხვანაირი ნიჟარები ყრია და უამინდობისას სხვანაირი ღრუბელი წვება ცაზე… უკეთესი ან უარესი კი არა, უბრალოდ, სხვანაირი…

იქაურობა ყოველ ჩასვლაზე სულ უფრო გალამაზებული მხვდება. ძალიანაც მომწონს, განა არა…  თუმცა, მე მაინც ის ძველი და უპრეტენზიო ქალაქი მახსოვს და მიყვარს, ოცდაერთი წლის წინ, “ბათუმი-თბილისის” მატარებელის კუპეში, ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილმა რომ დავტოვე.

(more…)

Read Full Post »

 

პირველი სიგარეტი და  ნაღებიანი ყავის პირველი ჭიქა მიყვარს.

აჭარული ხაჭაპური მიყვარს.

დილის ძილი მიყვარს.

კუბოკრული სამოსი მიყვარს.

თბილისიდან რამდენიმე დღით გამგზავრება მიყვარს.

და მერე თბილისში დაბრუნება მიყვარს.

კინო მიყვარს. სეანსის დაწყებამდე “ამირანის” ლიტკაფეში ყავის დალევა მიყვარს.

ლიტკაფეს “ჩუბიკა” და ნიგვზის ტორტიც მიყვარს.

შაბათ-კვირა მიყვარს.

ტრანსპორტში კითხვა მიყვარს.

ჩემი ახალი სათვალეც მიყვარს.

ჩართულ ტელევიზორთან ჩაძინება მიყვარს.

უცნაური ფორმის ქუდები მიყვარს.

უცხო ქალაქში უმისამართოდ ხეტიალი მიყვარს.

ბათუმი მიყვარს.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: