Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო სერია’

ასტრიდ ლინდგრენი ქართულად. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დიოგენე

ასტრიდ ლინდგრენი ქართულად.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
დიოგენე

მას შემდეგ, რაც მოლის ხმაურიან და სტუმართმოყვარე ბლოგზე სულ პირველი პოსტი დაიწერა, ამ ქალბატონს სიყვარული საჯაროდ ერთხელაც ავუხსენი და ორჯერაც, მაგრამ რომ არ მყოფნის?! თანაც აგერ ახლა, ორიოდე დღეში, იუბილარია – 107 წელი უსრულდება და რა გული გამიძლებს, რამდენიმე სიტყვა კიდევ რომ არ ვთქვა.

დავფიქრდი და – აქამდე სულ მის პერსონაჟებზე გექაქანებოდით, ისე რომ შემაყვარეს თავი, ბავშვობაში კი არა, მოწიფულ ასაკშიც ვერ ვანებებ თავს… იმ ემოციებზე გიამბობდით, მისი წიგნების ფურცვლა რომ მგვრიდა, თავად ავტორზე კი ბევრი არაფერი მითქვამს. თქმას ვინ ჩივის, ჩემდა სამარცხვინოდ, რაღაც-რაღაცები არც კი მცოდნია.

არა, სამი სახელი რომ ერქვა, მახსოვდა – ასტრიდ ანა ემილია; თქვენ წარმოიდგინეთ, ქალიშვილობის გვარიც ვიცოდი – ერიკსონი; კიდევ – სხვა რამეებიც, მაგრამ საკმარისად მაინც არ მცნობია ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ლამის ოცდაათი წლის წინ შემოაბიჯა წითურ, ჭორფლიან და კიკინებაპრეხილ გოგოსთან ერთად. შემოაბიჯა და წასვლაზე აღარც უფიქრია, პირიქით – შემორეკა და შემორეკა თავისი საოცარი გმირები: ვაზასტანელი მოჩვენება თუ უშიშარი მაძებარი კალე ბლუმკვისტი, ყაჩაღის ასული რონია თუ ძმები ლომგულები, მაწანწალა რასმუსი თუ ჩაკუპატებული ჩორვენი… გამაჩერეთ, თორემ ჩამოთვლას დილამდე ვერ დავასრულებ, არადა, ამ პერსონაჟებს ჩემზე ნაკლებად არც თქვენ იცნობთ და ალბათ იმასაც მიხვდით, ღიმილის ორდენის კავალერზე – ასტრიდ ლინდგრენზე რომ ვლაპარაკობ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

ასტრიდ ლინდგრენი. "მაწანწალა რასმუსი". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

აბა, მითხარით, კარტოფილი როგორ არ უნდა უყვარდეს ბავშვს?!

ეგეთი ბავშვი დედამიწის ზურგზე არ დადისო, მეტყვით.

ოლოლო თქვენ – ძალიანაც დადის და თქვენი უმრავლესობა მას მშვენივრად იცნობს.

ვინც არ იცნობს, დარწმუნებული ვარ, იფიქრებს – ერთი ჭირვეული, გაზულუქებული არსება იქნება, თორემ შემწვარ-შეპიწკინებულ, ტყემალმოსხმულ და პურის ცხელ ყუასთან ერთად მორთმეულ კარტოფილზე უარს ვინ იტყვისო?

ჰოდა, გვარიანადაც შეცდება; მერწმუნეთ, როცა ვესტერჰაგის თავშესაფარში ცხოვრობ და მთელ ზაფხულს, მდინარეზე ჭყუმპალაობის ნაცვლად, კარტოფილის ასაღებად მინდვრებზე ხოხვაში ატარებ, რაც კი ამქვეყნად ბოლქვია, ყველა შეგძულდება.

ეჭვი არ მეპარება, ასტრიდ ლინდგრენის ამ წიგნს მრავალი თქვენგანი სიამოვნებით გაიხსენებს ჩემთან ერთად. აბა, მარტო მე ხომ არ მეყვარებოდა ბავშვობაში პერსონაჟის ტყავში თავფეხიანად შეძვრომა და იმდენ ხანს დარჩენა, სანამ ახალი წიგნის ეშხი არ გამომიტყუებდა გარეთ?!

(more…)

Read Full Post »

 'Emil of Lönneberga' by Astrid Lindgren illustrated by Björn Berg

როგორ გგონიათ, ლინდგრენის გადაჭარბებული დოზა არსებობს? რა თქმა უნდა, არა. აი, დეფიციტი კი შეიძლება დაგემართოს კაცს, თანაც მწვავე. ჰოდა, ამ დროს ორიოდე ყლუპი ფრუ ასტრიდი მისწრებაა. როგორც კი შეატყობ, რომ დეპრესიამ და უგუნებობამ შემოგიტია, უნდა მივარდე თაროს, თვალდახუჭულმა მოაფათურო ხელი და, რაც მოგხვდება, სულმოუთქმელად გადაყლაპო. ზუსტად ასე მოვიქეცი ამას წინათ და რამდენიმე აბი “ემილ ლენებერგელი“ სულ შაქარყინულივით ჩავახრამუნე.

ვახრამუნებდი და ვგრძნობდი, როგორ იწევდა ზემოთ ჩამოშვებული ცხვირი, როგორ იხევდა უკან დაღლილობა და გაღიზიანება…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: