Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘არტურ კონან დოილი’

Sherlock Series 3სინემანიაკი არ ვარ-მეთქი, ათასჯერ მითქვამს.

ფილმებს მოცალეობის ჟამს თუ ვუყურებ, სერიალებს გულს ვერ ვუდებ, მულტფილმებით უფრო ვიქცევ თავს და ცხადია, კინოთემატიკას ბლოგზეც იშვიათად გადააწყდებით – კაცმა იმაზე უნდა წეროს, რაც უყვარს და იცის.

ოღონდ, წესი რა წესია, გამონაკლისი არ ჰქონდეს და დროდადრო ისეთი ფილმი გამოერევა, ამქვეყნად ლამის ყველა წიგნს რომ მირჩევნია და საღამოსთვის გამზადებულ სქელ-სქელ ტომს გვერდზე გადამადებინებს.

წიგნის გვერდზე გადადებას ვინ ჩივის – წელს, პირველ იანვარს,  არც ხაჭაპური გამხსენებია და არც შემწვარი გოჭის ყურები, არც ის, რომ ძილი ამქვეყნად ყველაფერს მირჩევნია; იმის მაგივრად, საახალწლო სუფრასთან უთანასწორო ჭიდილში მიღებული იარები მომეშუშებინა და გემრიელად გამომეძინა, ღამის პირველ საათზე, რომელიღაც საეჭვო რეპუტაციის საიტზე ერთი ბომბივით გამსკდარი სერიალის ახალი სეზონის პირველ სერიას ვუყურებდი ჰექსესა და ჭიქა ყავასთან ერთად (ახლა, მთლად ისე ნუ დავწვრილმანდებით, იმაზე ვილაპარაკოთ, სეანსის მერე სამზარეულოში ქარიშხალ “კატრინასავით” რომ შევიჭერი).

პოსტის სათაურიც ჰექსემ მიკარნახა, სხვათა შორის, და მიხვდებოდით კიდეც, შერლოკზე რომ ვწერ.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

Sherlock Holmes comics. Joyas Literarias Juveniles,

მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით. ვხედავ, გვარიანად დასველებულხართ, უმჯობესია, ბუხარს მიუჯდეთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან, ლონდონში, ოქტომბერი კი არა, აგვისტოც არ გახლავთ მაინცდამაინც მზიანი. ქოლგა გარეთ დატოვეთ, ახლა მისის ჰადსონს ვთხოვ და ჩაის მოგვიდუღებს. ნუ მებოდიშებით, ჩემო კარგო, ამ სახლში ვიზიტისთვის უფრო გვიანი დროც შეურჩევიათ ხოლმე.

ღია ფანჯარა ნუ გაგაკვირვებთ, ახლავე დავხურავ – კვამლი იდგა და ვანიავებდი. აი, დედოფალ ვიქტორიას ეს მშვენიერი ვენზელი კედელზე ახლახანს გამოვიყვანე. მეზობლები უკვე მიჩვეულები არიან, სროლის ხმაზე ყურსაც აღარ იბერტყავენ.

თქვენის ნებართვით, ჩიბუხს გავაჩაღებ – თამბაქოს სუნი, ვიცი, რომ არ შეგაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, შავ “დანჰილს“ ეწევით. ნუ მიყურებთ უზარმაზარი თვალებით, სიგარეტის კოლოფი თქვენ თვითონ არ დადეთ აქვე, მაგიდაზე? მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ გეტყვით, რომ დოლჩე და გაბანას light blue გყვარებიათ – კარგი არჩევანია. დიახ, დიახ, ნამდვილი მაძებარი სუნამოებშიც უნდა ერკვეოდეს – ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი ამას, სერ ჰენრი ბასკერვილს უცნაურ წერილებს რომ უგზავნიდნენ. კიდევ რა… კომპიუტერის ხშირი მომხმარებელი ბრძანდებით – მარჯვენა ხელზე, მაჯასთან, ფრიად დამახასიათებელი პატარა კოჟრი გაქვთ. შემთხვევით, დიეტას ხომ არ იცავთ? ტანსაცმელი ორიოდე ზომით დიდი მეჩვენება, თან ნათხოვარსაც არ ჰგავს – ხარისხიანი პროდუქციაა. მისის ჰადსონის კექსი მაინც უნდა შემოგთავაზოთ – ჩაის ძალიან უხდება. ჰმ… აკურატულობაზეც მინდოდა, მეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დამაბნიეთ – მობილური ტელეფონი შავ დღეში ჩაგიგდიათ, სათვალეს კი ერთი ნაკაწრიც არ ემჩნევა. მოითმინეთ, მოითმინეთ… სავარაუდოდ, სათვალეს განსაკუთრებით უფრთხილდებით, ეტყობა, მასთან ძვირფასი მოგონებები გაკავშირებთ. ნუ შეცბუნდებით, გეთაყვა, კარგ მაძებარს გაცილებით ინტიმური დეტალებიც არ გამოეპარება.

(more…)

Read Full Post »

Sir Arthur Conan Doyle. Sherlock Holmes. Turks & Caicos islands 1984

მათ, ვინც მოლი ბლუმის პოსტებს რეგულარულად ადევნებს თვალს, ემახსოვრებათ, რომ სულ ორიოდე კვირის წინ BBC-ის გადაღებულ ახალ ჰოლმსიანაზე ვწერდი. ჰოდა, ეტყობა, გამოყოლილი შთაბეჭდილებების ბრალი იყო, რომ შაბათ–კვირას კონან დოილის გაცრეცილი ტომი ხელიდან არ გამიშვია. მეტიც – გადავწყვიტე, მცირე ხნით თქვენც წარსულში დაგაბრუნოთ და ჯეოპარდის დღევანდელი ტური მთლიანად განთქმულ მაძებარს მივუძღვნა. მაშ, ასე,

Good luck!

(more…)

Read Full Post »

Sherlock Holmes and Dr John Watson. Sherlock. BBC One

სერიალებს ჩემს ბავშვობაში მრავალსერიიან მხატვრულ ფილმებს ეძახდნენ. სხვათა შორის, სიამოვნებით ვუყურებდი, რადგან არც უსასრულოდ გრძელდებოდა და ვერც მოსაწყენს დაარქმევდით. ოთხმოცდაათიანების დასაწყისში მოზღვავებულმა ლათინოამერიკულმა სისულელემ კი თავი მომაბეზრა და “საპნის ოპერებზე” ხელი, შეიძლება, ითქვას, საბოლოოდ ჩავიქნიე.

ჟანრის ნიუანსებში ბევრად უკეთ გარკვეულმა ნაცნობებმა “ER“- იც შემომთავაზეს, “ჰაუსიც” და “სიცრუის თეორიაც”, მაგრამ გული ვერც ერთს დავუდე. თქვენ წარმოიდგინეთ, “Lost“-ის პანდემიასაც გადავურჩი – ორიოდე სერიას კი შევავლე თვალი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ არც თუ უხეიროდ დაწყებული საქმე მორიგი კომერციული მარაზმისკენ მიდიოდა.

შარშან, დეკემბერში, ჩემმა მეგობარმა რომელიღაც მეორეხარისხოვან ტორენტ-საიტზე ატვირთული ახალი ბრიტანული სერიალის პირველი სამი ეპიზოდის ბმული გამომიგზავნა, თან მირჩია – უყურე, ნამდვილად არ ინანებო. რის ვაივაგლახით გადმოვწერე, ჩავრთე და…

დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ არტურ კონან დოილის შედევრალური ეპოპეის საუკეთესო ეკრანიზაცია რუსი კინემატოგრაფისტების გადაღებული მრავალსერიიანი ფილმი გახლდათ (ამაში, სხვათა შორის, თავად ბრიტანელებიც მეთანხმებიან), ახლა კი უკვე აღარ ვიცი, ძველი, ბავშვობისდროინდელი, კლასიკური ჰოლმსიანა უფრო მომწონს თუ BBC-ის ახალი “შერლოკი”.

(more…)

Read Full Post »

Bibliokleptomaniac.

ჩემს პიონერულ ბავშვობაში, სხვა უსარგებლო ხარახურასთან ერთად, რომლითაც გულმოდგინედ გვიჭედავდნენ ცნობისმოყვარედ დაცქვეტილ ყურებს, ასეთი ფრაზაც მომისმენია, ავი ენები, რატომღაც, მსოფლიო პროლეტარიატის დიად ბელადს  რომ მიაწერდნენ  – “წიგნის ქურდი ქურდი არ არისო”.

გულახდილად უნდა გითხრათ – წარმოდგენა არ მაქვს, მართლა ლენინს ეკუთვნის ეს სიტყვები თუ, უბრალოდ, საბჭოეთის მთავარი იდეოლოგის ირგვლივ ხელოვნურად შექმნილი მორიგი მითია. თავის დროზე, პატარა ვალოდია ულიანოვის ცხოვრება და “საქმენი საგმირონი” ლამის გაზეპირებული მქონდა, მაგრამ, სანამ გავიზარდე, საბჭოთა კავშირსაც მოეღო ბოლო და ილიჩის ტომეულების შესწავლის ბედნიერებასაც ავცდი.

სამაგიეროდ, სისხლის სამართლის კოდექსს ვიცნობ ჩინებულად და ბიბლიოფილებისთვის სამწუხაროდ, უნდა გითხრათ – კანონის წინაშე აქლემის, ნემსის და წიგნის ქურდი ზუსტად ერთნაირი პრივილეგიით სარგებლობს – საკანში ადგილი სამივეს ეკუთვნის.

ისე, ჩვენში დარჩეს და მსგავსი ცოდვა მეც რამდენჯერმე დავიდე კისერზე. მოლის ბიბლიოთეკა ასეთი, ფრიად საეჭვო ხერხითაც შევსებულა…

(more…)

Read Full Post »

იმედი მაქვს, ჩემს მკითხველს არ დავიწყებია, რომ მოლი ბლუმი დეტექტივების დიდი მოყვარული გახლავთ. ჰოდა, არც ის გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ “შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი” ადრეულ ასაკშივე ლამის ზეპირად ვისწავლე. არადა, მთავარი გმირის ბავშვობაზე ფიქრი ერთხელაც არ მომსვლია თავში. მგონი, გულწრფელად მჯეროდა, რომ განთქმული მაძებარი თავზე უჯრულა კეპით, ხელში ლუპით, პირში ჩიბუხით და, რაც მთავარია, დედუქციის უბადლო ნიჭით დაჯილდოვებული დაიბადა.

როგორ ჩანს, ბრიტანელი მწერალი ენდრიუ ლეინი მიხვდა, რომ არტურ კონან დოილს მრავლად მოეძებნებოდა ჩემსავით გულუბრყვილო მკითხველი და გადაწყვიტა, ჩვენთვის ილუზიები გაეფანტა. ასე მოევლინა ლიტერატურულ სამყაროს სერია “ახალგაზრდა შერლოკ ჰოლმსი”, რომლის პირველი წიგნი – “სიკვდილის ღრუბელი” სულ რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა ხელში.

(more…)

Read Full Post »

umberto ecoსაყვარელი მწერალი არასოდეს მყოლია. ეს გამოთქმა, ზოგადად, ძალიან არაკორექტული მეჩვენება, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ რაც არ უნდა აღფრთოვანებული იყო კონკრეტული ავტორის შემოქმედებით, ერთხელ მაინც დაწერს რაიმე ისეთს, რაც დიდად არ მოგხიბლავს, სუსტი და მიფუჩეჩებული მოგეჩვენება ან სულაც შინაგანი პროტესტის გრძნობას გამოიწვევს; მეორეც, იმიტომ, რომ ადამიანისთვის, რომელსაც კითხვა უყვარს და, შესაბამისად, დიდი არჩევანი აქვს, ძალიან რთულია, ერთპიროვნული უპირატესობა ვინმეს მიანიჭოს.

მიუხედავად ამისა, არსებობს ნაწარმოებები, რომელთა ლიტერატურული ღირსება, ჩემს თვალში, კეისრის ცოლისა არ იყოს, არასოდეს დადგება ეჭვქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩემი, როგორც მკითხველის იღბლიანობად მიმაჩნია, რომ ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორმა, შუა საუკუნეების ისტორიის და სემიოლოგიის სპეციალისტმა, კრიტიკოსმა და ესეისტმა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, მხატვრულ პროზაში ეცადა ბედი.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: