Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘არდადეგები’

ბავშვობაში სკოლა არ მიყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ცოდვას ვერ დავიდებ, მაგრამ არდადეგები მაინც ტკბილად მახსენდება.

საახალწლოც, საგაზაფხულოც, ოთხდღიანიც, ორკვირიანიც, ასეთიც, ისეთიც… და ყველაზე მაგარი – სამთვიანი საზაფხულო არდადეგები. ბევრი მზე, ბევრი ზღვა, ბულვარში ბოდიალი, ბევრი წიგნი, კინო და ტელევიზორი, უგემრიელესი ნაყინი, ტარხუნის ლიმონათი და რძის კოქტეილი. რაც მთავარია, სრული თავისუფლება და არაფრისკეთება. აბსოლუტური ბედნიერების ხანა.

ალალად გეტყვით, ბლოგერული შვებულებაც არანაკლებ სასიამოვნო ყოფილა.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

tsignebi-da-satamashoebi

ათიოდე დღის წინ, მეგობარმა ძალიან საინტერესო ბმული მაჩვენა.

“სასკოლო ასაკში აუცილებლად წასაკითხი წიგნები – რჩევები არდადეგებისათვის”.

ერთ-ერთ ქართულ საგანმანათლებლო ვებგვერდზეა განთავსებული და, მცირე ანოტაციის მიხედვით, სკოლა “ჰამილტონის” დირექტორის, გია მურღულიას შედგენილია.

ბმული გადასარევად მუშაობს, მაგრამ არც თუ მოკლე სიას აქაც დავდებ, ისე, თვალსაჩინოებისათვის.

1. ეკლესიასტეს წიგნი
2. იობის წიგნი
3. ჰომეროსი – „ოდისეა“
4. პლუტარქე – „პარალელური ბიოგრაფიები“
5. ათას ერთი ღამე
6. შექსპირი – „რომეო და ჯულიეტა“
7. ბალზაკი – „შაგრენის ტყავი“
8. სტენდალი – „წითელი და შავი“
9. გუსტავ ფლობერი – „ქალბატონი ბოვარი“
10. უმბერტო ეკო – ვარდის სახელი
11. სენტ-ეგზიუპერი – პატარა უფლისწული
12. ილფი და პეტროვი – თორმეტი სკამი
13. მიგელ დე უნამუნო – აბელ სანჩესი
14. იასუნარი კავაბატა – „ათასფრთიანი წერო“
15. კობო აბე – „ქალი ქვიშაში“
16. ჰარუკი მურაკამი – „1Q84“
17. ორხან ფამუკი – „მე წითელი მქვია“
18. სალმან რუშდი – „ფლორენციელი ჯადოქარი“
19. ვლადიმირ ნაბოკოვი – „ლოლიტა“
20. ბორის პასტერნაკი – „ექიმი ჟივაგო“
21. ფრანც კაფკა – „პროცესი“
22. ერნესტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“
23. ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“
24. სემიუელ ბეკეტი – „გოდოს მოლოდინში“
25. ჯეკ კერუაკი – „გზაზე“
26. ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“
27. მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“
28. თომას მანი – „ბუდენბროკები“.

ოცდარვა წიგნი. ეკლესიასტედან “ბუდენბროკებამდე”.

(more…)

Read Full Post »

ახალი წელი, ხომ იცით, როგორი ამბავია, წელიწადი მთავრდება, მთელი სამასსამოცდახუთი დღე. ზიხარ, ელოდები, ემზადები, რაღაცებს იხსენებ. კარგსაც და ცუდსაც. კარგი ყველაზე უიღბლო წელშიც გამოერევა, გამორიცხულია, არ გამოერიოს. ის კარგი გახსენდება, გეღიმება და იმედი გაქვს, რომ ცუდს ძველი წელი წაიღებს.

კიდევ ახალ წლებს იხსენებ. აიმ ჯადოსნურ ღამეებს. ვისაც რამდენი ჰქონია. ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები. ასაკს გააჩნია. მე ოცდაათზე მეტი დამიგროვდა. რაღაცები კარგად მახსოვს. რაღაცები – არც ისე.

პატარაობაში ახალი წელი ჩემთვის  ზამთრის არდადეგები იყო, “ცისკარა” დილის თერთმეტ საათზე და ნაძვის ხის ზეიმები. მოსაწვევები მოჰქონდა დედ-მამას და იმ ზეიმებზე დავიარებოდი დიდი მონდომებით. ახალი წლის ღამე – ნაკლებად. მთლად ცხრაზე არ გვაძინებდნენ, მაგრამ არც ღამისთევა გამოდიოდა. ვუყურებდით რაღაცებს, რაც ტელევიზორში საბავშვოდ მიიჩნეოდა, დავიძინებდით, ვიღვიძებდით პირველ იანვარს, ტკბილეული, საჩუქრები, სტუმრები, ზეიმები, მულტფილმები და ასე გრძელდებოდა თოთხმეტამდე.

ახალი წლის ღამეები მერე და მერე უფრო მახსოვს. დიდობაში.

(more…)

Read Full Post »

vacances 2015 (2)

მეხუთე წელია, ბლოგი მაქვს და, ტრადიციულად, ყოველ ზაფხულს იმას ვფიქრობ, ისეთი რა მოვიგონო, ბლოგერული შვებულების ნაადრევად დაწყება გავამართლო.

არა, უბრალოდ, დავიღალე, დასვენება მინდა და უსაქმურობა მომენატრა-მეთქი, კი ვიტყვი, გადასარევი მკითხველი მყავს, გამიგებენ, მაგრამ დასვენება აგვისტოში ვიცით ჩვენ, ჯერ ივლისი არ დაწყებულა ხეირიანად, რა დროს შვებულებააო, გულში მაინც გაიფიქრებს ვინმე.

აქამდე მსოფლიო ჩემპიონატი მშველოდა, ევროპის თასი, ოლიმპიადა და ამგვარი საყოველთაოდ საინტერესო ამბები. წელს მსგავსი არაფერი ხდება. კინკილა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ვატარებთ და ისიც ისე ჩაივლის, მგონი, ვერც ვერავინ გაიგებს. ჰოდა, რა სინდისით ვთქვა ახლა, საგულშემატკივროდ ვემზადები, დილიდან საღამომდე ტრიბუნებზე უნდა ვიჯდე ტრანსპარანტებით ხელში, იმდენი რამეა სანახავი, ბლოგისთვის არ მეცლება-მეთქი.

ოუფენ ეარზეც არ წავსულვარ. შორიდან ვიგებ იქაურ ამბებს და ჩემი მელომანი მეგობრების მაგივრად მიხარია.

ჰო, სუპერთასია აგვისტოში… კარგი, სუპერთასზე და ბილეთებზე ნუ ვილაპარაკებთ. ამ ბლოგს ბავშვებიც კითხულობენ. უხერხულია.

(more…)

Read Full Post »

 

summer-vacation-graphics_21-444

მოლის დასვენების დროც მოვიდა.

სექტემბრამდე ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ.

ოღონდ არ მითხრათ ახლა, რა დროს არდადეგებიაო, კითხვა ახლა დავიწყეთო, ორი თვე ნამეტანიაო და, საერთოდ, ისედაც ცოტას წერდი და სულაც არ დაღლილხარო…

ჰო, მართალია,  წელს უფრო ადამიანურ ფორმატზე გადავედი და ამოვისუნთქე, მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს?!

თან ფეხბურთია, ეს ოხერი… ჭეშმარიტი სნობები ამტკიცებენ, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყებაო. ჩემი ფავორიტები კი გაიკრიფნენ ბრაზილიიდან, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია და ვერაფრით გამოვტოვებ. ხომ ხედავთ, რა მერვედფინალებია, წყვეტა-გლეჯაა სტადიონებზე; ხმა მომივიდა, მეოთხედფინალები კიდევ უფრო მაგარი იქნებაო და მინდა, მშვიდად ვუყურო, ყავის, სიგარეტისა და ალუბლის ტორტის თანხლებით, ისე, რომ  წამდაუწუმ საათისკენ არ გამირბოდეს თვალი – ემანდ პოსტის გამოქვყნების დრო არ გამომეპაროს-მეთქი და მერე გულგახეთქილს არ მიწევდეს წამოვარდნა – ვაიმე, ხუთი წუთიღა დარჩენილა-მეთქი; სულო ცოდვილო, კი დამემართა ერთხელ.

(more…)

Read Full Post »

vacations 3

ბენჯამენ ფრანკლინს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა და ქართული ბლოგები ეკითხა, აუცილებლად იტყოდა, ამქვეყნად სამი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი, გადასახადები და მოლი ბლუმის საზაფხულო შვებულებაო.

იმასაც დაამატებდა, პირველ ორს კიდევ მოუხერხებ რამეს, მაგრამ მესამეს ვერ გაექცევიო.

კაცმა რომ თქვას, ვერც შეეკამათებოდი – მესამე წელია, აქ გმასპინძლობთ და ყოველ ზაფხულს ისეთი შესაშური მუდმივობით ვიხურავ მწვანე ქუდს, საათს თუ ვერა, კალენდარს ნამდვილად გაასწორებთ.

(more…)

Read Full Post »

ღრმად პატივცემულმა ენგელსმა ბრძანა, შრომამ შექმნა ადამიანიო, იმაზე კი არავინ არაფერს ამბობს, რომ დასვენებამ კმაყოფილი და ბედნიერი ჰომო საპიენსი მოუვლინა ქვეყანას.

საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ამიტომ ეჭვი მეპარება, ჩემმა სტუმრებმა იცოდნენ, ენით აუწერელი ზარმაცი რომ გახლავართ. წელიწადნახევრის წინ ვინმეს რომ ეთქვა, კვირაში სამ პოსტს დაწერ, თითოეულ სიტყვას და წერტილ-მძიმეს საგულდაგულოდ გაასწორებ და დათქმულ დროზე გამოსაქვეყნებლად ნებისმიერი თავყრილობიდან დარსა თუ ავდარში უკანმოუხედავად გამოიქცევიო, გულიანად გამეცინებოდა და, რა თქმა უნდა, არ დავიჯერებდი.

არადა, ფაქტია – შარშანდელი იანვრიდან მოყოლებული, გაგანია სიცხესა თუ თავსხმა წვიმაში, ჰიჩკოკური დიეტისას თუ ლუკულუსის ნადიმზე, სახლსა თუ სამსახურში, ავადმყოფობისა თუ კარგად ყოფნისას, სიხარულსა თუ მწუხარებაში ერთი წუთით არც ბლოგი დამვიწყებია, არც მკითხველები და ჩემივე დაწესებული მკაცრი გრაფიკი ოდნავადაც არ დამირღვევია.

(more…)

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: