Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ანტიუტოპია’

ყველაფრის მოდა გამიგია და ლიტერატურული ჟანრისა – არა. მოდაა, აბა, სხვა რა უნდა დავარქვა ნაწვიმარზე სოკოებივით მომრავლებულ ანტიუტოპიებს, სადაც თავზე ხელაღებული, შეუპოვარი თინეიჯერები პოსტაპოკალიპტურ სამყაროს უპირისპირდებიან და, რა თქმა უნდა, იმარჯვებენ, დროდადრო ყოველგვარი ლოგიკისა და დამაჯერებელი სცენარის გარეშეც. ჟანრის პოპულარობამ იმდენ გრაფომანს ააღებინა ხელში კალამი, ხანდახან აღარც მგონია, რომ მოძალებულ მაკულატურაში რაიმე ღირებულს წავაწყდები და როცა ვგრძნობ, რომ შევცდი, ფრიად კმაყოფილი გახლავართ ხოლმე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, სულ ახლახანს ჩემმა საყვარელმა “ლიბერთინსმა“ ახალი გამოცემა დააანონსა – მერი ლუს „გამარჯვებული“. სახელი და გვარი არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ სინდისის ქენჯნას დიდად არ შევუწუხებივარ, ისე დავრაზმე მამა აქციაზე წასასვლელად. აბა, რა მექნა – მძიმე სამუშაო დღის მერე მეგობართან მივიჩქაროდი ყავის დასალევად.

ჰოდა, რძიან ამერიკანოს ნება-ნება რომ ვწრუპავდი, სწორედ მაშინ დამირეკა მამამ, აქციაზე მოზღვავებული მოზარდების მოწინავე რიგებიდან – ტრილოგიის მესამე წიგნი ყოფილა და დანარჩენი ორიც ხომ არ გამოგიყოლოო.

(more…)

Read Full Post »

ამ პატარა წიგნში იმდენი რამაა თავმოყრილი, რომ ვზივარ და ვფიქრობ, საიდან დავიწყო და პოსტში როგორ ჩავატიო სათქმელი; როგორ გაგიზიაროთ ჩემი იმპრესიები, ნოემბრის ამ ცრიატ, მოღუშულ დღეს ვლადიმირ სოროკინის “ოპრიჩიკნის დღემ” რომ მომგვარა.

არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ზოგ ნაწარმოებს გაზიარება არ უხდება – შენთვის უნდა განიცადო, საკუთარ თავში ადუღო და ათუხთუხო, გადახარშო უსიტყვოდ… მერე ემოციებით გაძეძგილი მიუბრუნდე ზოგიერთ ადგილს და ბოლოს, ერთსა და იმავე დროს დათრგუნულმაც და აღფრთოვანებულმაც, განზე გადადო, შემოასკუპო რომელიმე თაროზე და ხანდახან მზერა გააპარო – მზად ხარ გადასაკითხად თუ არა…

აი, ასეთია “ოპრიჩნიკის დღეც”, მაგრამ მოლის ამბავი ხომ იცით – ვერ მოისვენებს, მოწონებულ წიგნზე ორიოდე სიტყვა მაინც რომ არ თქვას; მით უმეტეს, ის დუღილი და თუხთუხი, ზემოთ რომ ვახსენე, თქვენმა მასპინძელმა კარგა ხანია, მოითავა – დედანში წაიკითხა რამდენიმე წლის წინ და ახლა ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობის ქართულმა თარგმანმა ხელახლა გადააშლევინა ჩვენი ასწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და დაუნდობელი ანტიუტოპია.

სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო, ნათქვამია. ცხენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მათრახი რომ უჭირავს ხელში, თან მწარედ, დაუზოგავად უტყლაშუნებს რუსულ საზოგადოებას, ფაქტია.

(more…)

Read Full Post »

"შიმშილის თამაშები 2  - ცეცხლის ალში". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი, 2013

მათთან ხელმეორედ შეხვედრას ძალიან დიდხანს ველოდი…

იმდენად დიდხანს, რომ ეს მოლოდინი გაფერმკრთალდა და, სადღაც, გულის სიღრმეში მიყუჩდა კიდეც…

მაგრამ გუშინ საღამოს, ჩემს საყვარელ სავარძელში რომ მოვკალათდი და ახალნაყიდი წიგნი გადავშალე, უმალ მივხვდი, როგორ მომნატრებოდნენ ყველანი.

მეგონა, იმ ამბების შემდეგ, რაც თავს გადახდათ, მათი ცნობა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ არა…

ჯიუტი და უშიშარი ქეთნის ევერდინი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ღარიბული სახლიდან “გამარჯვებულთა სოფელში” დამხვდა გადაბარგებული, გეილთან ერთად კვლავ ტყეში აღმოვაჩინე – ისევ ბრაკონიერობენ და ხაფანგებს აგებენ. ის უცნაური ნაპერწკალიც ისევ ღვივის მათ შორის და არც ერთს არ აძლევს მოსვენებას.

(more…)

Read Full Post »

სიუზენ კოლინზი. "შიმშილის თამაშები". ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბილისი. 2012

ამ წიგნის წაკითხვას საერთოდ არ ვაპირებდი – სიტყვა “ბესტსელერს“ სკეპტიკურად ვუყურებ და იმიტომ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც გადავფურცლე. გადავფურცლე და ვეღარც გავუშვი ხელი.

ან როგორ გავუშვებდი, როცა ისეთი ჯოჯოხეთური თამაშის მონაწილე გავხდი, ნებისმიერს შოკს მოჰგვრიდა. ვნახე აპოკალიფსის შემდგომი სამყარო, ფენიქსივით ფერფლიდან აღმოცენებული სახელმწიფო და მისი რაიონები – ეკლიანი მავთულით გაყოფილი თორმეტი სექტორი, რომლებიც დღემდე ისჯებიან რამდენიმე ათეული წლის წინანდელი ამბოხისთვის. სასჯელი კი შემაძრწუნებელია – ყოველ ზაფხულს თითოეული რეგიონი ორ მოზარდს აგზავნის ტურნირზე, სადაც გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს… ვნახე, როგორ მიემართებიან სასიკვდილოდ ბავშვები მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მშობლებს არ დაავიწყდეთ – კაპიტოლიუმი ხელშეუხებელია.

არა, ეს არც ლაბირინთში ჩასაფრებული მინოტავრის მითია და არც რომაელ გლადიატორთა არენა – ეს სიუზენ კოლინზის “შიმშილის თამაშები“ გახლავთ – ერთ–ერთი საუკეთესო ანტიუტოპია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს… დახვეწილი ლიტერატურული კოქტეილი და დინამიკური სიუჟეტი, თავბრუდამხვევი პასაჟები და ძალიან, ძალიან ნამდვილი ხასიათები, იოტისოდენა სიყალბის გარეშე…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: