Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘ამერიკა’

Grant Wood. American Gothic

Grant Wood. American Gothic

“მომწონს თქვენი სახე, ერთიანად სწორი, გრძელი ხაზებისგან რომ შედგება“, – უთხრა მხატვარმა თავის დანტისტს – ბაირონ მაკკიბის. ექიმი აღფრთოვანებული არ დარჩენილა – მაინცდამაინც როდი უნდოდა, ყველას გაეგო, რომ პოზირებას აპირებდა. ფერმწერმა პირობა მისცა, რომ ვერავინ იცნობდა, თუმც სიტყვა ვერ შეასრულა – სურათზე გამოსახული მამაკაცი ძალიან ჰგავდა მენატურეს; ერთი ეგ იყო, რვაკუთხა ლინზების ნაცვლად მრგვალჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, ოდესღაც მხატვრის მამა რომ ატარებდა, ზუსტად ისეთი.

ფერმწერის უმცროსი და, ნენი, კარგა ხანს ეძებდა მაღაზიებში ძველმოდურ არშიას მოჩითული წინსაფრისთვის,  უწინ ფერმერების ცოლებს რომ ეკეთათ, მაგრამ ვერსად მიაგნო და, მაკრატელმომარჯვებული, დედის კაბებს მიადგა ასარღვევად. მერე დედისეული ბროში “პერსეფონეც“ მიიბნია ყელთან და ექიმს ამოუდგა გვერდით.

ასე დაიწყო აიოველმა გრანტ ვუდმა “ამერიკული გოთიკის“ ხატვა. იქამდე მისი სახელი მშობლიური შტატის საზღვრებს არ გასცდენია და, ალბათ, არც ამჯერად მოსვლია აზრად დიდების მოხვეჭა; უბრალოდ, ჩიკაგოს ხელოვნებათა ინსტიტუტის კონკურსში აპირებდა მონაწილეობას. იმას ხომ საერთოდ ვერ წარმოიდგენდა, რომ კირკიტა მკვლევარები მის გულუბრყვილო ქმნილებას იდუმალების საბურველში გაახვევდნენ და რაღაც უცნაურ სიმბოლოებს აღმოაჩენდნენ, რომლებზეც თავად ავტორს არც კი უფიქრია.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

TIME - XX საუკუნის ისტორია. დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე. პალიტრა L. თბილისი, 2014ორიოდე თვის წინ, თუ გახსოვთ, “პალიტრა L“-მა ამერიკული “თაიმის” საუკეთესო პუბლიკაციების გამოცემა დააანონსა.

ამაზე პოსტშიც მოგიყევით. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატსა და ხარისხზე წარმოდგენა არ მქონდა, მაინც რაღაც საინტერესოს მოლოდინში ვიყავი – ჩემს მგრძნობიარე ცხვირს მიხვედრილობა მართლაც რომ არ დაეწუნება.

მერე ჩაფიქრებული გამოცემის გარეკანის ფოტოც გამოაქვეყნეს, ამას დამაინტრიგებელი ვიდეოანონსიც მოჰყვა და ერთი კვირის წინ ფერადი მოსაწვევიც მომივიდა – პრეზენტაციაზე გეპატიჟებითო.

ასეთ ღონისძიებებზე მოხვედრას, სამსახურის გადამკიდე, იშვიათად ვახერხებ, მაგრამ ამჯერად ვიყოჩაღე და დათქმულ დროს “მარიოტის” შესასვლელთან ვიდექი.

არც მინანია – საქსოფონს მოვუსმინე, ღვინო დავაგემოვნე და ხელს ქართული “TIME”-ის პირველი წიგნიც გამოვაყოლე – “დიდი ომიდან დიდ დეპრესიამდე”.

ჰოდა, აგერ მიდევს, მაგიდაზე. მშვენიერი ხარისხის. რა, რა და პოლიგრაფიის ამბავი ასეთ პროექტებში “პალიტრას” არ ეშლება.

(more…)

Read Full Post »

Kathryn Stockett. The Helpსიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ამ წიგნში ახალი დამხვდებოდა რამე – თემამ, ღრმად პატივცემული ქალბატონი ჰარიეტიდან მოყოლებული, იმდენ ხელში გამოიარა, უკვე საკმაოდ მოძველებული და გაცვეთილი მეჩვენებოდა.

არა, რასაკვირველია, ვიცოდი, რომ სხვა ეპოქას ეხებოდა და საკითხიც სხვა ჭრილში იქნებოდა დანახული, მაგრამ მაინც… სკეპტიკურად განწყობილმა გადავფურცლე.

გადავფურცლე და სანამ ბოლომდე არ ჩავედი, ხელი აღარც გამიშვია.

ძალიან, ძალიან მომეწონა.

მწვავე სოციალურ პრობლემას კი ეხება, მაგრამ კარგი რომანივით საკითხავია და, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, წიგნის წყალობით ჩემს გაჩერებას გავცდი.

(more…)

Read Full Post »

olympics black power salute

სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელიაო – ეს გაცვეთილი ფრაზა ათასჯერ მაინც გექნებათ გაგონილი.

კაცმა რომ თქვას, ფრიად საეჭვო მტკიცებაა. სპორტი, დიახაც რომ, პოლიტიკაა და ეს ყველაზე კარგად, ალბათ, იმათ იციან, განსაკუთრებული დაჟინებით რომ იმეორებენ ხოლმე – ათლეტების ჭიდილთან პოლიტიკურ თამაშებს არაფერი ესაქმებაო.

მსოფლიო სპორტის ისტორია დიდ პოლიტიკას იმდენჯერ გადაუკვეთია, ფაქტებისა და კაზუსების გასახსენებლად კინკილა პოსტი ნამდვილად არ იკმარებს. ჰოდა, მოდით, დღეს მხოლოდ ერთ ამბავს მოგიყვებით – თქვენთვისაც საინტერესო იქნება და “მეოცე საუკუნის ფოტოისტორიასაც” განვაახლებ – კარგა ხანია, არაფერი დამიწერია.

(more…)

Read Full Post »

The Washington Post front page

ნანოტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინფორმაციის საუკუნეში, მოგეხსენებათ, ტრადიციულ ბეჭდურ გამოცემებთან ერთად, სოციალური მედიის როლიც მნიშვნელოვნად გაზრდილია. ახალ მსოფლიო ტრენდს, საბედნიეროდ, არც საქართველო ჩამორჩება და სამამულო ბლოგოსფერო, ვიღაც-ვიღაცები, ჯერჯერობით მაინც, მთლად სერიოზულად რომ არ აღიქვამენ, ოკეანეს გადაღმა სათანადოდ დააფასეს.

სექტემბრის ბოლოს, ქართველი ბლოგერები, გაზეთ “ვაშინგტონ პოსტის” ინიციატივით, აშშ-ის დედაქალაქს ეწვევიან. ამის შესახებ, საგანგებო ბრიფინგზე “ვაშინგტონ პოსტის” რედაქციის, კონგრესის  ბიბლიოთეკისა და ინოვაციური პროექტების მართვისა და მხარდაჭერის ფონდის სპიკერებმა ისაუბრეს.

თოთხმეტდღიანი ვიზიტის უკიდურესად დატვირთული გრაფიკი უკვე გაწერილია. ბლოგერები გავლენიან ამერიკულ გამოცემას და კაპიტოლიუმის ბორცვს ესტუმრებიან, შეხვდებიან ვაშინგტონელ კოლეგებს. დაგეგმილია ერთობლივი მასტერ-კლასების და ვორქშოპების ჩატარება, ნიუ-იორკის, ჰოლივუდის, დისნეილენდის და ფორტ-ნოქსის მონახულება.

(more…)

Read Full Post »

Tidal Basin bathing beach

მეგობარმა მითხრა ამას წინათ  – მეოცე საუკუნის ფოტოისტორიას განსაკუთრებული სიამოვნებით ვკითხულობ და შემაჯამებელ პოსტსაც ველოდები, მაინტერესებს, როგორი მოზაიკა დაიხატებაო.

პროექტის დასასრულამდე ჯერ ადრეა, თუმცა, ფინალურ აკორდზე მეც ვფიქრობ. არ ვიცი, როგორი გამოვა, ძალიან კი მინდა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ადექვატურიც იყოს – ოცი კადრი ყველაზე დრამატული ასწლეულის დასახატად მეცოტავება… იმას ნამდვილად ვცდილობ, არც ერთი მნიშვნელოვანი შტრიხი არ გამომრჩეს და საქვეყნოდ ცნობილ ნამუშევრებს რამდენიმე შედარებით უცნობი, თუმცა მრავლისმთქმელი ფოტოც შევურიო.

ეს სურათი, შესაძლოა, ვინმეს უშნო ხუმრობა, დადგმული სცენა ან პაროდიული შარჟი ეგონოს – იმდენად კარიკატურულად გამოიყურება. არადა, ნამდვილი ამბავია და ისტორიამ მთავარი გმირის სახელიც კი შემოგვინახა. ზორბა მამაკაცი პოლიციელი ბილ ნორტონია, პლაჟზე გამოსულა, სანტიმეტრით შეიარაღებულა და ქალბატონებს საცურაო კაბების სიგრძეს უმოწმებს – ახალი კანონით. მუხლიდან 6 ინჩზე მეტად დამოკლებული ქვედაბოლოს ტარება აკრძალულია და პორნოგრაფიად ითვლება. სურათი შუაგულ ვაშინგტონშია გადაღებული, გაგანია მეოცე საუკუნეში, 1922 წელს.

(more…)

Read Full Post »

Lunchtime atop a Skyscraper. Rockefeller Center. New York City, United States. 1932

თუ აქაურობას ხშირად სტუმრობთ და განახლებებსაც ყურადღებით ადევნებთ თვალს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ მოქალაქე ბლუმს იშვიათად ვაწუხებ და არც თქვენ გაბეზრებთ თავს აღშფოთებული, საპროტესტო პოსტებით. წიგნებზე წერა ბევრად მირჩევნია – გამოგიტყდებით და მათ სამყაროში სიმშვიდის და სინათლის ისეთი გრძნობა მეუფლება ხოლმე, რომ მომკალით და აღარ მინდა, ეს ჰარმონია რამეს დავარღვევინო. თუმცა, მხოლოდ  პოზიტივით გაჟღენთილ თემებზე საუბარიც არ გამოდის –  ზოგჯერ ისეთ სიუჟეტს გადააწყდები კაცი, გვერდს რომ ვერაფრით აუვლი…

ამ პოსტის იდეა სამიოდე თვის წინ გამიჩნდა, მაგრამ მაშინ ბლოგერულ შვებულებაში გახლდით, ევროჩემპიონატით ვტკბებოდი და გულშემატკივრობისგან დაზარალებულ ყელს ნაღებიანი ცხელი ყავით ვმკურნალობდი,  აქ კი ლამის მხოლოდ სტუმრის სტატუსით ვიხედებოდი…  არა უშავს, არც ახლაა გვიანი.

ივნისის დასაწყისში “ცხელი შოკოლადის” ვებ-გვერდზე, რომელსაც სისტემატურად ვკითხულობ ხოლმე, ანა კორძაია-სამადაშვილის ეს მცირე ჩანაწერი გამოქვეყნდა. თუ სრული ვერსია დაგაინტერესებთ, ბმულს გაყევით, მე კი ორ, ფრიად სახასიათო, აბზაცს მოგაწვდით.

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: