Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘აირენ ადლერი’

Sherlock Holmes comics. Joyas Literarias Juveniles,

მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით. ვხედავ, გვარიანად დასველებულხართ, უმჯობესია, ბუხარს მიუჯდეთ. მოგეხსენებათ, ჩვენთან, ლონდონში, ოქტომბერი კი არა, აგვისტოც არ გახლავთ მაინცდამაინც მზიანი. ქოლგა გარეთ დატოვეთ, ახლა მისის ჰადსონს ვთხოვ და ჩაის მოგვიდუღებს. ნუ მებოდიშებით, ჩემო კარგო, ამ სახლში ვიზიტისთვის უფრო გვიანი დროც შეურჩევიათ ხოლმე.

ღია ფანჯარა ნუ გაგაკვირვებთ, ახლავე დავხურავ – კვამლი იდგა და ვანიავებდი. აი, დედოფალ ვიქტორიას ეს მშვენიერი ვენზელი კედელზე ახლახანს გამოვიყვანე. მეზობლები უკვე მიჩვეულები არიან, სროლის ხმაზე ყურსაც აღარ იბერტყავენ.

თქვენის ნებართვით, ჩიბუხს გავაჩაღებ – თამბაქოს სუნი, ვიცი, რომ არ შეგაწუხებთ, ბოლოს და ბოლოს, შავ “დანჰილს“ ეწევით. ნუ მიყურებთ უზარმაზარი თვალებით, სიგარეტის კოლოფი თქვენ თვითონ არ დადეთ აქვე, მაგიდაზე? მაგრამ სიტყვამ მოიტანა და ბარემ გეტყვით, რომ დოლჩე და გაბანას light blue გყვარებიათ – კარგი არჩევანია. დიახ, დიახ, ნამდვილი მაძებარი სუნამოებშიც უნდა ერკვეოდეს – ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი ამას, სერ ჰენრი ბასკერვილს უცნაურ წერილებს რომ უგზავნიდნენ. კიდევ რა… კომპიუტერის ხშირი მომხმარებელი ბრძანდებით – მარჯვენა ხელზე, მაჯასთან, ფრიად დამახასიათებელი პატარა კოჟრი გაქვთ. შემთხვევით, დიეტას ხომ არ იცავთ? ტანსაცმელი ორიოდე ზომით დიდი მეჩვენება, თან ნათხოვარსაც არ ჰგავს – ხარისხიანი პროდუქციაა. მისის ჰადსონის კექსი მაინც უნდა შემოგთავაზოთ – ჩაის ძალიან უხდება. ჰმ… აკურატულობაზეც მინდოდა, მეთქვა ორიოდე სიტყვა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დამაბნიეთ – მობილური ტელეფონი შავ დღეში ჩაგიგდიათ, სათვალეს კი ერთი ნაკაწრიც არ ემჩნევა. მოითმინეთ, მოითმინეთ… სავარაუდოდ, სათვალეს განსაკუთრებით უფრთხილდებით, ეტყობა, მასთან ძვირფასი მოგონებები გაკავშირებთ. ნუ შეცბუნდებით, გეთაყვა, კარგ მაძებარს გაცილებით ინტიმური დეტალებიც არ გამოეპარება.

(more…)

Advertisements

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ, დეტექტივების მოყვარულ მკითხველს სათაურის დანახვისთანავე ერთი კონკრეტული ასოციაცია გაუჩნდება და გაახსენდება, რომ მანჰეტენზე, დასავლეთის #35 ქუჩაზე ცხოვრობს ჩამრგვალებული, ჭამა-სმასა და ორქიდეებზე შეყვარებული კაცი, სახელად ნირო ვულფი. ის მთელ დღეებს კაბინეტში ატარებს, კამიუს “დაცემას” და ჰომეროსის “ილიადას” კითხულობს,  გარეთ გამოსვლას ვერ იტანს, ხოლო ყოველგვარი ტრანსპორტი ფანატიკურად სძულს. თუ მაინცდამაინც გარისკა და ავტომობილით მგზავრობა გადაწყვიტა, საჭესთან აუცილებლად მისი მარჯვენა ხელი, შეუცვლელი თანაშემწე, პირადი მცველი და უამრავი სხვა ფუნქციის შემთავსებელი არჩი გუდვინი უნდა იჯდეს. ყოველდღე, რამდენიმე საათით ვულფი სახლის სახურავზე, ორანჟერეაში, თავის საყვარელ ორქიდეებს სტუმრობს და ერთადერთი, ვისაც ამ დროს მასთან საუბარი შეუძლია, მებაღე თეოდორ ჰორსმანია. ასევე არ გირჩევთ, დახვეწილ გურმანს მაშინ ესტუმროთ, როდესაც ის პირადი მზარეულის – ფრიც ბრენერის მიერ მომზადებულ კულინარიულ შედევრს აგემოვნებს.

ვულფი ყველაზე ზარმაცი ადამიანია ამქვეყნად – დროის დასაზუსტებლად კედელზე ჩამოკიდებული საათისკენ თავის მიბრუნებაც კი ეზარება. გუგულის როლს ისევ და ისევ ერთგული არჩი გუდვინი ასრულებს ხოლმე. დღის განმავლობაში ვულფი უზომოდ ბევრ ლუდს მიირთმევს და ბოთლის თავსახურებს გულმოდგინედ აგროვებს; თამბაქოს სუნს იმდენად ვერ იტანს, რომ საკმარისია, მის კაბინეტში სიგარეტს მოუკიდოთ, ჰონორარის თანხას მაშინვე ორიოდე ნული ემატება. ერთი სიტყვით, ჩერნოგორიაში დაბადებული ამერიკის მოქალაქე ნირო ვულფი იოლად და სასიამოვნოდ საურთიერთო ადამიანთა რიცხვს აშკარად არ მიეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სტუმრების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის და არც არის გასაკვირი –  ის ხომ ერთ-ერთი უდიდესი დეტექტივია მათ შორის, ვისაც კი ოდესმე წიგნის ფურცლებზე უცხოვრია…

(more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: