ნანატრი გაზაფხული, როგორც იქნა, დადგა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოლის ვერანდაზე ჟრიამულის, სასუსნავების, ცხელი ჩაისა და ყავის და, რა თქმა უნდა, კულინარიული ისტორიების დროა.
ჩემს სტუმრებს სტუმრები აღარც ეთქმით – ყველა იმდენად შინაურია, რომ შეპატიჟება აღარ სჭირდებათ, უჩემოდაც მშვენივრად იციან, სად პლედის პოვნა შეიძლება, სად – ნუგბარისა. გამოგიტყდებით, ძალიანაც მიხარია, ვერანდაზე ასე გემრიელად მოკალათებულებს რომ გხედავთ. ისღა დამრჩენია, ცხელი სასმელი შემოგთავაზოთ (აპრილის კვალობაზე მაინც უჩვეულოდ გრილა) და დღევანდელი თავყრილობისთვის საგანგებოდ მომზადებული ლიმონიანი ჩიზქეიქი ჩამოვარიგო ფერად-ფერადი თეფშებით.
დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ეს უგემრიელესი დესერტი აქამდე ჩემსავით წმინდა წყლის ამერიკული ეგონა. ჰოდა, ოლოლი თქვენ! თურმე პირველი ჩიზქეიქებით ბერძენი ოლიმპიელები იტკბარუნებდნენ პირს ჯერ კიდევ VIII-VII საუკუნეებში, მერე ასპარეზზე გამოდიოდნენ და ვისაც მეტი ჩიზქეიქი ჰქონდა მირთმეული, ბურთიც მისი იყო, მოედანიც და დაფნის გვირგვინიც. ასე გვიამბობს კატონი-უფროსი თავის ნაშრომში მიწათმოქმედების (გაგეცინებათ, მაგრამ ასეა) შესახებ.