ასტრიდ ლინდგრენის უკვდავი “Pippi Långstrump” 1965 წელს რუსულად ითარგმნა,
1973 წელს – უკვე ქართულად. მთავარ გმირს, წესით და კანონით, ორიგინალის შესაბამისად, პიპი უნდა რქმეოდა, მაგრამ რუსებმა (შემდგომ კი ჩვენც) სახელი ოდნავ შეასწორეს – არაკეთილხმოვანების გამო.
პეპის ქართველ “დედას”, ეთერ კუბლაშვილს, სამწუხაროდ, მემუარები არ დაუწერია. სამაგიეროდ, რუსული მთარგმნელობითი სკოლის კლასიკოსის, ლილიანა ლუნგინას მოგონებებია ხელმისაწვდომი და მადამ ლუნგინა პირდაპირ ამბობს, პიპი რაღაცნაირად ჟღერდა, რა გვექნაო. ჰოდა, წითელნაწნავიანი, ჭორფლიანი გოგო ჩვენც თავიდანვე პეპიდ გავიცანით, მივეჩვიეთ და შევიყვარეთ.
ქართულ ვინი პუჰს თავიდანვე უცნაური ბედი დაჰყვა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როგორც ჩემი ჩიბათელი ბებია იტყოდა, მარცხი ელანძეა, მაგრამ გაგანია მეოცე საუკუნეში ავტორის სახელი (სამჯერ!) როგორ უნდა შეგეშალოს, ვერ ვხვდები.
სიმართლე გითხრათ, ქართულ ენაზე წაკითხული პირველი წიგნი არც მე მახსოვს –
ანბანი ჩემით ვისწავლე სკოლაში წასვლამდე და მას შემდეგ სულ რაღაცას ვკითხულობდი – ჟურნალ-გაზეთებს, ანეკდოტებს, ნეკროლოგებს, ლექსებს, ზღაპრებს… სადაც ქაღალდის ნაგლეჯს წავაწყდებოდი, ოთახში მივარბენინებდი და უფროსების შეკავებული ფხუკუნი ძალიანაც მწყინდა ხოლმე.
ყველაზე ცხადად მაინც მაყვალა მრევლიშვილის ლექსები მაგონდება, მხიარული ნახატებით და პეტრე ერშოვის “კუზიანი კვიცი“ – ყდაზე უზარმაზარი ვეშაპი რომ ეხატა ზურგზე გაშენებული ქვეყნიერებით. საოცრად ამაყი და გაბღენძილი ვიყავი, ორივე რამდენჯერმე დამოუკიდებლად რომ მქონდა გადაბულბულებული. არც გოჭი გოჭანჭურის გამოთქმაზე მებორკებოდა ენა, ჭანჭიკელას ამბავსაც სხაპასხუპით ვკითხულობდი და ივანის სალახანა ძმებს – დანილოსა და გავრილოსაც მშვენივრად ვიცნობდი.
შეგიმჩნევიათ, ძველი წიგნების ფასი თბილისის უბნების მიხედვით რომ იცვლება?
ერთსა და იმავე წიგნს გლდანში ერთი ფასი აქვს, დელისთან და პეკინზე – მეორე, რუსთაველზე და თავისუფლებაზე – მესამე, პირველზე ლამის სამჯერ მეტი. ძვირ იჯარას დავაბრალებდი, მაგრამ დახლები და სტენდები ქუჩაში აქვთ გაშლილი და ქუჩაში დგომისთვის ფულს, წესით, არც არავინ უნდა ითხოვდეს.
სინამდვილეში მიზეზი ვიცი. თავად ბუკინისტებს უთქვამთ არაერთხელ, ტურისტული ზონაა და ეს უნამუსო ფასებიც ტურისტებისთვისააო.
ისე, კაცმა რომ თქვას, რა ჩემი საქმეა, წიგნები მათია და რამდესაც უნდათ, იმდენს დააფასებენ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ოღონდ, ზოგჯერ ისეთს დააბრეხვებენ, არ იცი, გაბრაზდე თუ იცინო
ბოცო, გვანცა, ბოლოკა და ყვანჩალა
უსაყვარლეს, საუკეთესო მხატვრების მოხატულ, საბავშვო ლექსებით, პატარ-პატარა
მოთხრობებით, სახალისო რუბრიკებით, ათასნაირი გამოცანებით, შარადებით, ფერადი კროსვორდებითა და რებუსებით სავსე ჟურნალს დროდადრო უცხო, უცნაური და განსაკუთრებული ნუგბარიც მოჰყვებოდა. გადავშლიდით შუა ფურცლებს და ნახატებით მოყოლილ თავშესაქცევ ამბებს ვკითხულობდით.
კომიქსი რას ნიშნავდა, მაშინ არ ვიცოდით, სიტყვაც არ გაგვეგო, მაგრამ “დილას” ბევრი ზუსტადაც რომ გია ლაფაურის შედევრების ეშხით ელოდებოდა
ლექსი და მოთხრობა ბევრჯერ დამვიწყებია და გასახსენებლად გადაკითხვა
დამჭირვებია. ნახატები – თითქმის არასოდეს.
განსაკუთრებულს არაფერს არ ვამბობ, ამერიკა ხელახლა არ აღმომიჩენია, თვალწარმტაცად მოხატული წიგნების მაგიის ამბავი ყველა პატარა მკითხველს გადასარევად მოეხსენება.
თუმცა რატომ მხოლოდ პატარებს. დავბერდი და სურათებიანი წიგნები ისევ ძალიან მიყვარს, დღესაც უდიდესი სიამოვნებით ვფურცლავ და ვათვალიერებ. ფერად ქინდლს (რიდერს და არა პლანშეტს) ზუსტადაც რომ ილუსტრაციების ეშხით ველოდები.
ბუკინისტურ სტენდებს რომ დააკვირდეთ, წინა პლანზე, საუკეთესო ადგილას
კლასიკად მიჩნეული სქელ-სქელი ტომებია ჩამომწკრივებული. ფერად-ფერადი საბავშვო წიგნები კუთხეშია მიწყობილი, ისე, სასხვათაშორისოდ, “გვაქვს და ხომ არ გადავყრით” პრინციპით.
ფასებიც, როგორც წესი, სასხვათაშორისოა.
ამგვარი უსამართლო დაყოფა, სულო ცოდვილო, სადღაც მაწყობს კიდეც. ტანსქელი და სერიოზული კლასიკა ნაკლებად მადარდებს, ცენტრალურ თაროებზე დროს არ ვკარგავ, კუთხეში მიწყობილ ჭრელაჭრულა წიგნებში ვიქექები და ზოგჯერ სასწაულ რაღაცებს ვპოულობ სასწაულ ფასად.
სანთლის შუქზე წაკითხული წიგნების თაობა
მოკლედ, ვისხედით ჩაბნელებულ ოთახებში, როგორღაც გამთბრები და რის ვაივაგლახით დაპურებულები, გვენთო სანთელი, გვედო წინ ძველი წიგნები, ან ახალს
თუ ვიშოვიდით სადმე და ვითხრიდით თვალებს.
გასართობ საკითხავს, სქელ-სქელ რომანებს, დეტექტივებს და ფანტასტიკას, ვინ ჩივის, ოთხმოცდათხუთმეტში აბითურიენტი გახლდით, სამეცადინო მქონდა და მეცადინეობაც სანთლის შუქზე მიწევდა. ბინაში ერთადერთი სამზარეულო თბებოდა, მთელი ოჯახი იმ სამზარეულოში ვიყუჟებოდით, შუქი, რა თქმა უნდა, არ იყო, ენთო სანთელი და ვსწავლობდი შუშანიკის წამებას და რომანტიკოსებს.
სამსახურის გზაზე და შაბათ-კვირის ნეტარი ბოდიალის მარშრუტებზე ზეპირად ვიცი, სად რომელი ბუკინისტი ბინადრობს, ვინ რომელ საათზე გამოდის სამუშაოდ და
რომელამდე რჩება. ბუკინისტური სტენდი მაღაზია არ არის, გრაფიკი არ აქვს, არც კატალოგს გამოსცემს, ზოგჯერ წვიმა უშლით ხელს და სხვა საქმეც გამოუჩნდებათ ხოლმე, მაგრამ დაახლოებით მაინც ვხვდები, სად რას ველოდო.
ვორონცოვზე, მაგალითად, ბუკინისტური წიგნის სახლში, ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა შეიარო. ისეთი რაღაცები მოეპოვებათ, სხვაგან ვერ ნახავ. “დინამოსთან” ხშირად არც კი იციან, რას ყიდიან და წიგნებს სისქის, იერსახის, ეფექტური ყდის მიხედვით აფასებენ. რუსთაველზე და თავისუფლებაზე ძველ წიგნებს ცეცხლი უკიდია. შვიდი ლარიო, დააბრეხვებენ, გახედავ ცერად და კარგი, სამად წაიღეო. მერე სიცილით ამატებენ, შვიდი ლარი ტურისტების ფასიაო.
ოცდამეერთე საუკუნეა, ხელოვნური ინტელექტის ეპოქა, ხალხი მარსის კოლონიზაციას გეგმავს, საგამომცემლო საქმეც სხვა სიმაღლეებზეა, ცენზურა აღარ არსებობს (ფორმალურად
მაინც), ყველაფერი ხელმისაწვდომია, სათარგმნ ლიტერატურასაც სხვანაირად, უკეთ არჩევენ, თარგმანის ხარისხიც ერთიორად გაზრდილია (მთარგმნელი ჯეკ მფატრავების პრობლემა მაინც გვიდგას, ოღონდ ეს უკვე სხვა, სევდიანი ბლოგების თემაა), პოლიგრაფია წინაა წასული, დიზაინსაც მეტი ყურადღება ექცევა, კრეატივი მეტია, ბოლოს და ბოლოს, ხათუნა ცხადაძე, ქეთი ქანთარია, ლია ჩლაიძე, ანი კოპალიანი, ნიკა სამუშია, სალომე ბენიძე გვყავდა და გვყავს და უცნაური იქნებოდა, თანამედროვე პროდუქტი ორმოცი ან ორმოცდაათი წლის წინანდელზე უარესი იყოს.
თუმცა, ახლავე შემიძლია ახალი გამოცემების ჩამოთვლა, ძველთან ახლოსაც რომ ვერ მივა და ძალაუნებურად გაფიქრებინებს, ამათ ავტორებს, მთარგმნელებს, რედაქტორებს, დიზაინერებს კარგად გამოცემული წიგნი თვალით არ უნახავთო.
მულტფილმები, რომლებსაც ვკითხულობდით
ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი წიგნია. ოღონდ მხოლოდ ერთი შეხედვით.
სათაურიც მარტივი აქვს – “ფილმი-ზღაპრები”. სინამდვილეში, ფილმების კი არა, მულტფილმების სცენარებია.
ცხრა წლისას მაჩუქეს. იმ დროს წიგნებს ჩემითაც გადასარევად ვყიდულობდი ბათუმში, შაუმიანის ქუჩაზე, ციცქნა წიგნების მაღაზიაში, მაგრამ ამას, რატომღაც, ავცდი. დედამ მომიტანა.