Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Archive for the ‘Me’ Category

 

summer-vacation-graphics_21-444

მოლის დასვენების დროც მოვიდა.

სექტემბრამდე ბლოგერულ შვებულებაში გავდივარ.

ოღონდ არ მითხრათ ახლა, რა დროს არდადეგებიაო, კითხვა ახლა დავიწყეთო, ორი თვე ნამეტანიაო და, საერთოდ, ისედაც ცოტას წერდი და სულაც არ დაღლილხარო…

ჰო, მართალია,  წელს უფრო ადამიანურ ფორმატზე გადავედი და ამოვისუნთქე, მაგრამ კვირაში ორ პოსტსაც მუშაობა სჭირდება; აბა, ნახევარფაბრიკატებს ხომ არ ვაკადრებ ოქროსავით მკითხველს?!

თან ფეხბურთია, ეს ოხერი… ჭეშმარიტი სნობები ამტკიცებენ, ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყებაო. ჩემი ფავორიტები კი გაიკრიფნენ ბრაზილიიდან, მაგრამ მუნდიალი მაინც მუნდიალია და ვერაფრით გამოვტოვებ. ხომ ხედავთ, რა მერვედფინალებია, წყვეტა-გლეჯაა სტადიონებზე; ხმა მომივიდა, მეოთხედფინალები კიდევ უფრო მაგარი იქნებაო და მინდა, მშვიდად ვუყურო, ყავის, სიგარეტისა და ალუბლის ტორტის თანხლებით, ისე, რომ  წამდაუწუმ საათისკენ არ გამირბოდეს თვალი – ემანდ პოსტის გამოქვყნების დრო არ გამომეპაროს-მეთქი და მერე გულგახეთქილს არ მიწევდეს წამოვარდნა – ვაიმე, ხუთი წუთიღა დარჩენილა-მეთქი; სულო ცოდვილო, კი დამემართა ერთხელ.

(more…)

Read Full Post »

GOT board game

მშვენიერი რამაა ეს “ამაზონი”.

ამერიკა არ აღმომიჩენია, ადრეც მშვენიერი იყო ალბათ, უბრალოდ, მე არ ვიყენებდი. რაც მჭირდებოდა, თბილისშიც მოიძებნებოდა და მერე, ხომ იცით, ლოდინზე უარესი არაფერია. ჰოდა, ლოდინი მეზარებოდა სწორედ. რა ვქნა, სული ცხვირში მაქვს – ახალი სათამაშო მაშინვე უნდა ჩავიხუტო გულში და შინ წამოვაცუხცუხო; ადგილი მოვუძებნო, შემოვასკუპო თაროზე და ხშირ-ხშირად გავხედო  – ნამდვილად აქ არის თუ არა.

მოკლედ, ასეთი ნელთბილი დამოკიდებულება მქონდა ონლაინ შოპინგის მიმართ, მაგრამ მერე და მერე რაღაცები შეიცვალა.

ქინდლს“, მაგალითად, მხოლოდ “ამაზონზე” ვყიდულობ. თბილისში სად იყიდებაო, რომ მკითხოთ, ვერც გიპასუხებთ. მარტივი გზაა, კომფორტული და, რაც მთავარია, მშვიდად არეგისტრირებ, რეგისტრირებულ “ქინდლს” კი უამრავი პატარ-პატარა უპირატესობა აქვს.

კიდევ – მაგნიტები, სუვენირები, წიგნები…. ვინ მოთვლის! “ამაზონს” საყვარლობები არ დაელევა და მოლის – ფანტაზია. საკმარისია, რამე გამახსენდეს, გაგანია მუშაობაშიც რომ ვიყო, მაშინვე ძებნას ვიწყებ, ვპოულობ, ვათვალიერებ, მეგობრებს ვუგზავნი, ვეზუზუნები, საექსპერტო დასკვნას ვითხოვ და ვიწერ.

დღეს კი მართლა დიდი დღეა – განსაკუთრებულ სათამაშოზე უნდა მოგიყვეთ. აბა, სურათს ახედეთ. დიახ, დიახ, სწორედ ის არის – A Game of Thrones: The Board Game Second Edition.

(more…)

Read Full Post »

contract bridgeმოლის თავს ახალი ამბავია – ბრიჯის სწავლა დავიწყე.

აი, იმ ბრიჯის, კონან დოილის, კრისტის, ჩეიზის გმირები რომ თამაშობენ მყუდრო კლუბებში, კარგი კონიაკის და სიგარის თანხლებით.

ახლა, ბავშვობიდან ამაზე ვოცნებობდი-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგა ხანია, თავში მიტრიალებდა. ცოტაოდენი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და რაღატომ გადავდო…

სახელმძღვანელოები მაინცდამაინც უხვად არ მოიპოვება. არადა, რთულ ამოცანას რომ შევეჭიდე, ამას თანდათან უფრო ვხვდები. ერთ მშვენიერ საიტს მივაგენი, ახალბედებისთვის ზედგამოჭრილს. მივყვები ნელ-ნელა. ინტერაქტიული პროგრამაც მაქვს და დასაწყისისთვის, მგონი, საკმარისია…

უკვე ვიცი, რას ნიშნავს კონტრა, რეკონტრა, გეიმი, რობერი, მაჟორი და მინორი, რენონსი, ფალშრენონსი, ქულებსაც ვითვლი (ჯერ გაჭირვებით)… გაისად ამ დროს პირველ წარმატებებზეც გიამბობთ. რაღა ბრიჯი გისწავლია და რაღა ერთი მსუყე საგნის საუნივერსიტეტო კურსიო, ადრე მითხრეს და, მგონი, მართალია.

(more…)

Read Full Post »

acharuliერთი კვირაა, ავად ვარ.

ექიმმა, სერიოზული არაფერიო. ბრონქიტია და თავს მიხედეო.

მეც დავუჯერე, ცოდვა გამხელილი ჯობია და არცთუ უწადინოდ – ბოლოს ავადმყოფობის და ლოგინში კოტრიალის უფლება როდის მივეცი თავს, აღარც მახსოვს. სამსახურს დავეთხოვე, ფუმფულა ბალიშები შემოვიწყვე; ვწევარ ჩემთვის, წამლებს მორჩილად ვყლაპავ, გვერდით ტელევიზორის პულტი მიდევს,  რის სანახავადაც აქამდე დრო არ მრჩებოდა,  ყველაფერს ერთად ვუყურებ და ვერაგ დაავადებას ასე ვებრძვი.

აქვე ვაღიარებ, მთლად უსიამოვნო პროცესი ნამდვილად არ არის, ოღონდ, ბულიონით და გრეიპფრუტის წვენით თავმობეზრებულს, გემრიელი სასუსნავი მენატრება. თან ისე, რომ სხვა რაღაცებზე ფიქრის თავიც არ მაქვს, წერის ხომ  – მით უმეტეს… ჰოდა, დღეს თქვენც ამაზე მოგიყვებით – აჭარულ ხაჭაპურზე.

თავიდანვე გეტყვით – ხაჭაპური ყველანაირი მიყვარს: იმერული – ჟანრის კლასიკა; მშობლიური მეგრული, კვერცხგადასმული და ყველმოფხვნილი; ლაზური – ზემოდან შემოწყობილი სულგუნის ვეებერთელა ნაჭრებით; ფენოვანი, ლაღიძის წყლებს რომ ვაყოლებდით ბავშვობაში; დეიდაჩემის საფირმო, მაწვნით მოზელილი… ასე განსაჯეთ, სკოლის სასადილოს “ყველიანი ხელით” გაკეთებული მინიატურული ხაჭაპურებიც კი გემრიელად მაგონდება. მაგრამ აჭარული სულ სხვაა…

(more…)

Read Full Post »

my christmas tree

ძვირფასო სანტა!

ტრადიციები და რიტუალები რომ მიყვარს, ძველი ამბავია და, მგონი, ბლოგსაც ეტყობა, მაგრამ ერთი განსაკუთრებით მესიმპათიურება. ზუსტად შარშანწინ პირველად მოგწერე წერილი. გამოგიტყდები, დიდი იმედი არ მქონია, რომ  შენამდე მოაღწევდა, მაგრამ, სასწაულები თურმე მხოლოდ ზღაპრებში არ ხდება…

ჯერ მაშინ ამივიდა შუბლზე თვალები, სამ იანვარს, ბლოგის დაბადების დღეზე, ერთის ნაცვლად ორი სანტა რომ მესტუმრა (მეორე, ალბათ, კანადიდან) და მეორედ იმ დღეს უნდა გენახა ჩემი გაოცება, საახალწლოდ შენი პასუხი რომ მომიფრიალა ფოსტამ,  იქნებ, გესტპოსტად გამოგადგესო.

მოკლედ, ერთი ძველი ფილმისა არ იყოს, ყოველ ახალ წელს – არა, აბანოში რა დამრჩენია – ან შენ გწერ, ან შენს ბარათს ვკითხულობ…

ოღონდ, შენ კი იცი და, მკითხველმა ისე არ გამიგოს, თითქოს მხოლოდ დეკემბრის მიწურულს გეხმიანებოდე. მეგობრებთან ასე მოქცევა ვის გაუგონია! ტელეფონის ნომრები დიდი ხანია გავცვალეთ და ლაპლანდიასთან დაკავშირებაც არ მიჭირს. ახლა, მთელ მიმოწერას ვერ გამოვაქვეყნებ, უხერხულია, მაგრამ იმას კი უნდა მოვყვე, ბათუმში რომ გნახე, ამ ზაფხულს.

(more…)

Read Full Post »

dadiani palazzioოჯახური ლეგენდის თანახმად, სამი წლისას, სოფლიდან დაბრუნებულს, გაკვირვებით მითქვამს – მამა სულ მთლად გარუსებულა, რუსულად ლაპარაკობს-მეთქი.

რა მექნა, პატარა ვიყავი მაშინ, ქართულის გარდა მხოლოდ რუსულის არსებობა ვიცოდი და ის ენა, მამა, ბებიები და მეზობლები რომ ლაპარაკობდნენ, ქართულს ვერაფრით მივამსგავსე.

ცხადია, მაშინვე ამიხსნეს, რომ ეს რუსული კი არა, მეგრული იყო – ჩემი მეორე მშობლიური ენა, რომელსაც აუცილებლად ვისწავლიდი.

მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. შინ ქართულად ვსაუბრობდით, ბათუმში, გასაგები მიზეზების გამო, დიდი პრაქტიკა ვერ მექნებოდა და სამეგრელოში გატარებული ზაფხულის არდადეგები მაინცდამაინც ვერ შველოდა საქმეს. თუმცა სისხლის ყივილს დროდადრო, ეტყობა, მაინც ვგრძნობდი და მუსიკალურის მეორე თუ მესამე კლასში, კონცერტზე, “ცირას” განსაკუთრებული გზნებით ვუკრავდი.

(more…)

Read Full Post »

at night

ჭამა სიამოვნებაა. დიდი სიამოვნება.

გავკადნიერდები და დავამატებ – სხვა რამ ძნელად რომ შეედრება, ისეთი.

ახლა მთლად თათქარიძეობის აპოლოგიას ნუ დამწამებთ, იმ სხვა რაღაცების გემოც კარგად ვიცი, მაგრამ კულინარიული ორგია მაინც სულ სხვაა.

ყველგან და ყოველთვის. წყალი არ გაუვაო, სწორედ ამისთანა ჭეშმარიტებებზეა ნათქვამი.

დილით საწოლში რომ მოგართმევენ ქაფქაფა ყავას და თბილ-თბილ კრუასანს, შაბათ დღეს თორმეტი საათისთვის რომ აიზლაზნები საწოლიდან და მაგიდაზე ახალგამომცხვარი აჭარული ხაჭაპური დაგხვდება,  ლანჩზე საყვარელ კაფეში რომ გავარდები სამსახურიდან, პარასკევ საღამოს სტეიკის თანხლებით რომ ატარებ, პირველ თოვლს “შუბით”, რუსული ბლინებით და სტროგანინით აღნიშნავ და ახალ ბლოგპოსტს მექსიკური კარტოფილისა და Lungo Leggero-ს თანხლებით წერ, საღამოს კი კომპიუტერს უზიხარ ჩაის გამჭვირვალე ფინჯნითა და ქიშმიშიანი კექსის ბარაქიანი ულუფით ხელში…

(more…)

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »

%d bloggers like this: